"სადაც გინდა იქ გაქვს სახლი" - როგორია მანქანაში მცხოვრები წყვილის სასიყვარულო ისტორია?
გიორგი ჯობავა და მისი მეუღლე სალი წვერავა შვიდი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ აქედან იწყება მათი საოცარი მოგზაურობები და დაუვიწყარი თავგადასავლები, რომელსაც სოციალურ ქსელში თავიანთ მრავალრიცხოვან აუდიტორიას უზიარებენ.
- მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და როგორ იწყება თქვენი და თქვენი მეუღლის ერთობლივი ისტორია და რატომ გადაწყვიტეთ ასე საჯარო გაგეხადათ თქვენი ცხოვრება?
ჩვენი ურთიერთობაც იწყება გადაღებით. 7 წლის წინ, როცა რაღაც ახალი მინდოდა გადამეღო, გადავწყვიტე გოგო მეპოვა, ვისაც ლამაზ ვიდეოს გადავუღებდი. სრულიად შემთხვევით, "ფეისბუქმა" სქროლვისას, შემომთავაზა სალის მეგობრებში დამატება, შევხედე, მომეწონა ვიზუალი და მივწერე. შევთანხმდით გადაღების დღეზე. მოვიდა ეს დღეც და მე დამავიწყდა… სალის არ ესიამოვნა და ყველანაირად ვეცადე, რომ როგორმე კიდევ დამეთანხმებინა. დამთანხმდა, შევხვდით გამთენიისას, მზის ამოსვლისას მინდოდა გადაღება. და ეს შეხვედრა იყო დაუვიწყარი. რომ მივედი მისამართზე, ჯერ კიდევ ბინდი იყო, მანქანაში ვიჯექი. ცარიელი იყო ქუჩები და უცებ გამოჩნდა ქერათმიანი, თხელი, ნაზი გოგო… გამცრა ტანში, საერთოდ დამავიწყდა რისთვის მოვედი ამ დილაუთენია და რა იყო მიზანი. უბრალოდ, "დავშტერდი" და საერთოდ დავკარგე ფიქრის უნარი. ზუსტად ისეთი იყო სალი, როგორიც ჩემს წარმოსახვაში არსებული ოცნების ქალი. ყველას ხომ ჰყოლია წარმოსახვითი ადამიანი, რომელზეც გიჟდება, უყვარს. აი, ზუსტად ფიქრებიდან და ოცნებებიდან გადმოვარდნილი გოგო ვნახე რეალობაში. მოკლედ, ყველანაირად ვეცადე რომ ეს შეხვედრა არ დამთავრებულიყო და რაც შევძელი იყო ის, რომ 2 დღე გაგრძელდა ეს შეხვედრა - ვიბოდიალეთ, ვისეირნეთ, ლუდი დავლიეთ, ჩუმადაც ვიყავით და მოკლედ, ჩემი ოცნების გოგოსთან ერთად აღმოვჩნდი სრულიად შემთხვევით, სრულიად უგემოვნოდ ჩაცმული, სრულიად დაუგეგმავად და გაუაზრებლად... უბრალოდ, გაოგნებული ვიყავი... არანაირი ლტოლვა და ცხოველური ინსტინქტი, მხოლოდ გაოგნება და მღელვარება იყო, რაც მე იმ ორ დღეში დამემართა და იმის მერე დღემდე მჭირს. ჩვენი ცხოვრების გასაჯაროებაა არ ყოფილა გეგმა. ეს მოხდა თავისთავად. შეხვედრის დღიდან ყველაფერს ვიღებდით, შეხვედრის მიზეზიც გადაღება იყო და ასე უბრალოდ თავისით აღმოჩნდა, რომ უამრავი ვიდეო დაგვიგროვდა. გვსიამოვნებდა სრულიად უცხო ადამიანის კეთილი სიტყვები და ასე ნელ-ნელა ძალაუნებურად შევყევით ამ ამბავს. ვიღებთ თითქმის ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და ვინახავთ, რომ უამრავი წლის მერე ერთი უდიდესი არქივი დაგვიგროვდეს და შევძლოთ ჩვენი ცხოვრების ყველა მომენტით ტკბობა.
-სამი შვილი გვყავს - 9 წლის მია, 5 წლის სებე და 2 წლის ნოა. ისინი ჯერ სულ პატარები არიან და სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად ისე აქტიურად ვერ ახერხებენ მოგზაურობას, რადგან ფიზიკურად ვერ ვეტევით ამ სახლ-მანქანაში და ასაკიდან გამომდინარეც, გაუჭირდებათ ჩვენთან ერთად მგზავრობა, მაგრამ ისინიც ძალიან დაინტერესებულები არიან და სულ უყურებენ ჩვენ ვიდეოებს...
- საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქციეთ სოციალურ ქსელებში თქვენი პროფესიული, ცხოვრების სტილისა და ოჯახური ვიდეოების გამოქვეყნებით. გამომწერებს არაერთი კითხვა უჩნდებათ. მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ სახლ-მანქანაში, რამდენად კომფორტულია ის სამოგზაუროდ და ადამიანის საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობა თუ გაქვთ?
სახლ-მანქანაში ცხოვრება რთული კი არა, ერთი დიდი ბედნიერებაა. სადაც გინდა იქ გაქვს სახლი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ ვიცი, როგორ მაგრამ შევძელით რომ ამ მანქანაში ყოფილიყო უთბილესი აურა. აი, სტუმრად ხარ და სახლში რომ ბრუნდები, გეუფლება რაღაც სიმშვიდის და კომფორტის გრძნობა, შენ სახლში რომ ხარ, შენს საწოლში რომ უნდა დაიძინო... აი, ზუსტად ეგ გრძნობა გვეუფლება აქ რომ შემოვდივართ. ეს ჩვენი პატარა, მყუდრო სახლია, რომელიც დაგორავს. მაქსიმალურად, ყველა კომფორტი გვაქვს. “ecoflow”-ს უძლიერესი ელექტრო სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ უთო, ფენი, მადუღარა, ტოსტერი და ა.შ. გვაქვს 350-ლიტრიანი წყლის ავზი, სამზარეულო, გაზქურა, 2 ადამიანზე გათვლილი რბილი საწოლი. მოკლედ, ყველაფერი, რაც გვჭირდება. იხილეთ სრულად