"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პროფილი შეუცვალოს და სამთავრობო ორგანიზაციად გადააქციოს - ანგრევენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პროფილი შეუცვალოს და სამთავრობო ორგანიზაციად გადააქციოს - ანგრევენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს"

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პროფილი შეუცვალოს და სამთავრობო ორგანიზაციად გადააქციოს - ეს განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანგრევენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს საქართველოში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისუფალი არასამთავრობო სექტორის მოსყიდვა უნდა, რათა მათი მხრიდან კრიტიკის ხმა არ ისმოდეს.

"დღეს, "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუცვალოს, ფაქტობრივად, პროფილი და გადააქციოს სამთავრობო ორგანიზაციად. ბიუჯეტიდან აპირებენ იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ. ამით, ფაქტობრივად, უნდათ თავისუფალი არასამთავრობო სექტორის მოსყიდვა, რათა მათი მხრიდან არ ისმოდეს კრიტიკის ხმა. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო, რომ იგი თავისუფალია ხელისუფლების ზემოქმედებისგან და მისი მეშვეობით ხდება საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კონტროლი. იმიტომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რომ მათ უნდათ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა და ძარცვონ ბიუჯეტი და არ ჰყავდეს არავინ მაკონტროლებელი," - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

IPN