144 უკრაინული-კამიკაძე დრონით „გაღვიძებული“ რუსეთი - ნუთუ ამას ელოდა ბლიცკრიგის დამგეგმავი პუტინი?! - კვირის პალიტრა

144 უკრაინული-კამიკაძე დრონით „გაღვიძებული“ რუსეთი - ნუთუ ამას ელოდა ბლიცკრიგის დამგეგმავი პუტინი?!

10 სექტემბრის გამთენიისას, 144 უკრაინული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ რუსეთის 9 რეგიონშიო, - სიამაყით აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თუმცა ვერ სცემს პასუხს თავისივე მოქალაქეების მიერ დასმულ მთავარ კითხვას -კი, მაგრამ 20-მა უკრაინულმა დრონმა როგორ შეძლო 400 კმ-ზე მეტის უპრობლემოდ გამოფრენა რუსეთის ცაში, სანამ მოსკოვის ოლქს მოაღწევდაო?

1-ram-1725955795.jpg
ამ ღამით კრემლიდან 42 კმ-ში მდებარე ქალაქ რამენსკოეს ორ საცხოვრებელ კორპუსს ის უკრაინული კამიკაძე-დრონები შეეჯახნენ და აფეთქდნენ, რომლებსაც გეზი რუსეთის ყველა დიდი აეროდრომისკენ ეჭირათ...

9-10 სექტემბრის ღამე მართლაც საგანგაშო გამოდგა რუსეთის გენერალიტეტისთვის, რადგან ეს იყო უკრაინული კამიკაძე-დრონების ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საჰაერო შეტევა.

რაც შეეხება რუსი გენერლებისგან იმის მტკიცებას, რომ ყველა უკრაინული კამიკაძე-დრონი წარმატებით ჩამოაგდეს, ესეც არ შეესაბამება სრულ სიმართლეს - მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ რამენსკოეში, სრულად გამართული უკრაინული კამიკაძე-დრონი ეჯახება მრავალსართულიან სახლს და ფეთქდება, რაც თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებშია დაფიქსირებული.

უკრაინელი სამხედროების ჩანაფიქრში ნამდვილად არ იქნებოდა 460 კმ-ზე თავისი კამიკაძის იმიტომ გაშვება, რომ რამენსკოეს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოხვედროდა და იქ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაეშავებინა.

2-ram-1725955950.png
ქალაქ რამენსკოეს ეს მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი წინ „აღუდგა“ იმ უკრაინულ კამიკაძე-დრონს, რომელსაც სამიოდე კმ-ი დააკლდა რუსეთის პრეზიდენტის - პუტინის სიამაყის - „თეთრი გედის“- Ту-160-ის ასაფეთქებლად... წითლადაა მონიშნული ის სართული, სადაც უკრაინული კამიკაძე-დრონი შეეჯახა და აფეთქდა

საქმე ის არის, რომ ქალაქ რამენსკოეს იმ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც უკრაინული კამიკაძე-დრონი დაეჯახა, სულ რაღაც 2,3 კმ-ში განთავსებულია გრომოვის სახელობის საფრენოსნო-საკვლევი ინსტიტუტი, სადაც იცდება ყველა რუსული სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავი და რომელიც საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ სარეჟიმო ობიექტად ითვლებოდა.

მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლებიდან რუსეთმა აქ საერთაშორისო ავიაკოსმოსური გამოფენების „მაკს“-ის გამართვა დაიწყო (ამ ბლოგის ავტორს თავის დროზე მიეცა საშუალება, ორჯერ დასწრებოდა „მაკს“-ის გამოფენებს), ხოლო 2016 წლიდან ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტიც აამოქმედა, ზესაიდუმლო სარეჟიმო ობიექტის სტატუსი მან დაკარგა, თუმცა დღესაც რჩება თანამედროვე რუსული საბრძოლო ავიაციის მთავარ გამოსაცდელ საჰაერო ბაზად.

3-ram-1725955909.png
ჟუკოვსკის აეროდრომზე მდგარი Ту-160 და Ту-95МС-ის ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინული კამიკაძეების მთავარ სამიზნეებს წარმოადგენდნენ...

გრომოვის სახელობის საფრენოსნო-საკვლევი ინსტიტუტის განკარგულებაშია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძე 4,6 კმ-ია, სიგანე კი - 70 მ-ი (შედარებისთვის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ძირითადი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3 კმ-ს შეადგენს), რაც მსოფლიოში არსებული ნებისმიერი საფრენი აპარატის მიღებას უზრუნველყოფს.

ის, რომ უკრაინული კამიკაძე-დრონების მთავარი სამიზნე სწორედ ეს აეროდრომი და მასზე მდგარი საცდელი რუსული სამხედრო თვითმფრინავები გახლდათ, ისიც მიუთითებს, რომ ერთმა უკრაინულმა „ლიუტიმ“ მაინც მოახერხა მისკენ გაჭრა და ზედ თვითმფრინავების სადგომთან აფეთქდა, რაზეც მეტყველებს თავად რუსი სამხედროების მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოკადრებიც.

4-ram-1725955847.png
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ჟუკოვსკის აეროდრომის თანამგზავრული ფოტო, რომელზეც წითელი ნიშნულებითაა აღნიშნული, სადაც უკრაინული კამიკაძე-დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა (მარჯვნივ) და რუსული სტრატეგიული ბირთვული იარაღის მატარებელი რაკეტმზიდ-ბომბდამშენების სადგომი (მარცხნივ)...

უკრაინული კამიკაძე-დრონები თავიდანვე, სავარაუდოდ, დამიზნებულნი იყვნენ ჟუკოვსკის აეროდრომის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც დგანან Ту-160-ის და Ту-95МС-ის ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები. მათი სადგომიდან რამენსკოეს იმ მრავალსართულიან კორპუსამდე, რომელსაც უკრაინული კამიკაძე-დრონი შემთხვევით მოხვდა, პირდაპირი ხაზით 2,93 კმ-ია და რომ არა ეს მაღალი კორპუსები, უკრაინული „ლიუტი“ შემოვლითი მარშრუტით აღმოსავლეთიდან მიიტანდა წერტილოვან საჰაერო დარტყმას რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბირთვული იარაღის გადამტან ამ ორ რაკეტმზიდ-ბომბდამშენზე...

რუსეთ-უკრაინის ომის 929-ე დღე მიმდინარეობს და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც უკრაინის დაპყრობას ბლიცკრიგით სულ რამდენიმე კვირაში გეგმავდა, წარმოიდგენდა მაინც, თუ სად მიიყვანდა თავის რუსეთს, რომლის მოსახლეობასაც უფრო და უფრო მწარედ უკან უბრუნდება ეს ომი?!