"ომი" ტურისტებთან: საბერძნეთს უცხოელმა დამსვენებლებმა თავი მოაბეზრეს - რა შეზღუდვების დაწესებას აპირებს ოფიციალური ათენი?! - კვირის პალიტრა

"ომი" ტურისტებთან: საბერძნეთს უცხოელმა დამსვენებლებმა თავი მოაბეზრეს - რა შეზღუდვების დაწესებას აპირებს ოფიციალური ათენი?!

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „საბერძნეთი ხისტ ზომებს იღებს ჭარბი ტურისტული ნაკადის შესაკავებლად“ (ავტორები - ელენი ვარვიციოტი და ბარნი ჯონსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საბერძნეთის განცხადებით, ხელისუფლება ზომებს მიიღებს დამსვენებლებისადმი ბინის მოკლევადიანი მიქირავებისა და საკრუიზო გემების მოძრაობის შეზღუდვისათვის - ტურისტების ზედმეტი ნაკადის შეკავების კომპლექსური ღონისძიებების ჩარჩოებში.

მაგრამ როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, შეზღუდვები, დიდი ალბათობით, ზიანს მიაყენებენ ეკონომიკის ტურიზმის დარგის განვითარებას იმ დროს, როცა საბერძნეთი უცხოელი მოგზაურებისა და დასვენების მოყვარულთა რეკორდული რაოდენობის მიღებისათვის ემზადება.

„ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკას სამუშაო ადგილებითა და რესურსებით უზრუნველყოფს, მაგრამ ამ დარგმა განსაკუთრებული წილი უნდა გადაიხადოს სოციალურ შემოსავლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ - სალონიკში ყოფნის დროს.

ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, ისეთებში, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი, გაძლიერდა შიში იმ ზიანის გამო, რომელიც ადგილობრივ ბუნებასა და გარემოს ადგება, ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, რომელსაც ხელისუფლება თითქმის არ არეგულირებს.

ამავე დროს, როგორც „ფაინენშელ ტაიმსს“ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ოლღა კეფალოჯინიმ განუმარტა, „საბერძნეთში, რასაკვირველია, ზედმეტი ტურისტები არ არიან, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ჭარბი კონცენტრაცია, განსაზღვრულ რაიონებში პიკური პერიოდების დროს“.

ოლღა კეფალოჯინის თქმით, საბერძნეთი ისწრაფვის, ტურისტების ზრდა დააბალანსოს, როგორც კულტურისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

ეკონომისტთა შეფასებით, ტურიზმის წვლილი საბერძნეთის მთლიან შიდაპროდუქტში (მშპ) 25%-ზე მეტს შეადგენს, კირიაკოს მიცოტაკისი კი ერთდროულად ტურისტთა რაოდენობის დარეგულირებასა და ტურიზმით შემოსავლების ზრდას ითხოვს - მას სურს, რომ ტურიზმმა ქვეყნის ეკონომიკაში წამყვანი როლის შესრულება გააგრძელოს.

„ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ საბერძნეთი იმ ქვეყნად არ გადავაქციოთ, რომელიც ტურისტებს არ მიესალმება“, - განაცხადა მინისტრმა კვირას, 8 სექტემბერს.

კირიაკოს მიცოტაკისმა გამოაცხადა, რომ ყველაზე პოპულარული კუნძულების - სანტორინისა და მიკონოსის - მიმართულებით მოძრავი საკრუიზო ლაინერების მგზავრებისათვის 20 ევროს დამატებითი გადასახადის გადახდა არის დაწესებული. როგორც ცნობილია, ზაფხულის თვეებში საბერძნეთის ყველაზე პოპულარული კუნძულების საზღვაო ნავსადგურებში უამრავი საკრუიზო გემი შედის, რომლებსაც ათასობით ტურისტი გადაჰყავს.

ჯორჯ კუბენასის, საბერძნეთის საკრუიზო გემების მფლობელთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება არაშორსმჭვრეტელურია და უსამართლოდ არის მიმართული საკრუიზო ლაინერების მგზავრების წინააღმდეგ. „განა გემების მგზავრები ადგილობრივ ბუნებას რაიმე ზიანს აყენებენ? ისინი არ სარგებლობენ ადგილობრივი ინფრასტრუქტურით, მაგალითად, წყალსადენით და ელექტრომომარაგებით, რასაც სხვა ტურისტები აქტიურად იყენებენ“,- თქვა ჯორჯ კუბენასმა და აღნიშნა, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა ერთიანი გადასახადის დაწესება ყველა ტურისტისათვის - ისე, როგორც იხდიან ისინი იტალიის ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, ვენეციაში.

კუბენასმა, ასევე, წამოაყენა წინადადება, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა დაადგინონ გემების ზუსტი რაოდენობა და შეადგინონ საკრუიზო გემების განაწილების მკაფიო გრაფიკი, ტურისტების ნაკადის მართვისათვის პატარა კუნძულების ნავსადგურებში.

ესპანეთში მიღებული შეზღუდვის კვალობაზე, საბერძნეთიც ცდილობს, ზომები განახორციელოს ბინების მოკლევადიანი დაქირავების საკითხში, რომელიც ონლაინპლატფორმების მეშვეობით ხორციელდება (მაგალითად, Airbnb-ების საშუალებით).

კირაკოს მიცოტაკისის თქმით, შემოღებული იქნება ბინების დაქირავების წლიური აკრძალვა ათენის სამ რაიონში. ტურისტები, სანამ კუნძულებზე გაემგზავრებიან, თავიანთი შვებულების დიდ ნაწილს სწორედ საბერძნეთის დედაქალაქის ისტორიული ნაწილით იწყებენ და ხშირად იქვე ამთავრებენ.

ანდრეას ჩიუს, უძრავი ქონების მფლობელ ბერძენთა კავშირის პრეზიდენტის თქმით, ასეთი აკრძალვა გამოწვეულია სასტუმროების მფლობელთა ზეწოლით, რომლებიც საცხოვრებელი ბინების მოკლევადიან დაქირავებას კონკურენციად აღიქვამენ. მან გააკრიტიკა პრემიერის კიდევ ერთი ახლადმიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თუ უძრავი ქონების (ბინების) მფლობელები გრძელვადიან იჯარაზე გადავლენ, მაშინ ისინი სამი წლის განმავლობაში გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდებიან. „როგორ შეუძლია ისეთ მფლობელს გრძელვადიან იჯარაზე გადასვლა, რომელმაც თავისი ბინა მოკლევადიანი იჯარისთვის გაარემონტა?“, - ამბობს ანდრეას ჩიუ და იმის მაგალითს იხსენებს, თუ როგორ თქვეს უარი მსგავს გადასახადზე აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში.

კიდევ ერთი სიახლე: პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აპრილიდან ოქტომბრამდე სასტუმროებსა და ბინებში მოკლევადიანი ცხოვრების დროს დაწესდება სპეციალური გადასახადი, შემოსავლები კი ტურისტულ ზონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

იტალიამ ამას წინათ დაგეგმა გადასახადების მომატება ტურისტებისათვის, იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს მათ „პასუხისმგებლობით მოგზაურობას“ - ისინი 25 ევროს გადაიხდიან ლუქსის ნომრებში დღეღამურად ცხოვრებისას ანუ ამით წინასწარ გაფრთხილებულნი იქნებიან, რომ ზიანი არაფერს მიაყენონ.

იანის პარასკისის - საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაციის პრეზიდენტის აზრით, გადასახადების შემოღება საბერძნეთს ნაკლებკონკურენტუნარიან ქვეყნად გადააქცევს. „საბერძნეთის ტურისტული დარგი ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია და ბოლომდე არ გამოსულა ათი წლის წინ მომხდარი ეკონომიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ნეგატიური მდგომარეობიდან.

„ჩვენ ფრთხილი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, ჩვენს ხმელთაშუაზღვისპირელ კონკურენტებთან შედარებით“, - ამბობს პარასკისი, - „საბერძნეთში ტურიზმს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით“.

საბერძნეთის ბანკის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანას რეკორდული რაოდენობის სტუმარი ეწვია - 36,1 მილიონი ადამიანი, ხოლო 2024 წლის პირველ ნახევარში ტურისტთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც იმას მოწმობს, რომ მიმდინარე წელი კიდევ უფრო მეტად რეკორდული იქნება.

წყარო: