ყაბაყი - ასეთი სასარგებლო და ასე ცოტა?! - კვირის პალიტრა

ყაბაყი - ასეთი სასარგებლო და ასე ცოტა?!

ყაბაყი სასარგებლო ბოსტნეულია და არც მოყვანაა ძნელი, მაგრამ მას ჩვენში რატომღაც დიდ ფართობებზე არ თესავენ. ყოველ შემთხვევაში, ბევრად იშვიათად, ვიდრე, მაგალითად, ბადრიჯანს. ამიტომ მოსახლეობა მაინც თურქულ ბაზარზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ბავშვების პატრონები, რომელთა მენიუში ყაბაყი შედის. თუმცა არიან წინდახედული ფერმერები, რომლებიც ცდილობენ იმდენი ყაბაყი მოიყვანონ, რამხელა მოთხოვნაც აქვთ და მის რეალიზებასაც ადვილად შეძლებენ. მსგავსი პატარ-პატარა "შეთანხმებები" მუშტართან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია დადებული, მათ შორის ნიკა ბეგალიშვილი აწვდის სოფელ წნორიდან ყაბაყს დედაქალაქელებს. რატომ უნდა მოვიყვანოთ არცთუ რთულად მოსაწევი ყაბაყი უფრო მეტი, ამის შესახებ ნიკა ბეგალიშვილს ვესაუბრეთ.

- თქვენ მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის მიმდევარი ხართ და არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხო კულტურებიც მოგყავთ. ყაბაყი რატომ აირჩიეთ?

- უბრალოდ, ჩავხედე ინფორმაციას მისი სარგებლობის შესახებ, მისი მოვლა-მოყვანის პირობებს და მივხვდი, რომ არც მოყვანა გამიჭირდებოდა და არც რეალიზაცია - სულ ეს იყო.

თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავადაც სიამოვნებით გეახლებით კარგი დიასახლისის მომზადებულს. ყაბაყისაგან შეიძლება დაამზადო ნებისმიერად შეზავებული კერძი, მათ შორის სალათები. თუმცა ბავშვებისათვის შეუდარებელია ორი ძირითადი თვისების გამო: ყველა ბაღჩეულზე მეტ ჩ ვიტამინს შეიცავს, ამასთანავე, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. სხვა თვისებებიც აქვს, თუმცა ყველას შეუძლია ნახოს სოციალური ქსელით და ყაბაყის მოყვანითაც დაინტერესდეს.

მე ყაბაყი არც ისე დიდ ფართობზე მაქვს დათესილი, რომელსაც მომხმარებელი ჰყავს და რეგულარულად ვაწვდი წელიწადის ყველა დროს, გარდა ზამთრისა. ზამთარში ყაბაყი სათბურში უნდა დათესო, რადგან ოდნავი სიცივეც არ უყვარს, -1°ჩ-ზეც შეიძლება დაზიანდეს.

არსებობს ყაბაყის რამდენიმე სახეობა, საადრეოც და საგვიანოც. ყაბაყის სახეობებს, მარტის თვიდან ყველა თვეს ვთესავთ. წლეულს მომდევნო თესვას სექტემბერში ჩავატარებ და ახალ მოსავალს ნოემბრის შუა რიცხვებში ავიღებ, რომელსაც კლიენტი უკვე ელის.

ყაბაყი თუკი არ დაკონსერვდა, არც ინახება. დაკონსერვება ნოემბრიდან მარტამდე შეგვიძლია, როცა გრუნტში ყაბაყი აღარ მოდის აცივების გამო. თუმცა ზოგიერთი ამ კულტურას სათბურშიც თესავს. ყოველ შემთხვევაში, თურქეთიდან ზამთრის პერიოდში სათბურის ყაბაყი შემოდის.

8-hitrostey-dlya-04-1725965292.jpg

- როგორც ვიცი, ყაბაყის ღირებულება მხოლოდ ზაფხულში იწევს დაბლა. თუმცა ამ დროსაც ხშირად მეტი ფასი აქვს, ვიდრე სხვა ბაღჩეულს, მაგალითად, ბადრიჯანს.

- დაახლოებით ასეა. თუმცა სუპერმარკეტებში, რომელთაც მცირე ფერმერებთან აქვთ ხელშეკრულება, ყაბაყი ძვირი ღირს. ჩემი პროდუქციის ფასი 4,50 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა. ამას იმით ავხსნი, რომ მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მომყავს გადამწვარი ნაკელით, სხვა სასუქს არ მოვიხმარ. ერთხანს ამას არ მიჯერებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედაქალაქში თურმე ჩემი პროდუქცია ზოგიერთმა ლაბორატორიაში შეამოწმა, მადლობა მითხრეს და ყაბაყს, სხვა მოსავალთან ერთად, ერთიანად ვყიდი. ქალაქში ჩემივე ავტომანქანით ჩამაქვს და კონკრეტულ სავაჭრო ობიექტს ვაბარებ.

- შეგიძლიათ გვიამბოთ, ყაბაყი როგორ მოგყავთ?

- მე პირადად გრუნტში მომყავს, ხარისხიან თესლს სასოფლო მაღაზიებში ვყიდულობ და ვთესავ. ერთი კვირის შემდეგ ყაბაყს უკვე ყლორტები აქვს. ერთი სახეობის ყაბაყის თესლი შეგვიძლია ყოველ 10 დღეში ერთხელ დავთესოთ.

- გრუნტში თუ თესავთ, ყაბაყს სხვადასხვა კულტურის მონაცვლეობა ხომ სჭირდება, რომ კარგი მოსავალი მიიღოთ?

- როგორც ყველაფერს. მაგალითად, ყაბაყი მშვენივრად ხარობს იმ ნიადაგზე, სადაც წინა წლებში კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო ან ხახვი ეთესა. ამ კულტურას ცხელ ზაფხულშიც არ სჭირდება ყოველდღიურად მორწყვა. შეგვიძლია 10 დღეში ერთხელ მოვრწყათ. ყაბაყი ნაზია და ჭარბმა წყალმა შესაძლოა ნაყოფზე იმოქმედოს, დაალპოს. რაც შეეხება სასუქს, როგორც გითხარით, გადამწვარი ნაკელის გარდა, არაფერი გამომიყენებია. თუმცა,

თუკი შემოდგომაზე ჩალის ღეროს ან სხვა რამ გამხმარ მცენარეულობას დაწვავთ, შეგიძლიათ ნაცარზე ყაბაყი თამამად დათესოთ. ეს კულტურა ცნობილია იმით, რომ ნაცარზე, ამ ძვირფას მინერალზე, შესანიშნავად რეაგირებს.

თუ გადარგვისას ყაბაყს ერთ სუფრის კოვზ ნაცარს მიაყრით, გარწმუნებთ, მშვენიერი მოსავალი მოგივათ.

- საინტერესოა, ყაბაყის რა მოსავალი მოდის 1 ჰექტარზე?

- მეეჭვება, ჩვენში ვინმე ყაბაყს ამხელა ფართობზე თესავდეს. თუმცა თუ ყაბაყს კარგად მოუვლით, 1 კვადრატულ მეტრზე შეგიძლიათ 5-6 კილოგრამიც აიღოთ. რაც შეეხება თესვისათვის ნიადაგის დამუშავებას, აღმოსავლეთ საქართველოში ყაბაყისთვის ნიადაგს ადრეულ შემოდგომაზე ხნავენ, დასავლეთ საქართველოში კი გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. გადარგვა შეგიძლიათ აპრილის ბოლოდან დაიწყოთ, როდესაც ჩითილები 15 სანტიმეტრამდეა. სხვათა შორის, ყაბაყის ფოთლები ძალზე ლამაზია: მანამდე, ვიდრე ყაბაყის სარგებლიანობას დაადგენდნენ და საკვებად გამოიყენებდნენ, ყაბაყს დეკორატიულ მცენარედ ახარებდნენ. რაც ახლაც შეგიძლიათ -

თუ ეზოში რამდენიმე ძირ ყაბაყს დათესავთ, მას დეკორატიული მიზნითაც გამოიყენებთ და საკვებადაც. ნაყოფიც საკმაოდ ლამაზია: მწვანე, ყვითელი ან აჭრელებული. ასე რომ, ყველა მისი სახეობა როგორც საკვებად, ასევე სამზერადაც სასიამოვნოა და კარგი იქნება, თუ ამ თვისებებით ვისარგებლებთ.

ეთერ ერაძე