ირანული ბალისტიკური რაკეტებით რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დანგრევას...
6 სექტემბერს ერთი თვე შესრულდა, რაც უკრაინა აგრძელებს რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის, 1 300 კვკმ ტერიტორიისა და ასამდე დასახლებული პუნქტის ოკუპაციას. ამასთანავე, სწორედ გასულ კვირას უკრაინის არმიამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლო რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლის შეჩერება აღმოსავლეთ ფრონტზე, პოკროვსკის მიმართულებით, და უკვე დაკარგული ნიუ-იორკის ნაწილიც დაიბრუნა.
რუსეთს მცირე დრო დარჩა ფართომასშტაბიანი იერიშებისთვის, რათა წელსვე აიღოს კონსტანტინოვკა-კრამატორსკი-სლოვიანსკის რაიონი და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" "გათავისუფლებულად" გამოაცხადოს, რადგან შემოდგომის წვიმების სეზონის დასაწყისი რუსეთის საოკუპაციო ძალებს შეუზღუდავს მძიმე ჯავშანტექნიკის მინდვრებზე გავლით შეტევების შესაძლებლობას.
რუსული კურსკის ოკუპირებული ნაწილის თვეზე მეტხანს შენარჩუნება და ამასთან, თავის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მუდმივი შეტევების ნაწილობრივ შეჩერება უკრაინის არმიის ერთგვარ წარმატებაზეც უნდა მეტყველებდეს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება კვლავ კრიტიკული გახდეს კიევისთვის, თუკი რუსეთმა მასობრივად დაიწყო ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენება როგორც ფრონტის ხაზზე, ისე ზურგში უკრაინული ქალაქების დასანგრევად.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებული რამდენიმე ათასი კამიკაძე-დრონი "შაჰიდი" რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ისედაც გამოიყენეს 2022 წლის შემოდგომის შემდეგ, ახლა კი მისი კლონ "გერანით" (რომელსაც უკვე თავად რუსეთში აწყობენ) უტევენ უკრაინის ქალაქებს და თუკი მათ ირანული ბალისტიკური რაკეტებიც დაემატა, უკრაინას მორიგი განსაცდელი ელის.
საქმე ის არის, ბალისტიკური რაკეტების მოგერიება ყოველთვის უფრო რთული და ხარჯიანია, ვიდრე "შაჰიდის" კამიკაძე-დრონებისა თუ ფრთოსანი რაკეტების ჩამოყრა, რადგან დაბალ სიმაღლეზე მცირე და საშუალო სიჩქარით მფრენი დრონისა და ფრთოსანი რაკეტის "ჩამოხსნა" ციდან საზენიტო ტყვიამფრქვევებითა და მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხებითაც შეიძლება, სტრატოსფეროდან წამში 2-3 კმ-ით "დაცემული" ბალისტიკური რაკეტის მოგერიება არათუ საზენიტო არტილერიას, საზენიტო რაკეტებსაც არ ძალუძთ და ამისთვის სპეციალური ანტისარაკეტო სისტემები, ამერიკული მოდერნიზებული "პეტრიოტი" და დასავლეთევროპული "მამბა" გამოიყენება, რომლებიდანაც სტარტაღებული თითოეული ანტირაკეტის ფასი 3-4 მლნ დოლარს უტოლდება.
დასავლეთის საინფორმაციო საშუალებების ბოლოდროინდელი ინფორმაციის (რომელიც უცილობლად ეყრდნობა დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებიდან მასმედიისთვის სპეციალურად გამოჟონილ მასალებს) მიხედვით, ირანს უკვე დაუწყია ბალისტიკური რაკეტების მიწოდება რუსეთისთვის, რასაც წინ უძღოდა რუსი სპეციალისტების გადამზადება ირანის ტერიტორიაზე.
ლაპარაკია Ababil-ისა და Fath-360-ის ტიპის ირანულ ბალისტიკურ რაკეტებზე. Ababil-ი \3,7 მ სიგრძისა და 240 კგ მასის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც 86 კმ მაქსიმალურ სიშორეზე მიფრინავს ინერციული ან თანამგზავრული ნავიგაციის სისტემის გამოყენებით, ხოლო მიზანში ზუსტად მოხვედრას ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით ირანული Ababil-ი ძალიან წააგავს იმ ამერიკული "ჰაიმარსებიდან" გაშვებულ GMLRS-ის მართვად რაკეტებს, რომლებსაც ომის მესამე წელია წარმატებით იყენებს უკრაინული არმია.
მეორე ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უკრაინის ფრონტზე, არის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Fath-360. ამ რაკეტის სიგრძე 5,1 მ-ს შეადგენს, მასა 787 კგ-ს (აქედან საბრძოლო ქობინზე 150 კგ მოდის), ხოლო კალიბრი კი 368 მმ-ს. მისი ფრენის მაქსიმალური მანძილი 120 კმ-ია, რითაც უტოლდება საბჭოთა Точка-У-ებს, რომლებსაც ამ ომის დასაწყისში ორივე მებრძოლი მხარე აქტიურად იყენებდა, სანამ მათი მარაგი არ შეუმცირდათ.
ჩრდილო კორეიდან მიღებულ KN-23 ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც რუსული Искандер-М-ების ერთგვარ ასლს წარმოადგენენ, რუსი სამხედროები შიგადაშიგ იყენებენ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებისთვის, მაგრამ მათ არსენალში უფრო ახლომფრენი, მაგრამ იაფი და უფრო მრავალრიცხოვანი ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოჩენაც უკრაინულ მხარეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან ამ ბალისტიკური რაკეტების ნაწილის თუნდაც მოსაგერიებლად ბევრად მეტი და ძვირად ღირებული ანტირაკეტა დასჭირდება.