"კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის - ის საქართველოს მოქალაქეებს 14-მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს"
ირაკლი კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომ მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის ქმნის.
მისი შეფასებით, ეს ინიციატივა, ქვეყანაში თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა.
„თუ „რუსულ კანონს" გააუქმებენ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება, მაგრამ, რატომ უნადგურებენ საქართველოს მოქალაქეებს იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეიძლება გადანაწილდეს? მთავარი ის არის, რომ ეს თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა ქვეყანაში. კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციების ფულს პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის. კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს 14 მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.
IPN