"უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე"
განსხვავებით ელჩის გაწვევისგან ეს არ არის პოლიტიკური აქტი, არამედ უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, არ უნდა შეეძინა ომის პირობებში - სარეცხის მანქანებზეა საუბარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც განმარტა, საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაწვევის გადაწყვეტილება.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტისგან განსხვავებით, 2021 წელს საქართველოდან ელჩის გაწვევა ნამდვილად პოლიტიკური აქტი იყო.
„რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება რაც თავის დროზე 2021 წელს იქნა მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენს გვაქვს. ანუ განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით არ უნდა შეეძინა ომის პირობებში სარეცხის მანქანებზეა საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.
IPN