სირსკის აღიარება: რა გახდა უკრაინული F-16-ის კატასტროფის მიზეზი?! - შეტევა რაკეტაზე თუ "პეტრიოტის" მეგობრული ცეცხლი
უკრაინული F-16-ის კატასტროფის ჩვენი ვერსია მართლდება?
„ახალმიღებული F-16 -ებით უკრაინელმა მფრინავებმა პირველად განახორციელეს რუსული „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებსა და „კალიბრის“, ასევე X-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებზე საჰაერო ნადირობა და არ ემუქრებოდათ საპასუხო ცეცხლის გახსნა მათგან.
თუმცა გასულ წელს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც უკრაინული МиГ-29 ძალიან ახლოს მიუახლოვდა რუსულ „შაჰიდს“ ჰაერში და ავტომატური ქვემეხის 30 მმ-იანი კალიბრის ჭურვებით ააფეთქა ის, მაგრამ აფეთქებული „შაჰიდის“ (მისი საბრძოლო ქობინი 50 კგ-მდე იწონის) ნამსხვრევებმა ისე დააზიანეს ამ МиГ-29-ის პილოტის კაბინა, რომ უკრაინელ მფრინავს კატაპულტირება მოუწია და ასე შეიწირა ერთჯერადმა რუსულ-ირანულმა „შაჰიდმა“ 18+ტონიანი უკრაინული „მიგი“...
ამიტომაც ბოლომდე არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ უკრაინულ F-16-ის კატასტროფასთან დაკავშირებითაც შეიძლება, ანალოგიურად განვითარდა მოვლენები...“ - ამას ვწერდით 30 აგვისტოს „არსენალის“ ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიაში - „უკრაინული F-16-ების პირველი საბრძოლო დანაკარგი... თავისივე "პეტრიოტისგან"? - რა გახდა სამხედრო ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც უკრაინელი მესი შეეწირა - სენსაციური მოსაზრებები“...
26 აგვისტოს უკრაინის ცაში კატასტროფაგანცდილ პირველ F-16-თან დაკავშირებით, რასაც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი უკრაინელი სამხედრო მფრინავის დაღუპვაც მოჰყვა, საერთოდ სხვა, სენსაციურ მიზეზს ასახელებდა მარიანა ბეზუგლაია - უკრაინის უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ურცხვად იტყუება, მფრინავი ალექსეი მესი და მისი F-16-ი... უკრაინული „პეტრიოტიდან“ გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ შეიწირა, რაც დანაშაულებრივი არაკოორდინაციისა და არაპროფესიონალიზმის ბრალიაო...
უკრაინელი დეპუტატის ამ ბრალდებას მეორე დღესვე მოჰყვა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლება, რამაც გააძლიერა ეჭვი, რომ სწორედ საჰაერო ძალების სარდლობის მხრიდან არაკოორდინირებული მოქმედებების გამო იქნა ჩამოგდებული თავისივე საბრძოლო თვითმფრინავი...
თუმცა გუშინ CNN-ის ექსკულუზიურ ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ შემდეგი განაცხადა, - მფრინავმა, რომელიც დაიღუპა, ორი რაკეტა ჩამოაგდო და საბორტე შეიარაღების გამოყენებით მესამე ფრთოსან რაკეტაზე მიჰქონდა იერიშიო...
თუკი უკრაინის მთავარი სამხედრო სიმართლეს ამბობს, გამოდის, რომ მფრინავი ალექსეი მესი თავისი F-16-ით „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებს კი არა, არამედ - ბევრად უფრო სწრაფ რუსულ ფრთოსან რაკეტებს, „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის Х-101-ებს ან საზღვაო ბაზირების „კალიბრებს“ უტევდა.
რუსულ „კალიბრსა“ და Х-101-ზე 400-400 კგ მასის საბრძოლო ქობინები აყენია (სტრატეგიულ Х-101-ზე ბოლო დროს მეორე ქობინის დაყენებაც დაიწყეს, საწვავის შემცირების ხარჯზე), რაც აფეთქების სიძლიერით ბევრად აღემატება „შაჰიდის“ 50 კგ-იან საბრძოლო ქობინს.
შესაბამისად, ის ვერსია, რომ უკრაინული F-16-ი თავისი საბორტე შეიარაღების გამოყენებით აფეთქებული რუსული ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევებს ვერ აცდა, ძლიერდება. მით უმეტეს, თუკი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტების (რომელთა გაშვებისას დაცულიყო უნდა იყოს მინიმალური უსაფრთხო მანძილი საჰაერო სამიზნემდე) ნაცვლად, გამოყენებული იქნა საბორტე ექვსლულიანი ავტომატური ქვემეხი M61A1, რომლის 20 მმ კალიბრის ჭურვების მიზანში ზუსტად მოსახვედრად მართლაც აუცილებელია საჰაერო სამიზნესთან რაც შეიძლება ახლოს მისვლა, მიზანში მოხვედრის ალბათობის გასაზრდელად...
და მიუხედავად ყველაფერი ამისა, მაინც რჩება ეჭვი, რომ არც უკრაინულ და არც ამერიკულ მხარეს არ აწყობს, დადასტურდეს „პეტრიოტისა“ და F-16-ის „მჭიდრო, საბედისწერო კავშირი“ და მალე ოფიციალურად სულ სხვა ვერსია გაჟღერდება - არადა, რატომღაც არ ვრცელდება კატასტროფაგანცდილი F-16-ის ფრაგმენტების ფოტოვიდეოკადრები, რომელთა დეტალურად დათვალიერების შემდეგ (თუკი ისინი მაღალი ხარისხის იქნება), თითქმის უშეცდომოდ შეიძლება იმის თქმა, თუ რა გახდა უკრაინის ციდან პირველი ნაჩუქარი „მებრძოლი შევარდნის“ ჩამოვარდნის მიზეზი...