თუ სათბურის გაკეთებას გეგმავთ - კვირის პალიტრა

თუ სათბურის გაკეთებას გეგმავთ

ხაშურელი თორნიკე გელაშვილი სასათბურე მეურნეობით 15 წლის წინ დაინტერესდა. ამბობს, რომ მსურველებს ქვეყნის მასშტაბით ემსახურება და ამ საქმეში უკვე დიდი გამოცდილება აქვს. "სასათბურე მეურნეობის ჩემი კონსტრუქცია შევიმუშავე, დავტესტე და დროში გამოვცადე. ქართული სათბურია და ანალოგი არა აქვს, ყველასგან განსხვავდება, რადგან სხვადასხვა ტიპის სათბურიდან რაღაც საუკეთესო მაქვს აღებული", - გვეუბნება თორნიკე გელაშვილი.

- სათბური ხაშურში ჩემი ეზო-კარის გარეთ მაქვს. მიწის ნაკვეთი შევიძინე და იქ ვამუშავებ. იქვე ვემსახურები მომხმარებელს, მაქვს უფასო სერვისიც, - ვატარებ ტრენინგებს, როგორ მოაწყონ და მართონ სათბური. ჩვენს რაიონში არ არის იმის ფუფუნება, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რა უპირატესობა აქვს მას და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს.

- სასათბურე მეურნეობით რატომ დაინტერესდით?

- პირველი სათბური 15 წლის წინ ვნახე, მერე მის მშენებლობაშიც ჩავერთე, დამხმარე მუშა ვიყავი. მომეწონა მშენებლობის პროცესი, რა გათვლები სჭირდებოდა, კონსტრუქცია როგორ იგებოდა, სათბურში საქმიანობაც არ ჩანდა ურიგო. ამ ყველაფრით რომ დავინტერესდი, რამდენიმე ფირმას დავუკავშირდი, სადაც სხვადასხვა რაიონში დამხმარე მუშად ვიმუშავე. ეს დარგის კარგად შესასწავლად გამომადგა, საქმეც შემიყვარდა, რასაც დღემდე დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

- როგორია თქვენი სათბური, რომელსაც ამუშავებთ?

- 300 კვადრატული მეტრია. ზამთარში მწვანე სალათაზე ვმუშაობ, გაზაფხულიდან კი კიტრის, შემდეგ კი პამიდვრის მოყვანას ვიწყებ. სათბური მთელი წლის განმავლობაში დატვირთულია. ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, რა ბოსტნეულზეც იზრდება მოთხოვნა, იმის მიხედვით ვიწყებ წინასწარ დარგვას.

- თქვენი მოყვანილი პროდუქტი სად იყიდება?

- საბითუმო მაღაზიებში, ძირითადად, ბაზრის მაღაზიებში. სუპერმარკეტებში არ შემაქვს, ვინაიდან იმდენი არა მაქვს, რომ ყველა მაღაზიას ავუვიდე.

1ac28428-b5f6-45d9-8342-d39466d22ed4-1725965291.jpg

იყიდება ახლო გარემოცვაშიც, ნახევარი ხაშური მოდის საყიდლად. რაც მთავარია, პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთაა, ბიოპროდუქტია. არ მინდა ქიმიური წამლების, შხამქიმიკატების გამოყენება. მირჩევნია ნაკლები ბოსტნეული ავიღო, ვიდრე ქიმიით იყოს გაჯერებული.

- სათბურში კონკრეტულად რას საქმიანობთ?

- ძირითად სამუშაოებს მე ვასრულებ - დათესვა, დაჩითილება, მორწყვა, წამლობა, გადარგვა, გასხვლა, აბმა და ა.შ. საქმე სათბურს გარეთაც საკმაოდაა, რასაც თვითონ ავუდივარ, მაგრამ როდესაც რაღაცას ვერ ვასწრებ, ოჯახის წევრები მეხმარებიან. მთავარი ის არის, საქმეს ჯერ მათ ვასწავლი და როცა ვრწმუნდები, კარგად აითვისეს, შემდეგ უკვე დამოუკიდებლად აკეთებენ.

- იმისთვის, რომ სათბურის ბიზნესი შემოსავლიანი იყოს, რა არის საჭირო?

- ამ საქმეში მთლიანად უნდა იყო ჩართული. შეიძლება სათბურს ავტომატური სისტემები ჰქონდეს, მაგალითად, მორწყვის, ტემპერატურული რეჟიმის, მაგრამ ეს ადამიანის შრომას არ გამორიცხავს. უყურადღებობამ შეიძლება ბოსტნეული ერთ საათშიც გააფუჭოს, რასაც ავტომატური სისტემა ვერ მიხვდება. როდესაც მცენარეს აქვს მაგალითად, დამწვრობა ან წყლის ნაკლებობა, ან სათბურში მაღალი ტემპერატურის გამო ნიადაგი გამოშრება, ამას ავტომატური სისტემა ვერ დააფიქსირებს. ამდენად, მცენარე დიდ ყურადღებას მოითხოვს.

გარდა ამისა, საჭიროა მიწის დამუშავება, მორწყვა, ყველაზე დიდი პრობლემა კი ხარისხიანი თესლის შეძენაა. ხაზგასმით ვამბობ, ბიოსასუქი უნდა გამოვიყენოთ, ანუ გადამწვარი ნაკელი, მაგრამ აქაც ერთი პირობაა დასაცავი - ზუსტი რაოდენობა.

- მორწყვა პამიდორსა და კიტრს რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება?

- გააჩნია, როგორია სათბურში ტემპერატურა და ტენიანობა, თუმცა კიტრს წყალი თითქმის ყოველდღე სჭირდება - თითო ძირს 2-დან 3 ლიტრამდე უნდა მივაწოდოთ, მაგრამ თუ ტენიანობამ სათბურში აიწია, შეიძლება დღეგამოშვებით მოვრწყათ. პამიდორი 2-3 დღეში უნდა მოირწყას - ერთი ძირი 3-დან 5 ლიტრამდე ითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ტემპერატურასა და ტენიანობას გააჩნია.

- დათესვიდან ჩითილობამდე რა დრო გადის?

- პამიდორი ბევრნაირი ჯიშისაა და ყველას თავისი დრო აქვს. ახლა "პანეკრა" მაქვს, შესახედავად კარგია, წითელი, და ტრანსპორტირებას იტანს. მის ჩითილობას თვე-ნახევრიდან 2 თვემდე სჭირდება, ჩითილობიდან კი 2,5-3 თვე უნდა, რომ სრულყოფილად დაიწყოს ყვავილის, ნაყოფის, მწიფობის დრო... შემდეგ იწყება ყვავილობის ეტაპები, ჩემთან უკვე მერვე ყვავილი მოიკრიფა.

- ეს როდემდე გასტანს?

- ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ხაშური შედარებით ცივი ადგილია, ამიტომ ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, სანამ ტემპერატურა მინუსამდე არ დაეცემა.

კიტრი ჩითილობას თვე-ნახევარში იწყებს. მაქსიმუმ ერთი თვე სჭირდება, ყვავილობაში რომ შევიდეს და მსხმოიარობა დაიწყოს. წლეულს ადრე გაზაფხულისთვის "მირაჟი" მქონდა, რომელიც გვიან ზაფხულისთვის უკვე მოილია. ის ტრანსპორტირებას კარგად იტანს, მკვეთრად მწვა­ნეა, 20-25 სანტიმეტრამდე იზრდება, გემოვანი თვისებებით გამოირჩევა და საუკეთესო მსხმოიარობა აქვს. კიტრი სეზონზე 3 თვემდე მუშაობს.

- მწვანე სალათა, როგორც ვიცი, შედარებით მარტივად მოსავლელი კულტურაა...

- ასეა, ამჟამად მაქვს "ლოლაბიონდა", დათესვიდან ერთ თვეში იწყებს ჩითილობას. ჩითილის გადარგვიდან 45-60 დღეში მოსავალს ვიღებ. ეს პერიოდი იმის მიხედვით ითვლება, თუ რა წონის გვინდა გავზარდოთ. ერთი ძირი 300-დან 600 გრამამდე იზრდება. წლის განმავლობაში მხოლოდ მწვანე სალათაზე მუშაობის შემთხვევაში ხაშურის რაიონში შესაძლებელია 4-5 მოსავლის აღება.

- სათბურს გარეთ კიდევ რა მოგყავთ?

- პამიდორი, ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, ხახვი... ამ ყველაფერს მე ვამუშავებ ოჯახთან ერთად - მშობლები, მეუღლე, შვილები მეხმარებიან. მაქვს ვენახიც.

- რა უნდა იცოდეს იმან, ვინც ხელოსანს სათბურს უკვეთს?

- მთავარია მონდომება და შრომის სურვილი. სათბურში თავად რომ არ იმუშაო და ეს ყველაფრი შენთვის მხოლოდ ფულის აღების საშუალება იყოს, არ გამოვა. შესაძლებელია ფულიც იშოვო, მაგრამ იმ საქმის კეთება უნდა გსიამოვნებდეს. თუ სხვის იმედად გინდა ყველაფერი გამოგივიდეს, შორს ვერ წახვალ.

სათბური უნაკლო რომ იყოს, შემკვეთმაც და მშენებელმაც უნდა გაითვალისწინონ რეგიონის კლიმატური პირობები, რა ბოსტნეულზე უნდა მუშაობა, აქვს თუ არა ამ საქმეში გამოცდილება. თუ შემკვეთი გამოცდილი არ არის, მაშინ ვურჩევდი, თავის რაიონში მოსაყვანად რა ბოსტნეული შეარჩიოს, რა შრომა დასჭირდება და რამდენ მოსავალს მიიღებს.

სათბურის მშენებლობის დაგეგმვისას აუცილებელია სწორი მიმართულების შერჩევა და კონსტრუქციის სიმაღლე. უნდა გაკეთდეს ნიადაგის ანალიზი, რათა გავიგოთ, რა იქნება საჭირო მიწის გასანოყიერებლად. დანარჩენი მშენებელზეა დამოკიდებული, კომფორტს ის შექმნის - იქნება ეს კონსტრუქცია, გადახურვა, ვენტილაცია, განათება თუ წყლის რეჟიმი. ჩემს შემკვეთებს ვასწავლი ხოლმე დათესვას, დარგვას, გადარგვას... მაგალითად, ხაშურში დაბალი სათბურების აშენებას ვცდილობთ, ვინაიდან ჩვენი რაიონი შედარებით ცივია.

ამ საქმის კეთება ჩემთვის სიამოვნებაა, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. ამასთან, ვქმნი პროდუქტს, რომლითაც ხალხი კმაყოფილია, რაც მახარებს. დღეს ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი და ერთ-ერთი საინტერესო საქმეა, რომლის გარეშეც, ალბათ, ვერ გავძლებ. ჩემთან სწავლება უფასოა, სიტყვით გაკეთებულ საქმეში ფულს არ ვიღებ. მხოლოდ თუ ფიზიკურად ვიშრომებ და ჩავერევი რამეში... მოკლედ, ვისაც აქვს სურვილი, უყვარს მცენარე, ყვავილი თუ ბოსტანი, სასათბურე მეურნეობა იძლევა საშუალებას, ბევრად კომფორტული, შემოსავლიანი გახადოს თავისი მეურნეობა. ამ დროს ქვეყანაშიც შიდა პროდუქტი იქმნება, ეს კი საშუალებას მოგვცემს, იყოს დაბალი ფასები, ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი და არა უცხოური და შხამით გაბერილი.