„შშმ პირები ათასგვარ დისკრიმინაციას ვაწყდებით“
"შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს", - ამ ბანალური ფრაზის ჭეშმარიტებაში შშმ პირები ყოველ ნაბიჯზე გვარწმუნებენ. მართალია, ჩანაფიქრის ასასრულებლად უფრო მეტი შრომა უწევთ, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც აღწევენ. ჩვენი სტუმარია თელაველი მაგდა ბეჟანიშვილი, რომელიც გვიყვება, რა პრობლემებს აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში:
- ძალიან ლაღი, მხიარული ბავშვობა მქონდა. ჩემს ტოლებთან საერთო ენის გამოძებნა არ გამჭირვებია, რადგან დედა ხშირად მიმეორებდა, რომ სხვებისგან განსხვავებული არ ვიყავი. ალბათ, ამიტომაც ჩემი მეგობრებისგან გარიყული არ ვყოფილვარ. სულ სხვა სიტუაცია დამხვდა უსინათლოთა სკოლაში. ეს იყო ადგილი, სადაც უდედობა, სიცივე და ძალადობა სუფევდა. 10 წლის ვიყავი, იმ ჯოჯოხეთში რომ მოვხვდი. ერთადერთი სასიამოვნო მოგონება იმ წლებიდან ის არის, რომ კარგი მეგობრები შევიძინე.
- სკოლის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
- მუსიკა ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე. უნივერსიტეტში ჩაბარებაც მინდოდა, მაგრამ ვერ ჩავაბარე, რადგან ჩვენს ქვეყანაში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო არ იყო და ახლაც არ არის. ძალიან მინდოდა ჟურნალისტი გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავისრულე, რადგან საქართველოში შშმ პირისთვის განათლების მიღება რთულია. კიდევ უფრო რთულია სამსახურის შოვნა, რადგან დამსაქმებლების უმრავლესობა შშმ პირს თანამშრომლად ვერ აღიქვამს. გასაუბრებაზე დაგიბარებენ და რომ გაიგებენ, შშმ პირი ხარ, ზრდილობიანად გემშვიდობებიან.
ბევრი ვერ ხვდება, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი პლუს-მინუსები, ცოდნა და შესაძლებლობები, რომელთაც ჩვენი საზოგადოება, გარემო და კანონმდებლობა გვიზღუდავს. ათასგვარ დისკრიმინაციას ვაწყდებით: ჩვენთვის არ არსებობს ადაპტირებული გზები, მაღაზიები, სამედიცინო დაწესებულებები, ტრანსპორტი და ა.შ... რაც მთავარია, ადამიანებს არა აქვთ ჩვენთან მოქცევის ეთიკა.
რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა საწარმო, სადაც შშმ პირებს დავასაქმებდით. მივედით თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან და ჩვენი იდეა გავაცანით. ძალიან მოეწონა და დაგვპირდა, რომ საწარმოსთვის ფართობს გამოგვიყოფდა. ადგილი შევარჩიეთ და პარალელურად პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა და დაფინანსებაც მოგვცეს, მაგრამ სულ ამაოდ: მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და მერიას დაპირებული ფართობი ჯერაც არ მოუცია.
ასე დავკარგე დაფინანსებაც და საწარმოც, მაგრამ ბრძოლა მაინც არ შემიწყვეტია. დღესაც გვპირდებიან, ყველაფერი კარგად იქნება, უნდა მოიცადოთო. ეს ლოდინი როდემდე უნდა გაგრძელდეს, არ ვიცი...
- მაგდა, თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახზეც მოგვიყევით.
- ჩემი მეუღლე, გიო მეშველიანი, 2012 წელს გავიცანი. ოთხი წლის განმავლობაში კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ჩვენ შორის ყოველთვის იყო რაღაც, მეგობრობაზე მეტი. ჩემი თავისთვის ხშირად მიკითხავს, რა გავაკეთე ისეთი, რომ სამყარომ ეს საოცარი ადამიანი გამომიგზავნა-მეთქი. ორივეს სურვილი იყო, ბევრი შვილი გვყოლოდა და უკვე სამი შვილის დედა ვარ. სამი ბავშვის მოვლა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბავშვები უზარმაზარი ბედნიერების და სიმშვიდის მომტანია დედისთვის. გამიმართლა, რომ მეუღლეც მხარში მიდგას. გიომ კარგად იცის შვილების, ოჯახის და სიყვარულის ფასი. ერთად ვეჭიდებით ცხოვრების სირთულეებს, ერთად ვსეირნობთ, ერთად ვშრომობთ და შვილებსაც ერთად ვზრდით. ღამეებიც უთენებია, როცა პატარები იყვნენ, თანაც ისე, რომ მე არც გამიგია.
- შვილების აღზრდაში მხოლოდ მეუღლე გეხმარებათ?
- დედასთან ვცხოვრობ. ბედნიერებაა, როცა ისეთი დედა გყავს, როგორიც ნათელა ოთარაშვილია. ის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ არაერთ ორგანიზაციაში მიმუშავია პასუხსაგებ პოზიციებზე ისე, რომ შეღავათი არ მომითხოვია. არავის უგრძნია, რომ შშმ პირი ვიყავი. სამწუხაროდ, ახლა უმუშევარი ვარ. ჩემს მეგობრებთან ერთად მერიას კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შევთავაზე, მაგრამ დაფინანსებაზე უარი მივიღეთ.
- საქართველოში ძალიან ბევრია ოჯახი, სადაც წყვილები ერთ შვილზე მეტს არ აჩენენ. რას ეტყვით ამ ოჯახებს?
- ამ საკითხშიც სტერეოტიპები მოქმედებს: შშმ პირებსა და უსინათლოებს ჩვეულებრივად შეუძლიათ დაქორწინება, შვილების გაჩენა და მათი მოვლა. რამდენ შვილს გააჩენს, ეს უკვე ადამიანის არჩევანია. არსებობენ ოჯახები, რომლებსაც ჩემზე ბევრად ცუდი მატერიალური მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ათი ან მეტი შვილი ჰყავთ, და პირიქით, ჩემზე კარგად ცხოვრობენ, მაგრამ ერთი ან ორი შვილის მეტს არ აჩენენ. მე ყოველთვის მინდოდა სამი შვილი მყოლოდა. ბევრი შვილის მოვლა რთულია როგორც ფინანსურად, ისე ფსიქოლოგიურად, მაგრამ ეს დიდი ბედნიერებაცაა. ბედნიერებაა, რომ სამი არაჩვეულებრივი შვილის დედა ვარ! ორი ბიჭი და ერთი გოგონა მყავს, რომელიც ჯერ ერთი წლისაა. ცელქები არიან, მაგრამ მე რომ ვნატრობდი, ზუსტად ისეთები... ვცდილობთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა ვასწავლოთ. ვასწავლოთ, რომ მათი ყველა სანუკვარი სურვილი ასრულდება, თუ ბევრს იშრომებენ, რომ სამყარო ნებისმიერ ადამიანს უგზავნის იმას, რასაც მთელი გულით ინატრებს.
ხათუნა ჩიგოგიძე