77 წლის განმავლობაში პირველად: CIA და MI6 მსოფლიოს აფრთხილებენ - პუტინი, ჩინეთი და ყველაზე დიდი საშიშროება ცივი ომის შემდეგ - კვირის პალიტრა

77 წლის განმავლობაში პირველად: CIA და MI6 მსოფლიოს აფრთხილებენ - პუტინი, ჩინეთი და ყველაზე დიდი საშიშროება ცივი ომის შემდეგ

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის უწყებათა ხელმძღვანელები პირველად გამოვიდნენ ერთად და საჯაროდ: მათი თქმით, უკრაინის შეჭრამ კურსკის ოლქში რუსეთის ელიტაში ეჭვები გააჩინა“ (ავტორი - ჯონ რეთბოუნი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"უკრაინელთა შეტევამ რუსეთის კურსკის ოლქზე ზიანი მიაყენა ვლადიმერ პუტინის მიერ პროპაგანდირებულ წარმოდგენებს ომზე და კითხვები „გააჩინა“ რუსეთის ელიტაში ომის არსსა და მის მიზნებთან დაკავშირებით", - განაცხადეს მსოფლიოს ორი წამყვანი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელებმა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის - უილიამ (ბილ) ბერნსის თქმით, უკრაინის არმიის ქვედანაყოფების კურსკის ოლქში შეჭრა მნიშვნელოვან ტაქტიკურ მიღწევას წარმოადგენს, რომელმაც, ერთი მხრივ, უკრაინელთა საბრძოლო სული განამტკიცა და მეორე მხრივ, რუსეთის სუსტი მხარეები გამოავლინა.

შაბათს უილიამ ბირნსი და მისი ბრიტანელი კოლეგა - საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS/Military Intelligence, MI6) ხელმძღვანელი რიჩარდ მური „ფაინენშელ ტაიმსის“ ტრადიციულ საჯარო სარედაქციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

როგორც რიჩარდ მურმა აღნიშნა, კურსკის „რკალზე“ განხორციელებული შეტევა „უკრაინელთა ტიპურ გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს... თამაშის წესების შეცვლის მცდელობით, თუმცა მან გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ „ჯერ კიდევ ნაადრევია“ წინასწარ იმის თქმა, თუ რამდენ ხანს შეინარჩუნებს უკრაინის არმია კონტროლს რუსეთის დაკავებულ ტერიტორიებზე.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორი უწყების ხელმძღვანელი ერთად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე, მთელი 77-წლიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ისტორიაში, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ეს შეხვედრა შეიძლება, აგრეთვე, ორივე უწყების იმ იშვიათ ნაბიჯად მივიჩნიოთ, რომ მათ გადაწყვიტეს ჩრდილიდან გამოსვლა და იმ ქვეყნების საზოგადოებას, რომელსაც ისინი ემსახურებიან, ღიად და საჯაროდ განუცხადეს, თუ რა საფრთხეები ელოდება წინ მსოფლიოს.

სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებმა [დასავლურ] საზოგადოებას ამცნეს, რომ საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო მრავალფეროვანი გამოწვევებისა და მუქარების წინაშე დგას - ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის, ევროპაში რუსული სადივერსიო კამპანიის, ჩინეთის გაძლიერებისა და ტექნოლოგიების სწრაფი ცვლილების ჩათვლით.

ერთ-ერთ ასეთ საფრთხეს, რომელსაც ორივე უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი წარმოადგენს. ჟურნალისტთა მიერ დასმული კითხვები, ძირითადად, ეხებოდა მოლაპარაკების დაწყების ალბათობას, ებრაელი მძევლების გათავისუფლების მიზნით, რაზედაც უილიამ ბინსმა უპასუხა, რომ იგი არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად წარმატებული იქნება მოლაპარაკება და გადადგამენ თუ არა მხარეები (ისრაელი და „ჰამასი“) კომპრომისულ ნაბიჯებს: „ეს ძალიან რთულ მიზანს წარმოადგენს და იმავდროულად - უალტერნატივოს“.

68 წლის უილიამ ბერნსი პროფესიონალი დიპლომატია, ამჟამად კი მსოფლიოს უპირველეს მზვერავს წარმოადგენს, ხოლო 61 წლის რიჩარდ მური პროფესიონალი მზვერავია, რომელიც ადრე დიპლომატად მუშაობდა. ორივე ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული არის და ისინი პარალელურად მუშაობდნენ რუსეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.

რაც შეეხება რუსეთს, ორივემ განაცხადა, რომ არავითარი ნიშნები არ არსებობს იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების მიმართ კონტროლს ასუსტებს. თუმცა, რიჩარდ მურის თქმით, „არასწორი იქნებოდა, ერთმანეთში ავურიოთ მტკიცე მაკონტროლებელი ხელისუფლება და სტაბილური ხელისუფლება“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კურსკის ოპერაციამ „რიგით რუსებს ომის საშინელება საკუთარ თავზე აგრძნობინა“.

ორივემ - უილიამ ბერნსმა და რიჩარდ მურმა - ასევე აღნიშნეს, რომ ვლადიმერ პუტინის მუქარები ბირთვული ესკალაციის თაობაზე მსუბუქად არ უნდა იქნეს აღქმული, თუმცა არც დასავლეთი არ უნდა შეშინდეს. „ვლადიმერ პუტინი ხულიგანი და მოძალადეა. იგი დროდადრო იარაღს აჟღარუნებს“, - განაცხადა CIA-ს დირექტორმა.

რუსეთის მიერ ბოლო წლებში ევროპაში განხორციელებული დივერსიული ოპერაციები „უაზრო და აბსურდულია“, რუსული დაზვერვა ველური მეთოდებით სარგებლობს, თუმცა ჩვენთვის, ბრიტანელებისათვის, ეს ახალი არ არის“, - განაცხადა რიჩარდ მურმა, რომელსაც, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა რუსეთის დაზვერვის თანამშრომლების მიერ ორმაგი აგენტის - სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა 2008 წელს სოლსბერში.

უპასუხა რა კითხვას, - შეუძლია თუ არა რუსეთის დაზვერვას ანალოგიური დივერსიული ოპერაციების ჩატარება აშშ-ის წინააღმდეგ ან შეუძლია თუ არა მოსკოვს ხელი შეუწყოს არალეგალურ მიგრაციას აშშ-ში, მექსიკის საზღვრის გავლით? - უილიამ ბერნსმა თქვა: „ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტ ყურადღებას ვუთმობთ. ნაწილობრივ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროპის ქვეყნებმა ბევრი რუსი აგენტი გააძევეს საკუთარი ტერიტორიიდან. ისინი ხომ სადღაც უნდა წავიდნენ და რაღაცით უნდა დაკავდნენ“.

მიუხედავად იმ საფრთხე-მუქარებისა, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს, აგრეთვე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის რისკისა, უილიამ ბერნსმა და რიჩარდ მურმა ხაზი გაუსვეს, რომ მათი, როგორც სადაზვერვო უწყებათა ხელმძღვანელების ყველაზე დიდ პრობლემას ჩინეთის გაძლიერება წარმოადგენს.

CIA-ს დირექტორის თქმით, მისი უწყება ჩინეთის მიმართულებით ბოლო წლებში სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავს (სამმაგი მოცულობით), რომელიც მთელი სადაზვერვო ხარჯების 20%-ს შეადგენს. გარდა ამისა, თვითონ იგი, პირადად, მიმდინარე წლის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდა ჩინეთში, მოსალაპარაკებლად, რათა ორივე მხარეს - ვაშინგტონსა და პეკინს - „თავი აერიდებინათ გაუგებრობებისთვის, რომლებიც არც ერთს არ სჭირდება“.

რიჩარდ მურმა, თავის მხრივ, თქვა, რომ ბრიტანული დაზვერვა „აუცილებლად“ მიიჩნევს რეგულარულ კონტაქტებს ჩინელ კოლეგებთან.

ორივე კოლეგამ აღნიშნა, რომ მათი ერთობლივი გამოსვლის მიზანი არის ის, რომ ხაზი გაესვას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობის სიმტკიცეს, უპრეცედენტო გლობალური რისკების პერიოდში.

„მსოფლიოში არსებული საერთაშორისო წესრიგი... ამჟამად ისეთი საფრთხის ქვეშ იმყოფება, რომელიც ცივის ომის დროიდან არ გვინახავს“, - განაცხადეს უილიამ ბერნსმა და რიჩარდ მურმა. „სწორედ ამ რისკთან ბრძოლა არის ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობის საფუძველი, რომელიც მომდევნო ასწლეულშიც ასევე გაგრძელდება“, - ხაზი გაუსვა ორივემ.

ამერიკული CIA-სა და ბრიტანული MI6-ის ხელმძღვანელების შაბათის შეხვედრას მხოლოდ ერთი მოვლენა შეიძლება შევადაროთ - 2022 წლის ივლისში ლონდონში ჩატარებული პრეს-კონფერენცია, რომელშიც MI6-ის შიდადაზვერვის ხელმძღვანელი კენ მაკალუმი და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) უფროსი ქრისტოფერ რეი მონაწილეობდა.

წყარო