გენერალი „შალი“
"ერთი მხრივ, დღეს, როცა "ცივი ომი" უკვე ისტორიის კუთვნილებაა, უფრო უსაფრთხოდ ვცხოვრობთ, მაგრამ, მეორე მხრივ, მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრია ჩამორჩენილი ქვეყანა, რეგიონული კონფლიქტი, ისევ არსებობს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საშიშროება".
გენერალი "შალი"
ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ამბავთა იმ სერიიდანაა, სადაც მრავალი ქართველი გმირი იყრის თავს. წუთისოფლის უცნაურმა მსვლელობამ, ბედმა თუ გარემოებებმა ასეთ ქართველებს გადაუწყვიტა, სხვა ქვეყანაში ეცხოვრათ და იქ მოეპოვებინათ გმირის სახელი. ერთი ასეთი გმირი კი გენერალი ჯონი იყო, ეროვნებით ქართველი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი. მამამისს, დიმიტრი შალიკაშვილს, პრინცის წოდება ჰქონდა და რუსულ არმიაში მსახურობდა. თუმცა ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პოლკოვნიკი გამხდარა. 1921 წელს, როცა ბოლშევიკური პარტიის წითელი საცეცები საქართველოსაც მოადგა, დიმიტრი თურქეთში იმყოფებოდა და პოლონეთში გახიზვნამ მოუწია, 1952 წელს კი ოჯახით ამერიკაში დამკვიდრდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ იფიქრებდა, რომ მისი შვილი ჯონი ისტორიაში პირველი უმაღლესი სამხედრო წოდების უცხოელი იქნებოდა.
შალიკაშვილის ცხოვრების ისტორიაზე ამერიკის პრეზიდენტი ობამა ამბობდა, „Only in America“ ამბავიაო. თავად შალიკაშვილი კი ჰყვებოდა, ამერიკაში ჩასულს yes და no-ს გარდა, სხვა სიტყვები არ მესმოდა და ვცდილობდი ენა ჯონ ვეინის ფილმების ყურებით მესწავლაო. 1958 წელს გენერალმა "შალიმ" (ასე შეარქვეს მას) ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. იმავე წელს მექანიკური ინჟინერიის სკოლაც დაამთავრა, მაგრამ პროფესიად სამხედრო საქმე აირჩია.
სამხედრო კარიერა რიგით ჯარისკაცად დაიწყო, ნაბიჯ-ნაბიჯ იერარქიულ კიბეზე ავიდა და ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა. უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე გენერალ "შალის" წარდგენისას ბილ კლინტონმა ყურადღება მის ბიოგრაფიაზე გაამახვილა, თქვა, რომ ამერიკა ის დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ემიგრანტს შეუძლია ისტორიაში პირველად დაიკავოს თანამდებობა, რომელიც მანამდე მხოლოდ ამერიკელებს ეკავათ: "გენერალი "შალი" ამ თანამდებობისათვის, ზედმიწევნით შესაფერისი პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ, როგორც პრეზიდენტს, ყოველთვის მომცემს ჩემთვის აუცილებელ, გულახდილ და პროფესიულ სამხედრო რჩევას. მას მეგობრები გენერალ "შალის" ეძახიან და რადგან დღეიდან ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ ერთიმეორეზე, თქვენ კი, ჟურნალისტებმა, ბევრი უნდა წეროთ მის შესახებ, მეც ამ შემოკლებული სახელით ვისარგებლებ. ის ბრწყინვალე სიმბოლოა ყოველივე იმისა, რაც საუკეთესოა ამერიკასა და მის სამხედრო სამსახურში".
სწორედ ეს პერიოდი დაემთხვა საქართველო-ამერიკის სამხედრო პარტნიორობის პროგრამების დაწყებას და სიმბოლურია, რომ ნატო და ამერიკა მეგობრობის ხელს უწვდიდნენ საქართველოს იმ დროს, როცა აშშ-ში უმაღლესი სამხედრო თანამდებობა ქართველს ეკავა.
1996 წლის 18 მაისის ჩანაწერიდან: "ვამაყობ, რომ ჩემი გვარი საქართველოს უკავშირდება. ჩვენ წარმოშობით მესხი თავადიშვილები ვართ, ბრწყინვალე მეომარი და შეუპოვარი ხალხის შთამომავალი. ჩემი ეტალონი იყო მამა... მეამაყება, რომ მამა ქართველია და საქართველოში დაიბადა. სადაც არ უნდა გვეცხოვრა, ევროპასა თუ ამერიკაში, მისი მეგობრების წრე ქართველებისაგან შედგებოდა. ასე რომ, მიჩვეული ვარ ჩემს სახლში ქართველების ყოფნას. ბავშვობის მოგონებებიც ქართველებს უკავშირდება. მსჯელობები, მამას ჩანაწერები... ვფიქრობ, ყველაფერმა ამან ღრმა კვალი დატოვა, ვიდრე ნახევრად რუსმა, გერმანელი დედის გავლენამ. სახლში, სადაც მე ვიზრდებოდი, ხალხი ქართველებად გვთვლიდა, და ჩვენც, ბავშვებიც, თავს ქართველებად ვგრძნობდით. მე პოლონეთში, ვარშავაში დავიბადე. მაშინ მამა პოლონეთის არმიის ოფიცერი იყო. 3 წლის ვიყავი, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. როდესაც პოლონელებმა ვარშავაში აჯანყება მოაწყვეს, იქ ჩავრჩით და ვარშავის დანგრევასაც მოვესწარით. იქ ვიყავით, სანამ 8 წელი შემისრულდებოდა. 1944 წელს გერმანიაში გადავედით საცხოვრებლად. 1952 წელს გერმანიიდან აშშ-ში გადმოვსახლდით. მე ძალიან მალე გავხდი ამერიკელი აზროვნებით, ასე რომ, 1952 წელს ჩვენი ამერიკაში ჩამოსვლა მეტად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ჩემთვის. ევროპული ცხოვრება ამერიკულით შეიცვალა".
1968-69 წლებში ვიეტნამში გაგზავნეს ფრონტის ერთ-ერთი უბნის მთავარ მრჩევლად, შემდგომ მსახურობდა გერმანიაში საარტილერიო დივიზიის მეთაურად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მეთაურობით ჩატარებული სამშვიდობო ჰუმანიტარული ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყში, სპარსეთის ყურის ომის შემდგომ. მისია მძიმე და კომპლექსურ მოლაპარაკებების სერიას მოიცავდა, ერთი მხრივ, თურქეთის მთავრობასთან, ხოლო მეორე მხრივ, ერაყელ სამხედროებთან. როგორც ამბობენ, 700 000 ქურთის ჩრდილოეთ ერაყის მშვიდობიან ზონაში დასახლებას სწორედ შალიკაშვილს უნდა უმადლოდნენ...
"21 წლის ვიყავი, როცა ჯარში გამიწვიეს. ვფიქრობდი, ჯარში მხოლოდ ორ წელს გავატარებ, შემდეგ კი ჩემს პროფესიას, ინჟინრობას დავუბრუნდები-მეთქი, მაგრამ ოფიცერთა სკოლაში შესვლა მირჩიეს. ოფიცერი რომ გავხდი, ალასკაზე გამგზავნეს და შემიყვარდა სამხედრო საქმე. როცა ყველა ვიეტნამში წავიდა, მეც წავედი, შემდეგ კორეაში. დიდი დრო გავატარე სამხედრო მისიით გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში... დღეს იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო".
გენერალი "შალი" 1992-93 წლებში ევროპაში ნატოს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობას ითავსებდა, ხოლო 1997 წლამდე ამავე კომიტეტის თავმჯდომარე იყო და პრეზიდენტი კლინტონის მრჩეველი ისეთი პრობლემური ზონების საკითხებში, როგორიც იყო ბალკანეთი, ჰაიტი და სხვ. როგორც პრეზიდენტი კლინტონი იხსენებს, შალიკაშვილი კრიტიკულად უყურებდა ნატოს ყოყმანს ჩარეულიყო ბოსნიის კონფლიქტში, რომ გენერალს არ უყვარდა მიკიბულ-მოკიბული საუბარი, ყველაფერს ყოველთვის ზუსტად და ისე ამბობდა, როგორც იყო.
შალიკაშვილი ერთ-ერთი იმ სამხედროთაგანი იყო, რომელმაც "ნიუ-იორკ-თაიმსში" გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ჯორჯ ბუში ერაყში ომის გამო გააკრიტიკა. 38-წლიანი მსახურების შემდეგ გენერალმა "შალიმ" დატოვა სამხედრო სამსახური და სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის პროფესორი გახდა. ის აქტიურად იყო ჩართული ამერიკის საზოგადოებრივ და სამოქალაქო საქმიანობაშიც, თუმცა 2004 წელს გულის შეტევამ ნახევრად პარალიზებული დატოვა.
2005 წელს გენერალმა შალიკაშვილების სახელობის ქართულ მხედრულ ისტორიის მუზეუმს თავისი სამხედრო ჯილდოები და მუნდირი უსახსოვრა, რომელზეც ამოიკითხავდით წარწერას: SHALIKASHVILI.
როდესაც გენერალი შალიკაშვილი საქართველოს ესტუმრა, ის საგანგებოდ მიიწვია ილია II-მ, სადაც ასეთი სიტყვებით მიმართა: "თქვენი სახელი ეამაყება ჩვენს ხალხს. თქვენს ოჯახს კარგად იცნობს საქართველო". გენერალმა კი უპასუხა: "ჩემთვის და ჩემი ძმისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნაა, რომ შეგვიძლია იმ მიწაზე დავბრუნდეთ, სადაც ჩვენი მამა დაიბადა. დარწმუნებული ვარ, დღეს მამაჩემი ზეციური სამყაროდან გვიყურებს და ძალიან ბედნიერია, რომ თავის ორ ვაჟს საქართველოში ჩამოსულებს ხედავს. მინდა საქართველოს მტრებმა ვერასოდეს გაბედონ აქ მოკარება. მინდა მუდამ მშვიდობა სუფევდეს ამ დალოცვილ მიწაზე".
გენერალმა "შალიმ" 2011 წლის 23 ივლისს მოღვაწეობა დაამთავრა როგორც მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო ძალის უმაღლესი თანამდებობის ჯარისკაცმა.
რუსუდან შაიშმელაშვილი