"აქტიურად ვცხოვრობ, მაგრამ ის დატვირთვა, რაც სამსახურში მქონდა, ცხადია, აღარ არის" - კვირის პალიტრა

"აქტიურად ვცხოვრობ, მაგრამ ის დატვირთვა, რაც სამსახურში მქონდა, ცხადია, აღარ არის"

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი 2014 წლამდე, თემურ გიორგაძე, მას შემდეგ, რაც აქტიურ და ექსტრემალურ საქმიანობას ჩამოშორდა, თბილისის ზღვის მიმდებარედ ერთ წყნარ უბანში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ულამაზეს ეზო-კარს უვლის და თან ჯანსაღ სპორტულ აქტივობას კვლავაც განაგრძობს.

- თემურ, გვიამბეთ, როგორ ცხოვრობთ აქტიური სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ?

- დიდი ეზო მაქვს, ბაღი, ამ ყველაფერს ვუვლი, ეს კი გაჩერების და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. თუ სადმე წავედი 2-3 დღით, მერე უფრო მეტი დრო და შრომა მჭირდება, რომ ეს ყველაფერი თავის კონდიციამდე მივიყვანო. ამიტომ ყოველდღიურად ვაკეთებ რაღაცას. დილაობით თბილისის ზღვაზე ავდივარ, ძაღლებს ვასეირნებ, ვვარჯიშობ. როცა სეზონია, სანადიროდაც დავდივარ. მე და ჩემი მეუღლე ევროპაში ვმოგზაურობთ ხოლმე, იქ ბევრი ნათლული, მეგობარი მყავს და ვსტუმრობ, იქაურ ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებ. მოკლედ, აქტიურად ვცხოვრობ, მაგრამ ის დატვირთვა, რაც სამსახურში მქონდა, ცხადია, აღარ არის. თუმცა რაც იყო, ის მოგონებები მავსებს.

- ის დრო, ალბათ, გენატრებათ?

- რა თქმა უნდა, მაგის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. 20 წლის ბიჭი ვიყავი, სამაშველო სამსახურში რომ მივედი, და ცხადია, იმ წლებს ვერასდროს დავივიწყებ. იმდენად კეთილშობილური და საჭირო სამსახურია, იქ გადადგმული ყოველი ნაბიჯი სიკეთის მომტანია. ტრაგედიაც ბევრი ხდებოდა და იმ დროსაც იმდენ რამეს აკეთებ, რომ სიკეთის მარცვალი ყველაფერში დევს, თუნდაც იმ დაზარალებულ ადამიანს, ჭირისუფალს რაღაცით რომ ანუგეშებ. მაგ დროს ყველას ისე უნდა მიუდგე, რომ მძიმე წუთები შეუმსუბუქო, ერთგვარად გადაერთოს, რომ მისი ტრაგედია მძაფრად არ აღიქვას. ადამიანს რომ გადაარჩენ, ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, ჯერ მარტო ამის გამო ღირს ამ სამსახურში მუშაობა, ოღონდ გულით და რწმენით უნდა იყო, თორემ ბევრი მოსულა და წასულა ისე, რომ უთქვამთ, ჩვენ აქ ვერ ვიმუშავებთო.

- რას აქცევდით ყველაზე მეტ ყურადღებას ბიჭების მაშველად აყვანისას?

- მაქსიმალურად ვცდილობდი მაშველად მოაზროვნე სპორტსმენი ამეყვანა, ნორმატივების ჩაბარებისას მათ ფიზიკურ მონაცემებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. მეც მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული, შეიძლება ჩვენ ფილოსოფოსები ვერ გამოვდივართ, მაგრამ სპორტსმენს თავისი ალღო, აზროვნების უნარი აქვს და კონკრეტულ მომენტებში სხარტია. სპორტშიც იქმნება კრიზისული სიტუაციები და ისინი წამებში იღებენ გადაწყვეტილებას, სხვა უნარ-ჩვევებიც აქვთ.

მერე ბიჭებს ერთი თვე სწავლებაზე ვუშვებდი, არ ვნიშნავდი, მეხანძრე-მაშველის სტატუსს ვაძლევდი და ამ დროის განმავლობაში ხანძარზე მიდიოდნენ, სხვადასხვა სიტუაციას უყურებდნენ და ყოფილა შემთხვევები, უთქვამთ, მადლობა, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არისო. რომ მეგონა, ის ადამიანი მთას დაანგრევდა, კონკრეტულ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა, ვერ შეძლო. იმ ხანძარს რომ შეეჩეხები, დამწვარ ადამიანს, ამ ყველაფერს ხომ მორალურად გადატანა უნდა, მარტო ფიზიკურად გადარჩენა ხომ არ კმარა. ამ ადაპტაციას ვინც გაივლიდა, მერე ვნიშნავდით.

ჩემს დროს რიგები იდგა, ისეთი პოპულარული გახდა ჩვენი სამსახური. 1990-იან წლებში, როცა მე დავიწყე მუშაობა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სამსახურს შევქმნიდი - რეფორმები მე გავატარე და საგანგებო სიტუაციები ჩემს ხელში შეიქმნა. ვერც წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში ამ სფეროში იმას მოვესწრებოდი, რასაც ფილმებში ვუყურებდი ან საზღვარგარეთ ჩასული ვნახულობდი. შევძელით და გაკეთდა.

- თქვენი პირველი ნაბიჯები როგორი იყო იმ რთულ დროს? ალბათ, მანქანებიც კი არ იყო გამართული.

- კი, 1990-იან წლებში "ზილი" და "კამაზი" იყო, ბიუჯეტში ფული სად იყო - ხელფასი 6 წელი არ გვქონდა აღებული, მაგრამ იმედით ვძლებდით, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ საქმეს ისე ვერ ემსახურები, თუ არ გიყვარს. მაშინ მხოლოდ სახანძრო იყო, საგანგებო სიტუაციები მერე დაემატა. ის ხელფასები ოდესღაც კი დარიგდა, მაგრამ ამასობაში წლები გავიდა...

სპორტსმენი ვიყავი, "დინამოზე" ვვარჯიშობდი, რომელიც იმ დროს შსს-ს ეკუთვნოდა. 1987 წელს სავალდებულო ჯარმა მომიწია, "დინამოს" კი თავისი, ე.წ. სპორტული ჯარი ჰყავდა, მეც იქ წამიყვანეს. ბაზა სომხეთში გვქონდა, მაგრამ იქ სულ ორჯერ ვარ შესული, სულ ე.წ. შეკრებებსა და შეჯიბრებებზე ვიყავით. თუმცა ადაპტაცია, ჯარის რეჟიმი გარკვეულწილად გავიარეთ. 1989 წელს დავბრუნდი და ამ დროს საბჭოთა კავშირის პირველობა ტარდებოდა სამბოში მილიციელებს შორის. საქართველოს ნაკრებს ჩემს წონაში არ ჰყავდა ისეთი სპორტსმენი, რომ შედეგი ეჩვენებინა, მოვიდნენ "დინამოზე" და ჩემს მწვრთნელს, ცხონებულ ხაჩიძეს უთხრეს, ჯარმოვლილი კარგი ბიჭი გვჭირდება, რომ ჩვენი სახელით იჭიდაოსო. ასეთი მე აღმოვჩნდი. არც მიფიქრია, დავთანხმდი და მესამე ადგილი ავიღე. ეს უკვე შედეგი იყო და ისინიც კმაყოფილები დარჩნენ. მერე საბურთალოს რაიონში მეხანძრედ გამაფორმეს, დროთა განმავლობაში დავწინაურდი - ოფიცერი გავხდი, ინსპექტორი, გლდანის რაიონის უფროსი, მერე გლდანი-ნაძალადევისა და შევარდნაძის დროსვე - ქალაქის სახანძროს უფროსი. ასე რომ, ყველა ეტაპი გავიარე, რაც ამ სფეროში შეიძლებოდა გამევლო. 2003-2004 წელს, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, მგონი, ერთადერთი ვიყავი, ვინც თანამდებობაზე დამტოვეს, მერე შემომთავაზეს, უნდა შეიქმნას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიო, და სახანძროს ბაზაზე ეს რეფორმა გავატარეთ, გავაფართოვეთ.

- რა დაგრჩათ გასაკეთებელი ამ სამსახურში, რაზეც გული გწყდებათ?

- მთლიანი რეფორმა, რაც ჩაფიქრებული მქონდა, ვერ მოვასწარი. თუ დაბრუნების შანსი მომეცა, მონაწილეობა მინდა რეფორმების გატარებაში. მე ჩემი იდეები მაქვს, გეგმები, რომლებიც ამ სამსახურს აუცილებლად გამოადგება. ეს ის სამსახური არ არის, რომელიც შეიქმნა და დამთავრდა, არა, ყოველდღიურად უნდა გაძლიერება, თანაც ახლა, გლობალური დათბობიდან გამომდინარე, ცივილიზებულ ქვეყნებში ძალიან ფართოვდება, ძლიერდება, რადგან იმდენად დიდი სტიქიები და კატასტროფები ხდება, რომ სულ სხვა მასშტაბებზე გადადიან ტექნოლოგიურადაც და მატერიალურადაც. ამ სფეროს შემოსავალი არასოდეს ექნება, ის ყოველთვის სახელმწიფოს კისერზე იქნება, მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს მასზე.

ვინც ამ სამსახურში გაზრდილი არ არის, მეხანძრეობით დაწყებული, თუ ბოლი არ უყლაპავს და სასოწარკვეთილი ადამიანების თვალებში არ ჩაუხედავს, არ იცის, როგორ გადაარჩინოს, იმ ხელმძღვანელ პირს ძალიან გაუძნელდება მუშაობა. იმას ვერ იტყვი, მენეჯმენტშია მაგარი და მოდი, დავნიშნოთო... 6 საათზე კაბინეტის კარს ვერ დაკეტავ და შინ ვერ წახვალ.

18 წელი სახლში არ მძინებია. რაც არ უნდა მაგარი გუნდი გყავდეს, თუ უფროსი შემთხვევის ადგილზე არ ხარ, არაფერი გამოვა. რაიონებშიც ასე ვავალებდი ხელმძღვანელებს - შენ როცა შემთხვევის ადგილზე ხარ, იმ მაშველსაც სხვა მოტივაცია ეძლევა და სხვა გასაქანს აძლევს საკუთარ თავს. მოდუნება არ შეიძლება! არის რაიონები, სადაც სახანძრო დეპოები არ არის, ისინი ასაშენებელია, მწყობრშია მოსაყვანი, ტექნიკაა შესატანი.

- ასეთ ექსტრემალურ მუშაობას რომ იყავით შეჩვეული, როგორ გადაერთეთ სხვა რეჟიმზე? ისეთ ყოველდღიურობაზე, რომელიც უკვე აღარ იყო ისეთი აქტიური და ექსტრემალური სიტუაციებით სავსე, არ გაგიჭირდათ?

- არა და გეტყვით, რატომ. თანამდებობაზე გამოკიდებული ადამიანი არასდროს ვყოფილვარ, ფსიქოლოგიურად ძლიერი ვარ, სპორტიდან გამომდინარეც და, ალბათ, ამიტომაც გავუძელი ბევრ რამეს. 2012 წელს ხომ შეიცვალა ხელისუფლება, მე 2014-ში წამოვედი და 2 წელი მქონდა იმისთვის, რომ საკუთარ თავში ყველაფრის გააზრება დამეწყო, გადართვა, რეაბილიტაცია... ერთგვარად შევამზადე თავი იმისთვის, რომ მერიის არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენი ვადა ამოიწურებოდა, მეც წამოვიდოდი. ასე რომ, არ გამჭირვებია. ასე თუ ისე, გადავიტანე და როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი სახლის ეზომ, სადაც უამრავი საქმე მაქვს, თბილისის ზღვაზე ყოველდღიურად სიარულმა, ნადირობამ და მოგზაურობამ ადვილად გადამატანინა.

- ეზოში უამრავი რამაა გასაკეთებელი, ეს ყველაფერი, ალბათ, ადრე არც იცოდით, თუნდაც ვარდების მოვლა, თითოეულ მცენარეს ხომ თავისებური მიდგომა სჭირდება.

- ჩემი ოჯახი ზესტაფონიდანაა წარმოშობით, სოფელ პირველი სვირიდან, მამაჩემი მშენებელი კაცი იყო და ნორმალურად ვცხოვრობდით, სახლი, ვენახი, ყველაფერი გვქონდა, V-VI კლასში მე და ჩემს დას უკვე თოხები გვეჭირა ხელში. მამა გვერდით დაგვიყენებდა და ვენახში ვეხმარებოდით. ისეთს კი არაფერს ვაკეთებდით, შეიძლება უფრო გაგვეფუჭებინა კიდეც, მაგრამ შრომას გვაჩვევდა. დედის მხრიდან საგურამოში მყავდა პაპა-ბებია, ძალიან მშრომელი ხალხი იყო, მათაც ხომ ვუყურებდი იქ ყოფნისას და ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო არ იყო. ეს ულამაზესი ვარდები ჩემს ეზოში ჩემმა ძმაკაცებმა გააშენეს, 600 ძირი ვარდი დარგეს, თავიდან რამდენიმეჯერ მომეხმარნენ, მასწავლეს, რა როგორ უნდა გამეკეთებინა და ახლა, შეწამვლა იქნება, გამარგვლა თუ სხვა რამ, მე ვაკეთებ.

ზემოთ ხეხილის ბაღი მაქვს, სადაც უამრავი სახეობა ხარობს, სავსეა ხილითა და ბოსტნეულით, კიტრი, პამიდორი, ატამი, ქლიავი, მსხალი, მარწყვი იმდენი მაქვს, არ ვყიდულობთ. თანამედროვე ტექნოლოგიებით მიადვილდება მათი მოვლა-პატრონობა. ყავას, გაზიან სასმელებს არ ვსვამ, მხოლოდ წყალს და ჩემი ბაღის კომპოტებს. სპორტულად ვცხოვრობ და ჯანსაღად ვიკვებები.

ცხოველები მიყვარს, თევზებიც მყავს, 2 ფარშევანგი მაჩუქეს და ისე გამრავლდნენ, ახლა 6 მყავს, მეტიც იყო და გავაჩუქე.

ასეთ საინტერესო გარემოში ვარ, სიმშვიდეში და ეს დიდ სტიმულს მაძლევს.

- რა გადააფასეთ ამ გადასახედიდან?

- მაშინ დროის უქონლობის გამო, ბევრი რამ დავიკელი. განა ვინმეს ვაბრალებ, კი არ მაძალებდნენ, მე მინდოდა ასე, ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე, სხვანაირად არ შემეძლო, როცა ვიცოდი, სადღაც საჭირო ვიყავი, ნებისმიერ წუთს პირადად უნდა ვყოფილიყავი ადგილზე. კაბინეტში ცოტა ხნით თუ ჩამეძინებოდა, ტელეფონზე სულ რეკავდნენ, ეს მოხდა, ის მოხდაო.

დღესდღეობით, სადაც გავივლი, ადამიანებისგან იმხელა სითბოს და სიყვარულს, მოკითხვას, დადებით განწყობას ვიღებ, რომ ძალიან მსიამოვნებს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რამე უნდა გადავაფასო. ამაზე მაგარი რა უნდა მიიღო ცხოვრებაში? რაც გამიკეთებია, ესე იგი, სწორად გამიკეთებია.

ერთადერთი, რაც დამაკლდა, დედაჩემი და ჩემი მეუღლე მარტონი იყვნენ, ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ხან ისე გავიდოდი ხანძრის ჩასაქრობად და დავბრუნდებოდი სახლში, ჩემი მეუღლე დილით ტელევიზიიდან იგებდა ამბავს, კი მაგრამ, როდისღა გახვედიო? ახლობლებში, ნათესაობაში, ძმაკაცებში ვეღარ დავდიოდი, სუფრაზე ჩემს წასვლას აზრი არ ჰქონდა, ტელეფონი არ ჩერდებოდა და მაინც გამოსაქცევი ვხდებოდი, ამიტომ ბოლოს აღარც დავდიოდი სადმე.

- მეუღლესთან ერთად სადმე წასვლას ახერხებდით?

- ევროპაში გასვლას უფრო ვახერხებდით. სამბოში 8-ჯერ მოვიგე მსოფლიო პირველობა ვეტერანებს შორის. გიგიმაც (უგულავა) და ყველამ იცოდა, რომ ოქტომბრის ბოლოს ყოველთვის იქ მივდიოდი, 8-ჯერ წავედი და რვაჯერვე მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. მეუღლეც მაგ დროს დამყავდა ხოლმე. საქართველოში ვერსად მივდიოდით, მე სამსახურში მეძინა, ამას - შინ.

- არ აპროტესტებდა?

- ჩვენი პლუსი ისაა, რომ თვითონაც იქ მუშაობდა (სანამ ცოლად მოვიყვანდი, მანამდე), ჩემი განრიგი და ეს სიტუაცია იცოდა და გაგებით ეკიდებოდა. ბოლოს გამაფრთხილა, რაც შესაძლებელია, სახლიდან მაინც გააკეთეო, და როგორც გიამბეთ, ბოლოს ისე გავდიოდი და ვბრუნდებოდი, სატელევიზიო ინტერვიუებიდან იგებდა.

- ახლა რამდენად რომანტიკული მეუღლე ხართ?

- გოგოსთვის ყვავილი არ მიმიტანია არასდროს და ვეხუმრები ხოლმე, აგერ 600 ძირი ვარდი დაგირგე-მეთქი. სამსახურიდან რომ წამოვედი, მერე დავიწყეთ რომანტიკული მოგზაურობები: აფრიკაში, ზანზიბარში ვიყავით, აშშ-ში, თვითონ ბრაზილიაშიც იყო. ბუნება უყვარს და აქ ექსკურსიებზეც დადის ხოლმე ახლობლებთან ერთად.

- სპორტულ შეჯიბრებებში კვლავ აქტიური ხართ?

- ნათქვამი მაქვს, ორჯერ კიდევ უნდა ვიჭიდაო ვეტერანებში და მოვიგო. უბრალოდ, ჯერ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და წელს 2 თვეა, რაც აქილევსის მყესი გამიწყდა და ოპერაცია გავიკეთე. ოქტომბრის ბოლოს ვაპირებდი წასვლას, მაგრამ 6 თვე არ შეიძლებაო, ექიმებმა მითხრეს. ამიტომ წელსაც გამოვტოვე. 10 უნდა შევასრულო, გაისად გავალ. ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი კი ჰქვია, მაგრამ იქ მოუმზადებელი არავინ ჩამოდის, ყველა მაგარ ფორმაშია, ბევრი მსოფლიო ჩემპიონი იყო თავის დროზე. იქ თუ კარგად არ მოემზადე, აზრი არა აქვს, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ. სისტემატურად რომ ვვარჯიშობ, ვიცი, რომ გამძლეობა მაქვს და ვრისკავ, ამიტომაც ვიგებდი სულ.

- აღნიშნეთ, რომ ხშირად მოგზაურობთ. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

- ევროპა თითქმის მთლიანად მაქვს მოვლილი. ყველაზე მეტად პრაღა მომწონს, რაღაცნაირად ჩემად აღვიქვი. თუ ერთ ევროპულ ქვეყანას ნახავ ძირფესვიანად, მერე უკვე სხვისი აღქმაც არ გაგიჭირდება, რაღაცნაირად ჰგავს ერთმანეთს, კულტურა, შენობები, და ადაპტაცია გიადვილდება.

- თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, შენობა-ნაგებობებს სხვა თვალით აკვირდებით, არა?

- კი. ეზოში რაც მაქვს, ყველაფერი ჩემი დიზაინით, ჩემი გემოვნებით გავაკეთე, იქ რაც ვნახე და მომეწონა, აქაურობას მოვარგე, გადმოვიტანე. ქვა, ხე, ძველი კრამიტი და ძველი აგური - ესაა აქ ძირითადად. მთელი ეზო ასე გავაკეთე. ამდენსაუკუნოვანი ქვეყნებია და ეს სიძველეები ხომ ულამაზესია იქ, ბოლო დროს შუშის შენობებიც გვხვდება და ძალიან მომწონს ძველისა და თანამედროვეს შერწყმა.

ჩემს ძმაკაცს დიზაინის ფირმა ჰქონდა და ვთხოვე, დიზაინერი გამომიგზავნე, ეზოს თუ რამე სჭირდება, მირჩიოს-მეთქი. ის გოგონა რომ მოვიდა, დგას და უყურებს, თუ შეიძლება ფოტოს გადავუღებო, ყველაფერი გადაიღო, კართან მოვიდა და კარგად ბრძანდებოდეთო... გამიკვირდა... აქ მე რა უნდა დავამატო, ისედაც ულამაზესიაო, მითხრა.

ძალიან მიყვარს ძველებური ნივთებიც, მაგალითად, პატეფონები მაქვს, სპილენძის ნაკეთობები, ჩემი ძმაკაცები, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, ბაზრობებზე საჩემო ძველ ნივთებს რომ ნახულობენ, სულ მიგზავნიან ან ჩამოაქვთ. მეც მომაქვს ხოლმე. ქვემოთ, ზამთრის საქეიფო ადგილი მაქვს, არყის გამოსახდელი ღუმელი და იქაც საინტერესო რაღაცები მიწყვია.

ჩემს ახლობლებს, მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემთან მოსვლა, ქეიფი და მეც მიხარია, აბა, რისთვის მინდა აქაურობა? ქათამი მყავს, კვერცხია, ხილი, ბოსტნეული, სასმელი, ყველაფერი ნატურალური და რა ჯობია აქ ქეიფს? 1 და 2 ტონა ხილი და ყურძენი რომ მოგივა, სად უნდა წაიღო? უნდა დაარიგო, ვინც მოდის, თან ვატან ხოლმე; ვარდებიც. მოკლედ, ასე ვცხოვრობთ. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ზღვაზე გავიცანით. ფრენბურთელი იყო და დილაობით ორივე ვვარჯიშობდით ხოლმე. ცოლად რომ მოვიყვანე, სიმაღლეში თითქმის ჩემხელა იყო, ასაკით ცოტა პატარაა და რა ვიცოდი, მერე ასე თუ გაიზრდებოდა, ჩემზე მაღალი გახდა (იცინის).

- ასეთ ნატურალურ კვებაზე რომ გყავთ, გაიზრდებოდა, რა თქმა უნდა.

- ნატურალურ საკვებზე რომ გადავიყვანე, ტანი აიყარა. ვეხუმრები ხოლმე, იმდენი გზარდე, გზარდე, ჩემზე მაღალი გაიზარდე-მეთქი. დედისერთაა და ცდილობს დრო ისე გადაანაწილოს, მშობლებიც არ დატოვოს გულდაწყვეტილი. ჩემი მეუღლე ძაღლების მონიტორინგის სამსახურში მუშაობს. ერთმანეთს დაქორწინებამდეც დიდხანს ვიცნობდით და რაც მთავარია, ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს. ერთმანეთს რომ შევხედავთ, უსიტყვოდ ვიცით, რა გვინდა.

ეკონომიკურადაც, ასე თუ ისე, ნორმალურად ვართ, ბიზნესიდან შემოსავალი მაქვს. სამშენებლო ბიზნესში მეგობრებმა ჩამრთეს. დედაჩემი ამბობს ხოლმე, მამაშენი რომ ცოცხალი იყოს, ამას რას წარმოიდგენდაო. მე ბიზნესის ნიჭი არასდროს მქონია, იმ დონეზე ვარ, რომ ჩემი კონკრეტული პროცენტით ოჯახი ნორმალურად ვარჩინო. იმდენად გადავარდნილი ვიყავი ჩემს სამსახურში, იმასაც ვერ მოვიფიქრებდი, რომ რამე უნდა შემეძინა და ის შენაძენი გამომადგებოდა. ეს ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მამაჩემს და დედაჩემს რომ არ ენახათ, არც მექნებოდა. კერძო სახლი ყოველთვის გვინდოდა გვქონოდა და 2002 წელს შევიძინეთ. ჩვენ ზღვისკენ ვცხოვრობდით, კორპუსის ბინაში. მშობლებმა აქაურობა რომ დაათვალიერეს, მომაკითხეს სამსახურში და მითხრეს, წამოდი, ნახე თუ მოგეწონებაო. მაშინ აქ დასახლება არც იყო, მამაჩემმა ააშენა პირველი სახლი. მშენებელი კაცი იყო, მთელი ცხოვრობა შრომობდა, არ გაჩერებულა. 16-სართულიანები, რაც აშენდა კომუნისტების დროს, მამაჩემის აშენებულია, "მაღალმშენში" ინჟინერი იყო.

- როცა ადამიანი ამა თუ იმ მთავრობის დროს რომელიმე სამსახურში მუშაობს, მერე იმ გუნდთან ასოცირდება, თქვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდებოდით? დღეს რა კავშირი გაქვთ მათთან?

- 2004 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მე "ნაციონალურ მოძრაობაში" არავის ვიცნობდი, მაგრამ თურმე მაკვირდებოდნენ, მამოწმეს, მამოწმეს და ბოლოს მთელი სამსახური ჩამაბარეს. მეც გავიარე ბეწვის ხიდზე. მაშინ სასწრაფო დახმარებაც კი ჩემს შემადგენლობაში იყო. თუ სადმე რამე ჩავარდნა იყო, ყველაფერი ჩამაბარეს. ძაღლების მონიტორინგის სამსახურიც ჩემი გაკეთებულია. მე პარტიული არც მაშინ ვიყავი, არც ახლა ვარ და არც არასდროს ვიქნები. ჩემი სამსახურის უფროსს პარტიულად როგორ უნდა მეაზროვნა? ადამიანს უჭირს, უნდა მიხვიდე, დაეხმარო, რა შუაშია პარტიულობა? შენი საქმე გააკეთე და ვინც გინდა, ის იყავი.

- შემოთავაზება თუ იყო, პოლიტიკური სახე გამხდარიყავით?

- შემოთავაზება არა, მაგრამ სხვათა შორის, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ერთხანს მაცადეს და ბოლოს მითხრეს, მოიფიქრე, რჩები თუ არა, რომ ჩვენ ვიცოდეთ, მიმართულებები როგორ განვსაზღვროთო, და მანდ მივხვდი რაღაცებს. ისედაც შეგუებული ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა უნდა წამოვსულიყავი იქიდან. ამიტომ ვუთხარი, კარგად ბრძანდებოდეთ, მე ხელს არ შეგიშლით-მეთქი, დავწერე განცხადება და წამოვედი.

8cd83350-85c0-4c9a-98ce-0f5cbea750de-1725824564.jpg

- "ნაციონალური მოძრაობიდან" თუ იყო შემოთავაზება?

- კი, იყო, 2016 წელს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა, მაგრამ პოლიტიკოსობა ჩემს ხასიათში არ ზის, ვერ ვიქნები, ხალხთან ურთიერთობა კი მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია ერთ ადგილას ჯდომა, სხდომებზე დასწრება, დისკომფორტია. გიგი უგულავა თუ შემატყობდა ხოლმე, რომ ვეღარ ვჩერდებოდი, ზარები არ წყდებოდა, მთავრობის სხდომიდანაც კი მაძლევდა წამოსვლის საშუალებას. მოკლედ, ვისაც ამის ნიჭი აქვს, ჯობია იმან მიხედოს ამ საქმეს. ჩემს სამსახურში მე ვწყვეტდი ყველაფერს, არაფერში ერეოდნენ, მენდობოდნენ, პასუხისმგებელიც მე ვიყავი, პოლიტიკაში კი სხვაგვარადაა ყველაფერი. ბოდიში მოვუხადე და უარი ვუთხარი. მე ამ ხალხს დიდ პატივს ვცემ და ამას არასდროს დავმალავ, რადგან სწორედ მათ ხელში აღორძინდა ჩვენი სამსახური და ამაში ყველანაირად შემიწყვეს ხელი. ყველას შრომა დაფასდა, მანამდე თუ 100 მანეთიც არ იყო ხელფასი, მერე 1500-2000-3000 გახდა, ზოგჯერ თვეში ორჯერაც კი ვუწერდით პრემიებს. ყველა ხელმძღვანელთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მათი მადლიერი ვიქნები ყოველთვის, ამას არ დავმალავ. ერთხელ არავისზე უკადრებიათ, ან ეს დანიშნე, ან ეს ასე ქენიო. სხვა მიდგომები იყო, პროფესიონალებს ენდობოდნენ და ხელს არ უშლიდნენ.

- ახლა თუ აგრძელებთ მათთან პირად ურთიერთობებს?

- რა თქმა უნდა, ისინი ჩემი მეგობრები არიან. ზოგიერთი ახლანდელი დეპუტატი ჩემი მოსწავლე იყო, ზოგის ნათლია ვარ და ამ ყველაფერს პოლიტიკა როგორ გადაწონის? აღმავლობის წლები მათთან ერთად გავატარე, სულ ერთად ვიყავით ჩემი სამსახურის ხალხი. ადამიანთა დიდი ჯგუფია, ვისთანაც ვმეგობრობ, ვახლობლობ. თუ საჭირო ვიქნები, რაც შემეძლება დავეხმარები. არც "ოცნებაში" მყავს ნაკლები ნაცნობები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლობლობას ხაზი უნდა გადაუსვა. პარტიულობა პარტიულობაა.

- თქვენ რას ფიქრობთ "ნაციონალური მოძრაობის" იმ საქმეებზე, რაც მაშინ გახმაურდა და რის გამოც, მათი ავტორიტეტი და რეიტინგი დაეცა?

- ამაზე მე რომ არ ვთქვა რამე, თვითონ მიხეილ სააკაშვილს და არაერთ ლიდერს აქვს ნათქვამი, მათ შორის, გიგი უგულავას, ბოდიში აქვთ მოხდილი ხალხისთვის იმ შეცდომების გამო.

შეცდომები და გადაცდომები იქნებოდა, რადგან ქვეყანა დიდი სისწრაფით შენდებოდა, წინ მივდიოდით და რომ არა შეცდომები, ჩემი გადმოსახედიდან, ხელისუფლებაში კვლავ დარჩებოდნენ. ზოგი რაღაც შესაძლოა ისე არ მომხდარა, როგორც ითქვა, მაგრამ ხალხი რომ აღარ მოგიტევებს, ესე იგი, არის რაღაც... ფაქტია, არჩევნები წააგეს და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარეს.

- "ქართულმა ოცნებამ" დააანონსა, რომ არჩევნების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მასთან ასოცირებულ პირებს, პარტიებს, "განაჩენს გამოუტანს".

- რასაც ვუყურებ, ყველა "ნაციონალური მოძრაობიდანაა" წასული და გამოდის, ყველა უნდა დაისაჯოს.

"ქართულ ოცნებაშიც" რამდენია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და უნდა დაიჭირონ ისინი? ეს დაჭერა რა უბედურებაა...

- ათწლეულებია პოლიტიკაში ერთსა და იმავე სახეებს ვუყურებთ...

- კი, ახალი თაობის იმედი მაქვს, ესენი სხვანაირები არიან. არ დავმალავ, მიტინგებზეც გავდიოდი, მაინტერესებდა, რა ხდებოდა და ამ ახალგაზრდობას რომ ვუყურებდი, მსიამოვნებდა. მართლა განათლებული თაობაა. ადამიანი ჩაცმით თუ საყურით არ უნდა განსაზღვრო, მთავარი მისი პიროვნებაა. მესმის, ჩვენი, ქართული მენტალიტეტი, მაგრამ უკვე XXI საუკუნეა და ამას ჩვენ ვეღარაფერს ვუზამთ, ცივილიზაციაა შემოსული და ეს პატარა ბავშვები ისე დაფრინავენ და ისე შემოუვლიან მსოფლიოს, ჩვენ რომ ვერასდროს წარმოგვედგინა. იმათ სხვა რამეები მოსწონთ, მთავარია, განათლებული და ზრდილობიანი ახალგაზრდები არიან, ერთმანეთზე ზრუნავენ.

იმედი გაჩნდა, რომ ახალი თაობა მეტს შეძლებს და ჩვენ თუ ისევ დაჭერებზე ველაპარაკეთ, არაფერი გამოვა.

- აქტიური შემოდგომა კი გველოდება. ვნახოთ, რა მოხდება არჩევნებზე.

- მგონი, 2012 წელსაც არ ყოფილა ისეთი ინტერესი არჩევნების მიმართ, როგორიც ახლაა. ღმერთმა ქნას, ვინც გაიმარჯვებს, უმტკივნეულოდ ჩაიბაროს მთავრობა და ზედმეტი არაფერი მოხდეს. ხელისუფლების ცვლილების მომენტი ცოტა გვიჭირს ქართველებს. ცივილიზებული გზით უნდა ვიაროთ, ამხელა ისტორიის ქვეყანა ვართ და ვიმსახურებთ სწორ გზაზე ყოფნას.

ჩვენი ხალხი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ჩვენნაირი ქვეყანა მართლაც არ მინახავს, ყველა აღიარებს. ამიტომ მინდა ჩემი ხალხი გაღიმებული და ბედნიერი იყოს. ყველაფერი კარგად იქნება.