კიევმა საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია - "ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილები ვერ იქნებიან" - კვირის პალიტრა

კიევმა საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია - "ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილები ვერ იქნებიან"

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სიბიგამ უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქზე“ დაწერა.

მისი თქმით, „ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან“ და ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევის შესახებ.

„კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიბიგას თქმით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, რისი მიზეზიც „ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ გახდა.

"ინტერპრესნიუსი"