"ოქროს მოწმე“ რომ არ შესწრებოდა ამ ამბავს, შეიძლება გარდაცვლილი გადაემალათ“ - შემზარავი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ოქროს მოწმე“ რომ არ შესწრებოდა ამ ამბავს, შეიძლება გარდაცვლილი გადაემალათ“ - შემზარავი მკვლელობის დეტალები

ეს სასტიკი დანაშაული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდეში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს 56 წლის და 65 წლის ძმებმა, ემზარ და ელგუჯა მედოშვილებმა, 28 წლის თანასოფლელი, ნიკოლოზ ღვინიაშვილი, თოკით გაკოჭეს, სცემეს და შემდეგ ხელით მოახრჩვეს. ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ დამნაშავეებმა თურმე ბიჭთან მეზობელიც კი არ მიუშვეს, რომელიც მომაკვდავი ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. სწორედ იმ მეზობელმა ატეხა განგაში, რომელიც დანაშაულის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა, მან დარეკა 112-ში. შემთხვევის ადგილზე მალე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და ბიჭის გადარჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

პოლიციის და სასწრაფოს მისვლამდე დამნაშავე ძმები გაიქცნენ, მაგრამ შემთხვევის ადგილზე დარჩა დამნაშავის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ფაქტის თვითმხილველიცაა. ახლა მის დასჯასაც ითხოვენ მოკლული ახალგაზრდის ახლობლები. მათი თქმით, ისიც ამ საშინელი დანაშაულის თანამონაწილეა.

ძმები მედოშვილები სოფელში იმავე ღამით, 2 სექტემბერს დააკავეს და ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გორის რაიონულმა სასამართლომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ძმებმა თავის მართლება სცადეს. ისინი დანაშაულს აღიარებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ნიკოლოზ ღვინიაშვილის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ისინი თავს იცავდნენ ღვინიაშვილისგან. ბრალდებულმა ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა: "ეს ნამდვილად განზრახ მკვლელობა არ იყო. სუფრიდან ადგა და გამომყვა უკან საცემრად ან მოსაკლავად, აბუჩად ამგდები სიტყვებით, ქირქილით გამომიყვანა მდგომარეობიდან. გნებავთ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა". მეორე ძმის თქმით, პირველად ღვინიაშვილმა გაარტყა ხელი და ძმამ დაიცვა. თუმცა პროკურორი პროცესზე ასაბუთებდა, რომ დანაშაული შურისძიების მოტივით იქნა ჩადენილი, ძმებმა ადრინდელი წყენის გამო ახალგაზრდა კაცზე სასტიკად იძიეს შური. პროკურორის თქმით, ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც უკვე მისცეს გამოძიებას ჩვენება. მათ შორის არის ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი. ბრალდებულების ადვოკატი მაია გრიგოლიშვილი არ დაეთანხმა მისი დასაცავი პირებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას და ძმების აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება, ან მათი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. მიუხედავად ამის, ახლა ძმები მედოშვილები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან და იქ დაელოდებიან გამოძიების დასრულებას.

სოფელში ეჭვობენ, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები ღვინიაშვილის ცხედრის გადამალვას აპირებდნენ, მაგრამ ამას ხელი შეუშალა საქმის "ოქროს მოწმემ", რომელიც იქ შემთხვევით აღმოჩნდა. "გაკოჭეს და ისე მოახრჩვეს, თავი აქვს გატეხილი, ნაჭდევები - წელის არეში. ხელები და ცხვირი გატეხილი ჰქონდა... რომ ვერ მოერივნენ, ხელებგაკოჭილი მოგუდეს", - ამბობს მათი თანასოფლელი.

"ერთადერთი ვერსია, რაც სოფელში განიხილება, წარსულში წყენის გამო შურისძიებაა"

ნიკოლოზ ღვინიაშვილის მეზობელი:

- მკვლელები მეზობლად ცხოვრობენ, 500 მეტრია მათ სახლებს შორის დაშორება. ნიკოლოზს მათთან შეხება დიდად არ ჰქონია, უბრალოდ, წარსულში იყო კონფლიქტი და როგორც ჩანს, გაუხსენეს, ასე ამბობენ სოფელში. ვიღაცას უცემია ადრე ერთ-ერთი მკვლელი, ამას თურმე ნიკუშა შეესწრო და მოჩხუბრები არ გაუშველებია. დამნაშავეები ცუდი ზნის ადამიანები არიან. თუკი ვინმეზე ნაწყენები იყვნენ, რა პერიოდიც არ უნდა გასულიყო, უხსენებდნენ. არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შარშან ჩვენი თანასოფლელი მათ სასწაულად გადაურჩა. საძოვრის გამო იჩხუბეს. უთქვამთ, რომ საქონელი არ ეძოვებინა იმ ტერიტორიაზე. რომ შეეპასუხა, ისიც კინაღამ მოახრჩვეს. იმ ბიჭს არ უჩივლია, რიგით კამათად ჩათვალეს და ახლა ხომ ხედავთ, იგივე გააკეთეს, სიცოცხლით სავსე ბიჭი გაგუდეს.

ნიკა ანტიბიოტიკებს იღებდა და ერთი ჭიქა სასმელიც კი არ დაულევია. თვითონ იყვნენ ნასვამები. ამბობენ, ნიკამ სუფრაზე დაგვცინაო, მაგრამ ამას იმ სუფრაზე მყოფი არც ერთი მეზობელი არ ადასტურებს. იმ დღეს ჩვენმა თანასოფლელმა დაკლა ცხვარი და მეზობლები ქეიფობდნენ. არავინ ამბობს, რომ სუფრაზე რაიმე სახის კონფლიქტი იყო. როგორც ვიცით, მთვრალი ძმები სუფრიდან რომ წავიდნენ, სწორედ იმ დროს წასულა ნიკოლოზიც. გზაში აუშარდნენ, გაუხსენეს ძველი წყენა და სასტიკად მოკლეს. საკუთარ შვილს მოატანინო თოკი და მერე აყურებინო, როგორ კოჭავ სხვის ნაფერებ შვილს, გუდავ და კლავ, ამაზე დიდი სისასტიკე წარმოუდგენელია. ამ საქმის თანამონაწილე ემზარის 17 წლის შვილია. თუ თანამონაწილე არ იყო, ხომ შეეძლო ეთქვა მამა-ბიძისთვის, რას აკეთებთო, ან გაქცეულიყო და დახმარება ეთხოვა, ან დაერეკა პოლიციაში. მერე რა, რომ არასრულწლოვანია, მანაც უნდა აგოს პასუხი. თითით საჩვენებელი ბიჭი მოგვიკლეს. გამწარებულმა ნიკას ძმამ რომ შური იძიოს, ვინ აგებს ამაზე პასუხს? მერე ის ჩაჯდეს ციხეში? თუნდაც კამათი ყოფილიყო, ვალდებული იყო გაეგებინებინა სხვებისთვის. ის "ოქროს მოწმე" რომ არ შესწრებოდა ამ ამბავს, შეიძლება ნიკას გვამი გადაემალათ.

- მაინც რა კონფლიქტი იყო მათ შორის?

- თურმე ნიკამ არ გააშველა, როცა ერთ-ერთ მკვლელს მეზობელი სცემდა და ამის გამო იყვნენ დაბოღმილი. მაშინ ნიკა 18 წლის იყო. ამდენი წლის მერე გაახსენდათ ის წყენა? რა დონის ღვარძლიანი უნდა იყო, რომ შენს დაცინვად აღიქვა ვიღაცის გაღიმება. 50 კაცი იყო იმ სუფრაზე და არავინ ამბობს, რომ ინციდენტი მოხდა.

- მკვლელობას სხვა თვითმხილველიც ჰყავს?

- ნიკოლოზის ნათლია შემთხვევით შეესწრო. სუფრიდან გამოსვლის შემდეგ მას ნიკოლოზმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, უთქვამს, წყაროსთან დაგელოდებიო. ახალი შეღამებული იყო, ის ბიჭი წამოვიდა ნიკასთან შესახვედრად. ამბობს, რომ მივუახლოვდი იმ ადგილს, შევამჩნიე ჩოჩქოლი, მეგონა, ვიღაცას საქონელი მოუკვდაო. იქ ხიდია და რომ მიუახლოვდა, თურმე გადაუდგა წინ ერთ-ერთი მკვლელი და არ მისცა წინ წასვლის საშუალება. ამ დროს დაინახა ნიკა, რომელიც გაკოჭილი ჰყავდათ, და წავიდა მისკენ. მოახერხა ნიკასთან მისვლა, თურმე ყვიროდა, რატომ აქვს ნიკას ხელები გაკოჭილიო, და ხელი რომ მოჰკიდა, იმდენად ძლიერად ჰქონდათ გაკოჭილი, თურმე ნიკას ხელი ვერ გაუთავისუფლა და მკვლელის შვილისთვის უთქვამს, დანა მაინც მომიტანე, რომ თოკი გავჭრაო. მერე უცებ მიხვდა, რაღაცაში რომ იყო საქმე. რომ ეთქვა, ეს რა გაუკეთეთო, ისე იყვნენ ჭკუიდან გადასულები, შეიძლება ის ბიჭიც მოეკლათ. მხოლო ის მოახერხა, რომ 112-ში დარეკა და მათ გასაგონად უთქვამს, ბიჭი ცხენიდან გადმოვარდა და შველა სჭირდება, სასწრაფო გამოუშვითო. მერე სხვებსაც დაურეკა სოფელში და დახმარება ითხოვა. ხალხი რომ მოგროვდა, ამ ქაოსით ისარგებლეს მკვლელებმა და გაიპარნენ. რას წარმოვიდგენდით, ნიკა მოკლული რომ ჰყავდათ. ექიმებმა თქვეს, რომ ბიჭი ცოცხალი აღარ იყო. ის თვითმხილველი ამბობს, უკვე ხროტინებდა, აზრი არ ჰქონდა ხელოვნური სუნთქვის ჩატარებასო. მაინც სცადეს ექიმებმა, მაგრამ უშედეგოდ. ღამე იყო და იმ სიბნელეში ჭრილობები არ ჩანდა, მერე ვნახეთ, რომ ცხვირი ჰქონდა გატეხილი, იდაყვები გადაყვლეფილი, თავის არეში, ყელსა და ხელებზე დაზიანება, ბიჭი მოგუდული იყო.

ის არაკაცები სამუდამოდ უნდა გამოკეტონ ციხეში. ყველა ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯონ. ეს იყო ჯგუფური, სისასტიკით ჩადენილი დანაშაული. 500 მეტრშია მათი სახლი და პოლიცია ყარაულობს, რომ მოსახლეობამ არ გადაწვას. იმ სახლში ემზარი ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად, ელგუჯა უფროსი ძმაა, ის გაქცეული იყო, ახალი ჩამოსულია სოფელში. ნასამართლევები არიან. მგონი, ელგუჯა ორი წელი იჯდა ციხეში. გაანადგურეს ნიკას ოჯახი.