მოღალატე მოლდოველი გენერალ-მაიორი, რომელმაც ქართული იცის - როგორ ემზადება პუტინი მოლდოვაზე კონტროლის დასამყარებლად
სულ რამდენიმე კვირაში მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რის შემდეგაც ძალაუფლება შესაძლოა, კვლავ პრორუსული ძალების ხელში აღმოჩნდეს. დღეს კი მოლდოვა რუსეთის მიერ ორგანიზებული "ჰიბრიდული ომის“ ცეცხლის ქვეშაა. კრემლი დიდი ხანია, გულმოდგინედ ემზადება ამ ქვეყანაზე კონტროლის დასაბრუნებლად, რისთვისაც იყენებს დიპლომატიურ ხრიკებს, სპეცსამსახურების აგენტურას, დეზინფორმაციას, მოლდოველი „პატრიოტების“ კონტროლირებად ჯგუფებს, ქვეყანაში არეულების პროვოცირებისთვის, ეკონომიკურ წნეხს და ა.შ.
რუსული "რბილი ძალის" მოქმედება გადანაწილებულია რუსეთის სპეცსამსახურების საფარ საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო ორგანიზაციებზე: „რუსკი დომ“, „როსოტრუდნიჩესტვო“, „სპუტნიკ მოლდოვა“ და სხვ. თუმცა რუსული „რბილი ძალის“ მთავარი დასაყრდენი და „კრაზანების ბუდე“ მაინც კიშინიოვში მდებარე რუსეთის საელჩოა. სწორედ იქ იმყოფება რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვების რეზიდენტურები. თუ რუსეთის საგარეო დაზვერვის (ეფ-ეს-ბეს მე-5 სამსახური -„ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური“ და საგარეო დაზვერვის სამსახური) ოფიცრები „სამოქალაქო დიპლომატებად“ ინიღბებიან, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები (ვითომდა „სამხედრო დიპლომატები“) სამხედრო წარმომადგენლობის (ატაშატის) აპარატს აფარებენ თავს.
რუსეთის საელჩო კიშინიოვში: კრემლის სპეცსამსახურების „კრაზანების ბუდე“.
დღეს ერთად გავეცნოთ მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების ფარული ოპერაციების რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს, კერძოდ, „გავლენის აგენტებისა“ და „აგენტი ინფორმატორების“ მოქმედებებს, ამ ქვეყანაში პრორუსული ხელისუფლების მოსაყვანად.
2024 წლის 5 ივნისს ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლდოვას რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ იგორ გორგანს მრავალწლიანი საიდუმლო კონტაქტები ჰქონდა მოლდოვაში, რუსეთის საელჩოში მომუშავე სამხედრო წარმომადგენლობის (ატაშატის) ოფიცრებთან. უკვე დიდი ხანია, საიდუმლო არაა, რომ ვითომდა „სამხედრო დიპლომატები“ რეალურად სამხედრო მზვერავები არიან და ყველა „ნორმალური“ ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობა (ატაშატის აპარატი) აგენტურის გადაბირებითა და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებითაა დაკავებული. ამიტომაც არსებობს „წითელი ხაზები“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ან გენერალური შტაბის მოქმედმა თუ გადამდგარმა მაღალი ჩინის ოფიცრებმა სხვა ქვეყნის საელჩოს სამხედრო წარმომადგენლებთან ურთიერთობისას არ უნდა გადაკვეთონ. თუ მათი კონტაქტები ცილდება ოფიციალურს, მაშინ „რაღაც ხდება“ ან უკვე მოხდა და ერთ-ერთი მათგანი უკვე გადაბირებული აგენტია.
გენერალ გორგანის ბიოგრაფია ძალზე საინტერესოა. ის 1969 წლის 2 აგვისტოს მოლდოვაში (დუბოსარი) დაიბადა, 1987 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, ორი წლის შემდეგ ჩაირიცხა ნოვოსიბირსკის საერთო საჯარისო უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, სადაც 1991 წლამდე იმყოფებოდა. ჩემი აზრით, სწორედ მაშინ მოხდა იგორ გორგანის გადაბირება ამ სამხედრო სასწავლებელში „მოფუთფუთე“ კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვის (მე-3 მთავარი სამმართველო)
მოლდოვას გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი იგორ გორგანი
„ოსობისტების“ მიერ. საბჭოთა იმპერიაში განსაკუთრებული ყურადღება სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა ოფიცრების გადაბირებას ექცეოდა, რაც, ძირითადად, სამხედრო კარიერაში დახმარების დაპირების ან/და კომპრომატებით დაშანტაჟების გზით ხდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი, ადრე გადაბირებული ოფიცერი ახლად წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების სისტემაში მალევე დაწინაურდა, რაც პროფესიონალი კადრების სიმცირის პირობებში, გასაკვირი სულაც არ იყო. თუმცა ისინი, „პატრიოტებად“ შენიღბულნი, უკვე რუსეთის საქმეს აკეთებდნენ, ზოგი - იძულებით, ზოგიც - ნებაყოფლობით. მათი „აგენტურული“ და „პირადი“ საქმეები მოსკოვში ინახებოდა (ახლაც იქ ინახება), რაც სამწუხაროდ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ზემოქმედების დიდი ბერკეტი იყო და არის. ამიტომაა საჭირო გონივრული და კარგად ორგანიზებული, არაპოპულისტური, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით გამყარებული საბჭოთა/რუსეთის აგენტურის ლუსტრაცია.
გენერალი ალექსანდრე გორგანი: „კვიცი გვარზე ხტის“.
დავუბრუნდეთ იგორ გორგანის ბიოგრაფიას. მისი სამხედრო კარიერა ძალზე სწრაფად მიიწევდა წინ, რასაც ისიც უწყობდა ხელს, რომ იგორ გორგანის მამა, გენერალ-მაიორი ალექსანდრე გორგანი, ყოფილი საბჭოთა ოფიცერი, 1991-1995 წლებში ჯერ მოლდოვას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 1995-1997 წლებში - მოლდოვას უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, დღეს კი მოლდოვას სამხედრო ვეტერანთა ერთ-ერთ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ორი ათეული წლის წინ ალექსანდრე გორგანზეც იყო ეჭვი, რომ „რუსეთზე მუშაობდა“, თუმცა მოლდოვას ხელისუფლების უმაღლეს პოსტებზე ყოველთვის იყვნენ რუსეთის „გავლენის აგენტები“, რომლებიც „თავისიანებს“ იცავდნენ და პატრონობდნენ.
იგორ გორგანი 23 წლის ასაკში უკვე ასმეთაური იყო. სულ რამდენიმე წლის შემდეგ კი მისმა „პატრონებმა“ წარმატებით ჩაატარეს ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის სტრუქტურებში ახალგაზრდა მოლდოველი ოფიცრის „ჩანერგვის“ ოპერაცია. იგორ გორგანი ერთი წელი (2001-2002 წლების პერიოდში) აშშ-ის ერთ-ერთ სამხედრო კოლეჯშიც სწავლობდა. 2003 წლიდან კი ის უკვე აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოსა და ერაყში. ძალზე საინტერესოა ერთი გარემოებაც: იგორ გორგანი თავის CV-ში მიუთითებს, რომ ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და... ქართულ ენებს. რა მიზნით უნდა ესწავლა ახალგაზრდა მოლდოველ ოფიცერს, უცხოელისთვის არც მთლად იოლად ასათვისებელი ქართული ენა? ეს მისი სურვილი იყო თუ მისი „პატრონების“ რომელიმე ფარული გეგმის ნაწილი? იმედია, ამ კითხვებზე პასუხს ადრე თუ გვიან გავიგებთ.
2006 წელს ხანგრძლივი მივლინებიდან სამშობლოში დაბრუნებული იგორ გორგანი მოლდოვას შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში J7 სამმართველოს (საბრძოლო მომზადება და სწავლება) უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
იგორ გორგანი პირველად 2013 წელს გახდა ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსი, მაგრამ სამი წლის შემდეგ, 2016 წელს, გორგანი თანამდებობიდან გაათავისუფლა ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი შალარუმ, რომელიც დღეს ამტკიცებს, რომ თავიდანვე ეჭვობდა იგორ გორგანის ღალატს.
ორი წლის მანძილზე გორგანი ფორმალურად თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდა, ფაქტობრივად კი უფუნქციოდ იყო. 2018 წელს გორგანი მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნეს. ერთი წლის შემდეგ მოლდოვას პრორუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რთული შიდაპოლიტიკური მანევრების შემდეგ შეძლო კრემლის დავალების შესრულება და იგორ გორგანი გენერალური შტაბის უფროსად დააბრუნა, მაგრამ მოლდოვას ახალმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ, 2021 წლის დასაწყისში, გორგანი თანამდებობიდან კვლავ გაათავისუფლა. თუმცა გენერალი მალევე გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მოლდოვას განყოფილების უშიშროების სამსახურის უფროსად მოგვევლინა და მის ფუნქციებში უკრაინიდან ლტოლვილების უსაფრთხოების საკითხებიც შედიოდა.
გაეცნობი იგორ გორგანის ბიოგრაფიას და თავიდან იფიქრებ: ერთი, ჩვენსავით ჯერ კიდევ პოლიტიკურად „დაულაგებელი“ ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნის ისტორიაა და არაფერი კრიმინალური აქ არ ჩანსო. თუმცა მოთმინება, ცოტა მოთმინება.
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა და ეს უპირველესად აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურების მოქმედებას ეხება. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ მათ უზარმაზარი საინფორმაციო ბაზა და მრავალფეროვანი „დოსიეები“ გააჩნიათ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, დღეს კი დამოუკიდებელი ქვეყნების, სამხედრო-პოლიტიკური ელიტის, „ეკონომიკის მამების“, ბიზნესმენებისა და ყველა „გადაწყვეტილების მიმღები პირის“ სხვადასხვა კანონდარღვევის შესახებ. სხვა ვითარებაში შესაძლოა, ეს კომპრომატი კვლავ სპეცსამსახურების არქივებში დარჩენილიყო, თუმცა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, მოლდოვაზე „ჰიბრიდულმა შეტევებმა“ აშშ და ევროპის ქვეყნები აიძულა, საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ფარულად მასმედიისთვის გადაეცა. ჩემი აზრით, სწორედ ამ დაპირისპირებას „ემსხვერპლა“ გენერალი იგორ გორგანიც.
2024 წლის 5 ივნისს რამდენიმე ინტერნეტპორტალმა გამოაქვეყნა იგორ გორგანისა და მოლდოვაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ერთ-ერთი ოფიცრის, რეალურად კი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გე-ერ-უს) პოლკოვნიკის, ალექსანდრე მაკაროვის მიმოწერა, რომელიც ტელეგრამ-არხების საშუალებით ხორციელდებოდა. ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ უკვე შეიძლება თამამად ვთქვათ: მოლდოველი სამხედრო მაღალჩინოსანი წლების მანძილზე „რუსეთზე მუშაობდა“.
ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან (ჩემი აზრით, უფრო „დასავლეთის“ ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული დოკუმენტებიდან) ირკვევა, რომ გენერალ გორგანს ხშირი არაოფიციალური კონტაქტები ჰქონდა მოლდოვაში რუსეთის სამხედრო ატაშეებთან: პოლკოვნიკ ვადიმ უხნალიოვთან, პოლკოვნიკ იგორ დოვბნიასა და ატაშატის თანამშრომელ პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვთან. ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა ამის დამადასტურებელი სატელეფონო ჩანაწერები და ფარული ვიდეოგადაღებების კადრები.
იგორ გორგანი გამოდის რუსეთის საელჩოდან. კიშინიოვი, 2022 წელი.
იგორ გორგანმა და ალექსეი მაკაროვმა განსაკუთრებით 2022 წლის აპრილიდან გაააქტიურეს კონტაქტები, რაც სრულიად გასაგებია. ისინი ერთმანეთს კიშინიოვის რომელიმე კაფეში ხვდებოდნენ ან სათევზაოდ მიდიოდნენ. გენერალი გორგანი, რომელიც ოცდაათ წელზე მეტია, მოლდოვას სამხედრო-პოლიტიკური ელიტის ეპიცენტრშია, „კრემლისთვის“ ძალზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას ფლობს.
ჟურნალისტებს „ხელში ჩაუვარდათ“ გორგანისა და მაკაროვის მიმოწერა ტელეგრამ-არხებით, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია ინტერნეტსივრცეში. ერთად გავეცნოთ რამდენიმე კორესპონდენციას. გორგანი რეგულარულად აცნობებდა მაკაროვს მოლდოვას პოლიტიკურ ვითარებას და ხელისუფლების შიდაინტრიგებს, თან რჩევასაც არ იზარებდა: „... ყველაფერი მზად არის მოლდოვაში რუსული ჯარების შემოსაყვანად... სასწრაფოდ უნდა გავწმინდოთ ქვეყანა ყოველგვარი ფაშისტური სიბინძურისაგან!!! ბევრი მზადაა. გადაეცით… დრო მოვიდა. ჯარში ვითარებას ვაკონტროლებ... საბედნიეროდ, აქ არ არის „აზოვი“ და სხვა ნაცისტური ფორმირებები, პოლიტიკოსებს კი სწრაფად მოვუვლით".
რუსი სამხედრო მზვერავი პოლკოვნიკი ალექსეი მაკაროვი და გენერალი იგორ გორგანი
რუსეთის სამხედრო დაზვერვას განსაკუთრებით აინტერესებდა უკრაინის მცდელობები, შეეძინა სამხედრო ტექნიკა და ჭურვები მოლდოვაში. მიუხედავად იმისა, რომ იგორ გორგანი გენშტაბში აღარ მსახურობდა, მას მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში მრავალი ერთგული კადრი ჰყავდა, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გორგანი მაკაროვს ატყობინებდა: „უკრაინელები უკვე სამი კვირაა, დადიან ჩვენს თავდაცვის სამინისტროში და ითხოვენ ყველაფერს, განსაკუთრებით - საარტილერიო ჭურვებს. უკრაინის „უკრობორონექსპორტი“ ცდილობს, შეიძინოს მოლდოვადან (ან „პარტნიორების“ დახმარებით წაიღოს) 6 Mig-29. ჯერ თვითმფრინავები ადგილზეა. მათ სურთ, ოპერაცია განახორციელონ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფიქტიური კომპანიის მეშვეობით“.
როგორც ინტერნეტპორტალი the insider წერს, გორგანმა იმავე დღეს კიდევ ერთი შეტყობინება გაუგზავნა მაკაროვს: „მატარებლები საწვავით მიდიან მოლდოვას ტერიტორიიდან, კერძოდ, სოფელ ეტულიიდან, უკრაინის დასახლება რენისკენ. საწვავით მატარებელი მოძრაობს მხოლოდ ღამით და დგას დღისით იმიტომ, რომ არ გახდეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამიზნე“.
„გმადლობთ“, - უპასუხა პოლკოვნიკმა ალექსი მაკაროვმა.
იგორ გორგანი საკუთარ მოსაზრებასაც სთავაზობდა რუს მზვერავს: „სწრაფად უნდა დავკეტოთ საზღვარი რუმინეთთან! ეს დიდი ხვრელია! იქიდან უკრაინაში უამრავი ტვირთი შედის, განსაკუთრებით - სამხედრო ტვირთი! რუმინელებს ჯერ კიდევ აქვთ სამხედრო ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ იარაღსა და საბრძოლო მასალას“. ირკვევა, რომ სამხედრო ინფორმაციის გარდა, გენერალი გორგანი რუსეთის სამხედრო დაზვერვას გადასცემდა ინფორმაციას მოლდოვას ხელმძღვანელობაში არსებულ ვითარებაზე. ის განსაკუთრებით მწვავე შენიშვნებს წერდა პრეზიდენტ მაია სანდუს შესახებ: „ აი, ნახავთ, რას გააკეთებს ეს ქალბატონი“, - აფრთხილებდა ის რუს სამხედრო მზვერავს. გასაგებია: გორგანსა და მაკაროვს რომ დასცალდეთ, პირველ რიგში, მაია სანდუს „მოუვლიან“.
(მეორე ნაწილის დასასარული)