"სცადეს ხელოვნურად გულის ამუშავება, თუმცა უშედეგოდ. არ მგონია, ასეთ ცივ ამინდში წყალში საბანაოდ ჩასულიყო. დალევა უყვარდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები წნორში, სარწყავ არხში გადავარდნილი 24 წლის ახალგაზრდის სიკვდილზე? - კვირის პალიტრა

"სცადეს ხელოვნურად გულის ამუშავება, თუმცა უშედეგოდ. არ მგონია, ასეთ ცივ ამინდში წყალში საბანაოდ ჩასულიყო. დალევა უყვარდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები წნორში, სარწყავ არხში გადავარდნილი 24 წლის ახალგაზრდის სიკვდილზე?

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 24 წლის საბა გაბუნია დილით სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს. განგაში მეზობლებმა ატეხეს და დასახმარებლად 112-ში დარეკეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალე მივიდა. მაშველებმა წყლიდან ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ამოსვენეს. ის უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფოს ექიმებმა სცადეს მისთვის ხელოვნურად გულის ამუშავება, თუმცა უშედეგოდ. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ახლა სამართალდამცავები არკვევენ რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი. თავდაპირველად ითქვა, რომ ბიჭი მდინარეში საბანაოდ იყო ჩასული და ის დიდმა დინებამ გაიტაცა. თუმცა ჩემი რესპოდენტი ამ ვერსიას გამორიცხავს. ის ფიქრობს, რომ ასე დილაადრიანად წყალში საბანაოდ საბა არ ჩავიდოდა, რადგან დღეს დილით ძალიან გრილოდა.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. გამომძიებლებმა დაკითხეს ის მეზობლები, რომლებმაც ნახეს არხში ახალგაზრდა ბიჭი.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა 24 წლის საბა გაბუნიაა. ეს ბიჭი ჩვენს სოფელში არ არის რეგისტრირებული. პერიოდულად ჩამოდიოდა, რადგან აქ ცხოვრობს დედამისი, რომელიც მეორე ქორწინებაშია. მასთან იმყოფებდა საბა ამ დილითაც. დილით ეზოშიც უნახავთ მეზობლებს. მერე რა მოხდა, დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი. დილით ადრეა ფაქტი მომხდარი. შარწყავ არხში ნახეს. მე დილის 9 საათზე შევიტყვე, რომ მივედი შემთხვევის ადგილას ცხედარი წყლიდან მაშველებს უკვე ამოსვენებული ჰყავდათ. კარგა ხანს მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგადაც ცხედარი ექსპერტიზაზე გადასვენეს. ითქვა, თითქოს ბანაობდაო, მაგრამ არ მგონია, ის ასეთ ცივ ამინდში წყალში საბანაოდ ჩასულიყო. არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა ფეხი დაუცდა და გადავარდა. არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს. რა მოხდა, მართლა არ ვიცი. ამას გამოძიება დააადგენს. ეს ფაქტი მომხდარია მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ. ორსართულიანი კორპუსი დგას, აქვს პატარა ეზო და იქვე ახლოს არის სარწყავი არხი. გამოძიება სანამ არ იტყვის რა მოხდა, მე რა უნდა გითხრათ. ერთს გეტყვით, რომ საბას დალევა უყვარდა ძალიან. ახლა თვენახევარი დაკარგული იყო, არც ტელეფონი ჰქონდა ჩართული, არც არაფერი. დედა ძალიან ღელავდა ბუნებრივია, შვილი რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდა, ვერც უკავშირდებოდა და დაკარგვაზე განცხადება პოლიციაში დაწერა. თვეზე მეტია ეძებდნენ და ვერსად პოულობდნენ. ამდენხნიანი ძებნის შემდეგ, სამი დღის წინ საბა ისევ გამოჩნდა სოფელში და ეს დღეები აქ იყო. სოფელში მეზობლები ქირით ყურძნის საკრეფად დადიან. წინა დღეს საბა მათთან ერთად ყოფილა ყურძნის პლანტაციებში წასული. მეზობელი ამბობს, გუშინ ერთად ვიყავით, ვენახის პატრონმა საჭმელ- სასმელი მოგვიტანა, მაგრამ საბამ სასმელს პირი არ დააკარაო. არადა ყველამ იცის სოფელში, რომ საბა სვამდა. ახლა ვფიქრობ, ალბათ ბევრი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული ამ დღეებში და იმიტომ თქვა უარი დალევაზე, ან შეიძლება თავადაც ცდილობდა სასმელისთვის თავის დანებებას", - ამბობს მეზობელი და ჩემს კითხვაზე, რას ამბობენ თავად ფაქტის თვითმხილველები, ასე პასუხობს:

"ჯერჯერობით პირადად არ მინახავს ისინი, რადგან მაშინვე პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა. არ ვიცი ზუსტად რა ნახეს და რა მოხდა. ფაქტია, ეზოში, ახლოს სარწყავი არხი ჩამოდის და იქ არის ნაპოვნი. გოგო და ბიჭს აქვს ნანახი ცხედარი და გააგებინეს სხვებსაც. დღეს დილით ადრე საკმაოდ ციოდა და ამიტომ არა მგონია საბანაოდ ჩასულიყო. კარგი ბიჭი იყო საწყალი, პრობლემა ის იყო რომ დალევა უყვარდა. არც ის არის გამორიცხული, ფეხი დაუცდა და გადავარდა. გადასავარდნი ადგილიც იყო, ყველაფერი შეიძლება იყოს. არ ვიცი, იმ მეზობლებს უფრო მეტი ეცოდინებათ, ვინც დარეკა 112-ში. მე ვერაფერს ვერ ვივარაუდებ. პოლიცია დაადგენს რა მოხდა. ძალიან ვწუხვარ მომხდარით".

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

(სპეციალურად საიტისთვის)