პუტინი ლუკაშენკოს უკრაინასთან ომში ჩათრევას ისევ ცდილობს... - კვირის პალიტრა

პუტინი ლუკაშენკოს უკრაინასთან ომში ჩათრევას ისევ ცდილობს...

მართალია, ბელარუსი ორი მეომარი ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის უშუალო მეზობელია, მაგრამ აქამდე ახერხებს თავი აარიდოს XXI საუკუნის ევროპის უდიდეს ომში ჩათრევას...

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს პუტინის არმიამ უკრაინაზე თავდასასხმელად ბელარუსის ტერიტორია და საჰაერო სივრცეც გამოიყენა (რაც იურიდიულად შეფასდა როგორც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო აგრესიაში თანამონაწილეობად), მას შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო ყველა ხერხს მიმართავს, რომ მისი ქვეყნის რეგულარული არმია არ იქნეს ჩართული მეზობლების ამ ფართომასშტაბიან ომში.

წარმოსადგენია, კულუარებში რამხელა ზეწოლას ახდენს პუტინი ლუკაშენკოზე, რათა მან არმია მიახმაროს რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინაში საბრძოლველად.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ეს დიდ სტრატეგიულ უპირატესობას ნაკლებად მისცემს რუს ოკუპანტებს, მაგრამ პოლიტიკურად ძალზე მოგებიანი იქნება კრემლისთვის, რომ მთელ მსოფლიოს აუწყოს, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" კიევის "რეჟიმის" დასამხობად მხარში ბელარუსი სამხედროებიც ამოგვიდგნენო.

ბელარუსის შეიარაღებული ძალები შეიძლება ოფიციალურად კი ითვლიდეს 75 ათას კაცს, მაგრამ მათგან 16 ათასზე მეტი სამოქალაქო პირია და დასავლეთის დაზვერვის შეფასებით, ბელარუსს რეალურად მხოლოდ 48 ათასამდე მებრძოლის გამოყვანა თუ შეუძლია, ეს კი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან 1,5 მლნ-ზე მეტი კაცი იბრძვის.

პრეზიდენტ ლუკაშენკოს გარეგნული სიმარტივისა თუ მიამიტობის უკან დიდი სიეშმაკე იმალება (სხვანაირად ვერც შეძლებდა 1994 წლიდან ანუ სამი ათეული წლის განმავლობაში ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებას) და მას არ სურს მისი ქვეყნის ქალაქებისა და სოფლების სასაფლაოები ისევე სწრაფად გამრავლდეს, როგორც მესამე წელია რუსეთსა და უკრაინაში ხდება. ამიტომაც ის ყველანაირად თავს არიდებს კრემლის ზეწოლას, რომ ბელარუსი ჯარისკაცები გაგზავნოს უკრაინის ფრონტზე და ერთგვარი გამოსასყიდის სახით პუტინს დროდადრო ფეშქაშად უგზავნის ტანკებსა და ჯავშანმანქანებს ბელარუსის არმიის ისედაც შეზღუდული არსენალიდან.

სწორედ ასეთ ერთგვარ დათმობად შეიძლება განიხილებოდეს ოფიციალური მინსკის ახლანდელი უცნაური პოზიცია, როდესაც ძალზე მოხშირდა ბელარუსის საჰაერო სივრცეში უცხო დრონების შეფრენა და ერთმა შეტევაც კი მიიტანა ბელარუსის არმიის სამხედრო ნაწილის სიახლოვეს.

ბელარუსის გენშტაბი იძულებული გახდა ჰაერში გამანადგურებელი თვითმფრინავები აეშვა და ერთი დრონი კიდევაც ჩამოაგდეს (რაც ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო ნათლობად იქცა), მაგრამ ოფიციალური მინსკი მაინც დუმილს ამჯობინებს და არ განმარტავს, თუ ვისმა კამიკაძე-დრონებმა გაბედეს ლუკაშენკოს ცაში შეფრენა.

ის დრონები, რომლებიც დაუპატიჟებლად დაფრინავენ ბელარუსის ცაში, ლოგიკურად რუსეთს ან უკრაინას ეკუთვნის და ამის დადგენა იოლია ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტებზე ერთი დახედვითაც - ის უკრაინული "ლიუტის" თუ მაინც რუსულ-ირანული "გერან/შაჰიდის" ნარჩენებია. ლუკაშენკოს საეჭვო დუმილი კი აღვივებს ეჭვს, რომ ბელარუსის ცაში ყოველღამ ფრენებს მაინც პუტინის "შაჰიდებმა" მოუხშირეს, რასაც რამდენიმე ობიექტური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

პირველი - ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით რუსი ოპერატორები კამიკაძე-დრონ "შაჰიდებს" უშვებენ კიევის წყალსაცავის თავზე გამავალი მარშრუტით, რადგან ისინი ადრეულად არ ჩამოყარონ უკრაინელების მობილურმა საზენიტო ჯგუფებმა.

მეორე - რუსული "შაჰიდების" ნაწილი ბელარუსის ცაში უკრაინის საჰაერო სივრციდანაც კი შეფრინდება, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინულმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა მოახერხეს "შაჰიდების" "ტვინის" არევა და მათ სამართავ გლობალურ სანავიგაციო თანამგზავრულ სისტემას ფრენის სხვა მარშრუტი "შეატყუეს" - ბელარუსისკენ.

მესამე - საერთაშორისო სანქციებდაწესებულ რუსეთს გაუჭირდა დასავლური მაღალი ხარისხის რადიოელექტრონული აპარატურის შეძენა და "შაჰიდებზე" უწევს იაფფასიანი დეტალების დაყენება, რომლებიც მალევე გამოდის მწყობრიდან და უკრაინაზე დამიზნებული "შაჰიდები" ლუკაშენკოს ბელარუსისკენ მიქრიან.

მეოთხე - არავითარი ტექნიკური პრობლემა და შეცდომა არ არის, ეს რუსეთის სპეცსამსახურების სპეციალური ოპერაციის ნაწილია, რათა ყველაფერი უკრაინულ მხარეს დააბრალონ და პუტინს მეტი არგუმენტი გაუჩნდეს ლუკაშენკოს არმიის უკრაინის ომში ჩასათრევად, ხომ ხედავთ, კიევმა ბელარუსის დაბომბვაც კი დაიწყოო, განუცხადებს მოსკოვი მინსკს. იმედია, ლუკაშენკო ამ მარტივ გათვლაზე არ წამოეგება და თავის არმიას არ ჩართავს უკრაინის ომში რუსი ოკუპანტების მხარეზე საბრძოლველად.

ისე კი ლუკაშენკო დიდ საქმეს უკეთებს პუტინს - უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან ბელარუსის საარმიო დანაყოფების მუდმივი მანევრები ანერვიულებს კიევს და იძულებული ხდება, ყოველი შემთხვევისთვის, ბელარუსთან 1 084 კმ სიგრძის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჰყავდეს ის სამხედრო შენაერთები, რომლებიც ძალზე სჭირდება აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მუდმივი იერიშების შესაჩერებლად.