რატომ გვეხვევა თავბრუ? - კვირის პალიტრა

რატომ გვეხვევა თავბრუ?

თავბრუსხვევა არის სივრცეში საკუთარი სხეულის ან ირგვლივ არსებული საგნების მიმართ მოძრაობის შეგრძნება.

რა შეიძლება იყოს თავბრუსხვევის მიზეზი?

ვირუსული ინფექცია (გაციება, გრიპი); თავის ტვინის იმ ნაწილისთვის სისხლის ნაკადის შემცირება, რომელიც წონასწორობის დაცვაზე აგებს პასუხს, კერძოდ, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში; თავის ტრავმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა; ალკოჰოლისა და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება; შაკიკი.

იშვიათად: ეპილეფსია; მენიერის დაავადება.

რით გამოიხატება თავბრუ?

მოძრაობის (ტრიალის) ილუზიით, განსაკუთრებით - ადგომის ან თავის მიბრუნების დროს; წონასწორობის დარღვევით; გულისრევით, ღებინებით; ყურების შუილით.

რა შეიძლება ვიღონოთ ამ დროს?

ერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს და ალკოჰოლის მიღებას. ხშირი ან ძლიერი თავბრუსხვევის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

როგორ იქცევა ექიმი?

ის გამოიკვლევს პაციენტს და დაადგენს თავბრუსხვევის მიზეზს, შეეცდება, დანიშნოს შესაბამისი თერაპია და აღმოფხვრას ეს უსიამოვნო მდგომარეობა.

როდის არის საშიში თავბრუსხვევა?

უბრალო თავბრუსხვევა, ჩვეულებრივ, საშიში არ არის, თანმხლები სიმპტომები კი სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებს.

რამდენიმე კითხვა თავბრუსხვევის შესახებ:

არის თუ არა საშიში?

უმეტესად ეს სიმპტომი საშიში არ არის, მაგალითად, მაშინ, როდესაც თავბრუსხვევა გამოწვეულია გადაღლით, კომპიუტერთან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ჯდომით. აქ გამოსავალი ერთია - მუშაობისას საათში ერთხელ მაინც უნდა შევისვენოთ: წამოვდგეთ, ავმოძრავდეთ, შევასრულოთ მარტივი ვარჯიში, მაგალითად, ავწიოთ და დავუშვათ ხელები. მდგომარეობის სწრაფი შეცვლისას, მაგალითად, სწრაფად ადგომისას, ორგანიზმმა შესაძლოა ვერ მოასწროს ორიენტირება, ამიტომ მკვეთრ მოძრაობებს უმჯობესია ერიდოთ.

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს უჩვეულო ექსპერიმენტი, დაადგინეს, რომ თავბრუსხვევა შეიძლება გამოიწვიოს... იატაკის ფერმაც. მათ დასვეს 22 ადამიანი და აიძულეს, ეყურებინათ თავდაპირველად რუხი, მერე კი შავ-თეთრი იატაკისთვის. პირველ შემთხვევაში საკვლევი პირები, გარდა მოწყენილობისა, არაფერს შეუწუხებია. სამაგიეროდ, შავ-თეთრი იატაკის ყურებისას ექსპერიმენტის მონაწილეებმა დაიჩივლეს, რომ თავბრუ დაეხვათ და გულისრევის შეგრძნება დაეუფლათ. ასე რომ, ინტერიერის შერჩევისას გაითვალისწინეთ აღნიშნული ექსპერიმენტის შედეგი და იყავით ფრთხილად.

თავბრუ ხშირად ეხვევათ ასაკოვან ადამიანებს. სხვადასხვა მონაცემით, 60 წელს გადაცილებული ყოველი მეოთხე პაციენტი თავბრუსხვევას უჩივის. ეს დაკავშირებულია სისხლძარღვების ასაკობრივ ცვლილებებთან. თავბრუსხვევა შესაძლოა თან ახლდეს გრიპს ან გაციებას. ასე მაშინ ხდება, როდესაც ვირუსი აზიანებს ვესტიბულურ აპარატს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ჩვეულებრივი თავბრუსხვევის უკან, მეტადრე მაშინ, თუ ის პერიოდულია, შესაძლოა უამრავი სერიოზული პრობლემა იდგეს, მათ შორის - ონკოლოგიური დაავადება, ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, შიგნითა ყურის პათოლოგია. ხშირად თავბრუსხვევა გულის დაავადებასთანაა დაკავშირებული. ასეა თუ ისე, დამოუკიდებლად ამ პრობლემის მიზეზს ვერ დაადგენთ, აუცილებელია ექიმ ნევროლოგთან მისვლა.

იკურნება თუ არა?

ბევრი წლობით ითმენს თავბრუსხვევას, მიაჩნია, რომ ექიმთან ვიზიტი უსარგებლოა. სინამდვილეში, თავბრუსხვევა იკურნება. მის სამკურნალოდ იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენს ვესტიბულურ აპარატზე, ხსნის თავბრუსხვევის თანმხლებ დამთრგუნველ სიმპტომატიკას: გულისრევას, ღებინებას, შიშისა და პანიკის შეგრძნებას - და მძიმე შემთხვევებშიც კი ეფექტურია. მკურნალობაში შეიძლება ჩაერთოს სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამები, ვარჯიშები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ინფორმაციის მიწოდებას აწესრიგებს. თუ თავბრუსხვევა მხედველობის დარღვევებითაა განპირობებული, ექიმმა შესაძლოა ოპტიკური კორექცია შემოგთავაზოთ. ამ შემთხვევაში მიზეზის დასადგენად იყენებენ თვალების მოძრაობის კომპიუტერულ და ვიდეოგრაფიულ რეგისტრაციას: აპარატურა აფიქსირებს თვალების რეაქციას სხვადასხვა ტესტზე. დამატებით ტარდება სმენითი ფუნქციის გამოკვლევა. ზოგჯერ ინიშნება თავის ტვინის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, სისხლძარღვების, ენდოკრინული სისტემის გამოკვლევა, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და სხვა.

თავბრუსხვევისას სწრაფად უნდა წამოვწვეთ?

უფრო მართებული იქნება, თუ ჩამოვჯდებით. დაწოლისას მკვეთრად იცვლება თავის ტვინში სისხლის მიდენა, რაც ასევე არ არის კარგი. სისხლის მიმოქცევისთვის უფრო ფიზიოლოგიური მდგომარეობაა ჯდომა. თუ თავბრუ გეხვევათ, ურიგო არ იქნება, წნევა გაიზომოთ. თუ წნევა მაღალია, მიიღეთ წნევის დამწევი საშუალება, თუ ნორმაზე დაბალი (100-ის ქვემოთ) - დალიეთ მაგარი ჩაი, ყავა და დაისვენეთ. თუ თავბრუსხვევა ხშირად გაწუხებთ, ნუ გადადებთ ექიმთან (ნევროლოგთან) ვიზიტს.

ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს

ექიმი თამარ მამაცაშვილი