როცა მეუღლე ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს
გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს: Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტაზე და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები. შეკითხვებს ამჯერად უპასუხებს სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
- მამა ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, მეორე ქორწინებიდან - ორი. მის სახელზე ქონება არ ირიცხება. გარდაიცვალა ბებია და მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრეა მამაჩემი. იმ სახლში შვილიშვილები არა ვართ ჩაწერილი. როცა მამა ამ ქონებას გადაიფორმებს, შეგვიძლია თუ არა მისი ქონებიდან ჩვენც მოვითხოვოთ წილი. მამა ამბობს, რომ ამ ქონების გაყიდვას აპირებს.
- შვილებს მშობლების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლება წარმოეშობათ მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ. მშობლების სიცოცხლეში შვილებს მათ ქონებაზე უფლება არა აქვთ, შესაბამისად, მამას შეუძლია თავის სახელზე კანონის შესაბამისად დარეგისტრირებული ქონება მართოს საკუთარი შეხედულებისამებრ ან სურვილისამებრ განკარგოს იგი, რაც, თავის მხრივ, გაყიდვის უფლებასაც მოიცავს. საამისოდ შვილების თანხმობა საჭირო არ არის.
- მე და ჩემი მეუღლე ოფიციალურად არ ვიყავით დაქორწინებული, გვყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ყოფილი ქმარი მემუქრება შვილების წართმევით, როგორ მოვიქცე?
- ბავშვების წართმევის უფლება არ არსებობს. თუ მშობლები ვერ რიგდებით, თუ რა სიხშირით უნდა ნახოს ბავშვი, იმ მშობელმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები ირღვევა, უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტს, რომელ მშობელთან უნდა იცხოვრონ ბავშვებმა მუდმივად და რა სიხშირით შეიძლება ნახოს მეორე მშობელმა. ყოველივე ეს ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობით და ბავშვის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
- ჩემი ძალიან ახლო ადამიანი მთხოვს დავუდგე თავდებად ბანკში თანხის გამოსატანად. მეუბნება, რომ ეს ფორმალურად სჭირდება და სხვა ვალდებულება მე არ მექნება. იქნებ მითხრათ, თავდებობის ხელშეკრულება რა არის და რა რისკებს შეიცავს?
- თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამ სახის ხელშეკრულების გაფორმებისას აუცილებელია ხელშეკრულების პირობებისა და მოსალოდნელი ვალდებულების ფარგლების შესახებ სრული ინფორმაციის დეტალურად გაცნობა. თავდებობის ხელშეკრულებას ბევრი რისკი ახლავს თან, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის ფარგლების ნაწილში. თავდებობის ხელშეკრულება საფრთხის შემცველია, რადგან ხშირად სუბიექტი თავისი სურვილით არ ხდება თავდები და მოვალე მოტყუებით აკისრებს პასუხისმგებლობას, რაც გაუგებრობასა და უსიამოვნებას იწვევს. ამასთან, თავდების პასუხისმგებლობა მოვალის გადახდისუნარიანობას უკავშირდება, რაც პასუხისმგებლობას უფრო ზრდის. ხშირად მოვალე ვერ ახერხებს ვალის დაფარვას და სწორედ თავდებს უწევს შემდეგ ვალდებულების შესრულება.
- მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. ქმრის მშობლებს აქვთ ორი ბინა თავიანთ სახელზე რეგისტრირებული, შეუძლია თუ არა ჩემს მეუღლეს მოსთხოვოს მათ ამ ბინებიდან წილი?
- სანამ მშობლები ცოცხლები არიან, სამკვიდრო წილს ვერ მოითხოვთ. სავალდებულო წილი ისევ არსებობს, მაგრამ სამკვიდრო და სავალდებულო წილის მოთხოვნა მამკვიდრებლების სიცოცხლეში შეუძლებელია. ასეთ დროს მშობლებს აქვთ უფლება სურვილის შემთხვევაში ქონება გააჩუქონ, სხვაგვარად წილს ვერ მოითხოვთ.
- პირის "მხარდაჭერის მიმღებად" მინდა დავრეგისტრირდე, რომელი ორგანო ცნობს პირს მხარდაჭერის მიმღებად და მჭირდება თუ არა ადვოკატი?
- მხარდაჭერის მიმღებია პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები და ამ დარღვევათა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. რაც შეეხება მხარდამჭერად ცნობას, პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო, მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, მაშინ სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. სახელმწიფო ბაჟი ან სხვა ხარჯები ასეთ დროს გადასახდელი სასამართლოში არ არის. პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება სასამართლოში, აუცილებლად უნდა ჰყავდეს ადვოკატი, მხარდასაჭერად საცნობ პირს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე ენიშნება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ან განმცხადებლის საცნობი პირის განცხადების საფუძველზე. შემდეგ პირის მხარდამჭერი ვალდებულია: თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას; დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, აღნიშნულ ორგანოს უნდა მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს. მხარდამჭერის საქმიანობას აკონტროლებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება ვადებს, თუ რა ვადით ენიშნება პირს მხარდაჭერა. აღნიშნული ვადა კანონით არ არის განსაზღვრული, თუმცა ნებისმიერი ვადით დანიშვნის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დგინდება მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. მანამდე მხარდასაჭერად საცნობ პირს ექსპერტიზას უტარებს სსიპ "სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო", სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ექსპერტიზა ტარდება ექსპერტიზის ბიუროში, განმცხადებლის/მხარდასაჭერად საცნობი პირის შუამდგომლობის საფუძველზე; თუ შეუძლებელი იქნება პირის ექსპერტიზის ბიუროში მიყვანა, სასამართლომ ექსპერტიზის ჩატარების ადგილად შეიძლება განსაზღვროს მხარდასაჭერად საცნობი პირის ადგილსამყოფელი. ეს ექსპერტიზაც ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, რაც ნიშნავს, რომ განმცხადებელი ანუ მხარდასაჭერად საცნობი პირი გათავისუფლებულია ექსპერტიზის ხარჯებისგანაც.
- თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაქვთ ალიმენტის მიღების უფლება და მოვალე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, დაწეროთ განცხადება, დაურთოთ სასამართლოს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, სააღსრულებო ფურცლის დედანი, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ წარმომადგენელია, მაშინ მინდობილობის დედანი. ასევე, საბანკო რეკვიზიტები, სადაც ალიმენტის თანხა უნდა გადაირიცხოს. ამის შემდეგ აღმასრულებელი მოვალეს გაუგზავნის წინადადებას, რომ ნებაყოფლობით გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თუკი მოვალე დაუყოვნებლივ მაინც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ აღმასრულებელი მიმართავს იძულებით სააღსრულებო მოქმედებებს, მათ შორის, მოვალის რეგისტრაციას მოვალეთა რეესტრში, მისი ქონების მოძიებასა და დაყადაღებას.