"თვალები ცრემლით ამევსო... მას შემდეგ, რაც თაია გაჩნდა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი რაღაცები ხდება... ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ ჩემს გაკვეთილზე მოსწავლეები ბედნიერები არიან" - კვირის პალიტრა

"თვალები ცრემლით ამევსო... მას შემდეგ, რაც თაია გაჩნდა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი რაღაცები ხდება... ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ ჩემს გაკვეთილზე მოსწავლეები ბედნიერები არიან"

2024 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტების ვინაობა ცნობილია. ეროვნული ჯილდოს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად 5 კანდიდატი გამოვლინდა. ესენი არიან: გიორგი ლიპარიშვილი, ნათია ნარსავიძე, დიმიტრი პოპოვი, ნათია უჩავა და სოფიო ქუხილავა.

erovnulijildo-1726073159.jpg

kvirispalitra.ge - 2024 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს, ნათია ნარსავიძესა და ნათია უჩავას დაუკავშირდა.

წარმატებული პედაგოგები თავიანთ ცხოვრებაზე გვიამბობენ.

ნათია ნარსავიძე, დმანისის მე-3 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

- 2024 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის ხართ, მუშაობთ რეგიონში. მოგვიყევით, როგორია თქვენ მიერ განვლილი გზა წარმატებულ მასწავლებლობამდე?

- დმანისის რაიონში გავიზარდე, 1987 წელს სვანეთში მოხდა დიდთოვლობა და ჩვენი ოჯახი გახდა ეკომიგრანტი, ზემო სვანეთიდან, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერიდან ჩამოვედით. სტუდენტობის წლები თბილისში გავატარე, სწავლის დასრულების შემდეგ დმანისში დავიწყე მუშაობა, კარიერის დასაწყისში 2 წელი ვიმუშავე სოფელში, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და მხოლოდ აზერბაიჯანულად საუბრობენ. მოგვიანებით ქართულ სოფელში გადავედი, ახლა კი სადაც ვმუშაობ, ის სკოლაა, რომელიც მე თვითონ დავამთავრე, პირველი ქართული სკოლაა ამ რაიონში, რომელიც ჩვენი აქ დასახლების გამო აშენდა. სკოლაში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება მაქვს.

natianarsavidzeeeeeeeee-1725993430.jpg

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

- როცა უნივერსიტეტი დავამთავრე რამდენიმე პროფესიაზე ვფიქრობდი, მომწონდა გიდობა, ჟურნალისტობა, მაგრამ ავირჩიე მასწავლებლობა. მაგისტრატურას ვამთავრებდი, როცა პირველ შვილს ველოდებოდი და გავიაზრე, რომ ეს პროფესია ამერჩია, სიმართლე გითხრათ, არც მინანია, რადგან შვილებთან ურთიერთობისას აღმოვაჩინე, რომ ბავშვებთან ურთიერთობა შემიძლია. 4 შვილი მყავს, 3 იმ სკოლაში სწავლობს, სადაც ვმუშაობ, მეოთხე კი ბაღში დადის.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გამოგარჩიეს, რით მიიპყარით ყურადღება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე?

- ძალიან მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. ვფიქრობ, რომ რთულ რეგიონში მიწევს საქმიანობა, ვარ 4 შვილის დედა, არ ვყრი ფარ-ხმალს, ვინარჩუნებ პოზიტივს და იუმორს, რაც შეეხება ჩემი მუშაობის სტილს, ის ძირითადად, გამორჩეულია პროექტული სწავლებით. როგორც მოგახსენეთ, ჩემი რაიონი არის მრავალეთნიკური, კლასში არიან ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები, იმისათვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ მიმღებლობა და შეძლონ თანაცხოვრება რაიონში, მხოლოდ საგნის სწავლება არ არის საკმარისი, მათში უნდა განვავითაროთ ისეთი უნარები, რომ ერთად თანამშრომლობა, თანადგომა, ერთმანეთზე ზრუნვა ისწავლონ. ჩემი პროექტები სწორედ ამას ემსახურება. არასდროს ვუსვამ ხაზს იმას, რისთვის და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის თითოეული მოსწავლე გამორჩეულია. მინდა აღვნიშნო, რომ ადრეული ქორწინების საკითხზე ძალიან ბევრ აქტივობას და პროექტებს ვგეგმავ, მოსწავლეთა ცნობიერება რომ ამაღლდეს ამ კუთხით. ჩემი უდიდესი სურვილი და ინტერესია ბავშვებისთვის განათლება იყოს პრიორიტეტული.

ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ ჩემს გაკვეთილზე მოსწავლეები არიან ბედნიერები, არ ვაჭარბებ, მართლა ასეა, 5 ახალი სიტყვაც რომ ისწავლოს, მისთვისაც კი მაქვს პოზიტიური უკუკავშირი, მომავალში რომ უფრო მეტად მოინდომოს. თითოეულ მოსწავლეში მინდა აღმოვაჩინო ის, რაც მას შეუძლია და ამ მიმართულებით განვავითარო. ვთანამშრომლობ კოლეგებთან, ვიზიარებ მათ რჩევებს და გამოცდილებას. ვცდილობ, რომ ქართული და ინგლისური კომბინირებულად ვასწავლო აზერბაიჯანელ ბავშვებს. რთულია ეს პროცესი, მაგრამ ვახერხებ.

- როგორ გგულშემატკივრობენ მოსწავლეები? თუ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს?

- მოსწავლეებს პედაგოგების მიმართ ცოტა მოკრძალებული დამოკიდებულება აქვთ, დარეკვა და მოლოცვა ერიდებათ, მაგრამ რაიონია და ღია სივრცეებში ვხვდებით ერთმანეთს, იქ კი დაუფარავად გამოხატავენ გულწრფელ ემოციებს - მას, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში იმიტომ მოხვდით, რომ ჩვენი მასწავლებელი ხართო... ამაყობენ, უხარიათ. მე დავპირდი მათ, რომ თუ გავიმარჯვებ, ძალიან კარგ იდეათეკას მოვაწყობ მათი იდეების რეალიზებისთვის სკოლაში.

ნათია უჩავა, თბილისის 126-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

- როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი და როგორი იყო გზა წარმატებულ მასწავლებლობამდე?..

- ერთი კონკრეტული მიზეზი არ მახსენდება, თუ რატომ ავირჩიე პროფესიად მასწავლებლობა... ბავშვობაში ვთამაშობდი მასწავლებლობანას, წითელი კალმით და ფურცლებით დავდიოდი... ვფიქრობ, რომ გენეტიკის გავლენაც არის, ბაბუაჩემი იყო მასწავლებელი... მარტივად მოხდა, როცა მოვიდა პროფესიის არჩევის დრო, ვთქვი, რომ მინდოდა გავმხადრიყავი დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ახლანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავ, მაშინ კიდევ არ მქონდა გააზრებული და გათვითცნობიერებული ამ პროფესიის სირთულე და გამოწვევები. ახლა ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რასაც ვაკეთებ ძალიან მიყვარს. ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ სტუდენტები აბარებენ, ირჩევენ პროფესიებს და გვიან ხვდებიან, რომ მცდარი არჩევანი გააკეთეს. მე-4 კურსზე, პრაქტიკები როცა დამეწყო და კლასთან ჩემი პირველი შეხება მოხდა, მაშინ დავრწმუნდი, რომ სწორ გზას დავადექი.

1natia-1726073281.jpg

- რამდენი წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევი? როგორ შეაფასებ ამ პერიოდს?

- ამ სასწავლო წლიდან, მე-12 წლის ათვლა დაიწყება. ნამდვილად არ ყოფილა ამ გზის გავლა მარტივი, იყო გამოწვევები. როცა ახალგაზრდა ხარ, თან, გამოუცდელი, ეჭვქვეშ აყენებენ შენს პროფესიონალიზმს, ეს რას გააკეთებს, შეუძლია თუ არა კლასის მართვა და ა.შ. სხვებთან, საკუთარ თავთან მუდმივად გიწევს რაღაცის მტკიცება. ერთია უნივერსიტეტში რას გვასწავლიან და მეორეა, პრაქტიკაში როგორ ხდება ამის რეალიზება. გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც იწყებ მუშაობას. როცა მასწავლებლობა დავიწყე, ისეთ გარემოში აღმოვჩნდი, რომ თანამშრომლები მაკვალიანებდნენ. არ ენანებოდათ რჩევების მოცემა. მეც ისეთი ადამიანი ვარ, რომ სულ ახლის ძიებაში ვარ, მაქსიმუმს ვითხოვ ჩემი თავისგან. როცა როგორც მასწავლებელი თავს დაიმკვიდრებ, მერე უფრო სხვა გამოწვევის წინაშე დგები.

რეფორმები, რომლებიც განათლების სისტემაში ხორციელდება მასწავლებლების საქმიანობაზე აისახება. ზოგჯერ იმედგაცრუების მომენტებიცაა.

- ალბათ არ მოიძებნება პედაგოგი, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელია და არ იცის შენ მიერ შექმნილი ჯგუფი - "აქტივობები კლასში", რომელიც უკვე 93 000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს... როგორ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა?

- თავიდან, 300-მდე ადამიანს ითვლიდა, დახურული ჯგუფი იყო, პანდემიის დროს მასწავლებლებისთვის ჩავწერე ვიდეოინსტრუქციები, მაშინ მეც ვსწავლობდი, არ ვიცოდით, როგორ გვემუშავა, კომპიუტერის ეკრანს ტელეფონით ვუღებდი ვიდეოს და რესურსებს ვუზიარებდი მშობლებს, კოლეგებს, მერე მოხდა ისე, რომ ჩემი შექმნილი ვიდეოგაკვეთილები უკან გამომიგზავნეს, ნათია, აი, ნახე, სხვა პედაგოგმა გაგვიზიარაო, ასე დავრწმუნდი, რომ მსგავსი ჯგუფის შექმნის საჭიროება იდგა და ამიტომაც, ჯგუფი გავასაჯაროვე. დავიწყე ვიდეოჩანაწერების უკეთესი ხარისხით გადაღება, უკვე დაგროვილი რესურსების ჯგუფის წევრებისთვის გაზიარება. რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრი რესურსის შექმნა ვისწავლე და განვითარდი. პანდემია დასრულდა, მაგრამ ეს ჯგუფი ისევ ისეთი აქტიურია და ეს ეტყობა წევრთა რაოდენობის ზრდასაც. როცა დახმარება შემიძლია, რატომ არ უნდა დაგეხმარო, ვერ ვხდები, სულ უსვამენ ხაზს, რომ უანგაროდ ვაკეთებ ამ ყველაფერს, რატომ ვაკეთებ ამას? - მე ის მიკვირს, ჩემი ეს დამოკიდებულება რატომ უკვირთ.

- გარკვეული ლოდინის შემდეგ შენს ცხოვრებაში გაჩნდა შენი ოცნების გოგონა, შენი ცხოვრების თაია...

- თვალები ამევსო ცრემლით ამ კითხვაზე... მას შემდეგ, რაც თაია გაჩნდა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი რაღაცები ხდება... უფრო მეტი ენერგიით მავსებს, მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, მისი დაძინების მერე, ღამე ვიწყებ სამზადისს სკოლისთვის. ოჯახის წევრები ჩართულები არიან თაიას აღზრდაში. თაიას გაჩენის შემდეგ მშობლების თვალით დავუწყე მოსწავლეებს ყურება, მათი უფრო მესმის.