"ჩვენ აქ ვარსებობთ, ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს არ ვწყვეტთ..." - კვირის პალიტრა

"ჩვენ აქ ვარსებობთ, ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს არ ვწყვეტთ..."

ოლგა კაშუბა ზაპოროჟიელია.

ომის გამო მან თავი დედის სამშობლოს - გერმანიას შეაფარა, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაძლო და ისევ უკრაინაში დაბრუნდა. უსაფრთხოდ არ არის, გარშემო რუსული ბალისტიკური რაკეტები და დრონები დაფრინავენ, მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ სწორად მოიქცა... ასე მოიქცნენ სხვებიც, ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ცდილობენ თავიანთ ხალხს დაეხმარონ და ცხელი წერტილიდან მსოფლიოს ხმა მიაწვდინონ.

- ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, დენი არ გვაქვს, უსაფრთხოებისა და ეკონომიის მიზნით, ყოველ საღამოს გვითიშავენ. მე და ჩემი მეუღლე ტელეფონის ფარნრით გადაადგილებას შევეჩვიეთ. სიცივის გამო ზამთრის დადგომის გვეშინოდა, მაგრამ ახლა თადარიგი დავიჭირეთ, შეშა გვაქვს და დავანთებთ. თურმე ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, საყვარელი ადამიანის დაღუპვის გარდა... რუსები პერიოდულად ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით გვიტევენ, მაგრამ ვუძლებთ. ჩვენი ანტისაჰაერო სისტემა კარგად მუშაობს, ყველას მოგერიება ძნელია, მაგრამ მაინც მადლიერი ვართ. ჩვენი ბიჭები სასწაულს უძლებენ... ყოველ დილა-საღამოს ვლოცულობ, რომ ჩემი ხალხის გამარჯვება მაჩვენოს, ისე არ მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე. მადლობა ღმერთს, კარგი ამბები ისმის, ასე ადვილი არ აღმოჩნდა პატარა უკრაინის დაჩოქება. მადლობა პატარა საქართველოს, რომლის შვილებიც ასე გმირულად იბრძვიან ჩვენს მხარდამხარ. მადლობა იმ ადამიანებს, რომელთაც გულთან ახლოს მიაქვთ ჩვენი სატკივარი; მადლობა მშობლებს, რომლებიც აქ უშვებენ შვილებს. საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი გვყავს. უკვე ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს ემტერებიან და მთავარია, ეს ყველამ გაიაზროს, ამ შემთხვევაში გამარჯვებას უფრო სწრაფად ვიზეიმებთ.

უკვე 70 წლის ვარ, ნახევრად გერმანელი უკრაინელი, პენსიონერი, მაგრამ მაინც ვპოულობ ჩემს თავში ძალას, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად, რომ ჩემს ხალხს და მეომრებსაც დავეხმარო...

რამდენიმე დღის წინ, სექტემბერს ოკუპანტების ძალებმა ხარკოვს 10-მდე სარაკეტო და საავიაციო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაშავდა. ერთი ბომბი საცხოვრებელ კვარტალს დაეცა, სადაც ხანძარი გაუჩნდა სუპერმარკეტს. სპორტის სასახლის შენობაც დაბომბეს, რომელიც ხარკოვის უდიდესი სპორტული კომპლექსი და კონგრესის ცენტრია... ზედიზედ მეორედაც დაბომბეს ხარკოვი. 7 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა, მათ შორის 22 არასრულწლოვანი. თუმცა, ტერორისტ სახელმწიფოს ადამიანების ტრაგედიით ხომ ვერ გააკვირვებ? რუსეთი სისხლზე, ძალადობასა და სიკვდილზეა დაფუძნებული.

- ზაპოროჟიეში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?

- დიახ, აქ მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ, ქალიშვილი დიდი ხნის წინ წავიდა უცხოეთში, მექსიკაშია, იქ გათხოვდა. ჩვენ ქალაქთან ახლოს აგარაკი გვაქვს, მე და ჩემი ქმარი აქ შედარებით უსაფრთხოდ ვართ, ბუნების სიმწვანეში შემალულები. ჩვენთან ახლოს კორპუსებია და ვხედავ, გარშემო როგორ ცვივა ჭურვები და ფეთქდება შენობები. რამდენჯერ თავად შევსწრებივარ, როგორ ცდილობს ხალხი დაბომბილი კორპუსის სადარბაზოდან გამოასწროს, მცირეწლოვანი შვილებით, მოხუცებით გარბიან თავშესაფარში. თითქმის შეუჩერებლად მუშაობს განგაშის ხმა და ანტისარაკეტო სისტემა, მის გარშემო მტერი ალბათ მიწასთან გაგვასწორებდა.

- ზოგი ამბობს, რომ ომში ცხოვრებას შეეჩვია...

- ეს შეუძლებელია. ომი მხოლოდ ბომბების ცვენა არ არის, ის მძიმე ყოველდღიურობაა, რომელსაც ყველა ვერ უძლებს. მუდმივ საფრთხეს მძიმე ეკონომიკაც ემატება - ყველაფერი გაძვირდა, არადა, ხელფასი და პენსია იგივე დარჩა. ომამდე ელექტროენერგიის საფასური შედარებით იაფი იყო, ახლა ისე გაძვირდა, ჩვენი პენსია მხოლოდ დენის საფასურში მიდის. კიდევ კარგი სოფლის მეურნეობა გვაქვს, მე და ჩემს ქმარს ფუტკარი გვყავს და ამ გაგანია ომში სკას ვუვლით, თაფლს ვყიდით, რაც არსებობის საშუალებას გვაძლევს. ადრე საქონელიც გვყავდა, ახლა არ ღირს მისი ყოლა და ვერც მოვუვლით, უკვე ასაკში ვართ.

- ომის დაწყების შემდეგ გერმანიაში წახვედით ხომ?

- დიახ, დედაჩემის სამშობლოში, გერმანიაში წავედი ლტოლვილად. ქალაქ ალჰაუში ჩაგვიყვანეს, რომელიც შვეიცარიის ტბებთან ახლოს მდებარეობს და ძალიან ლამაზი ქალაქია. თუმცა, დიდი სიყვარულით არ დაგვხვედრიან. ძველ ეკლესიასთან არსებულ ორსართულიან შენობაში მოგვათავსეს. სულ 12 ოთახი, უფრო სწორად, კაბინა იყო მოწყობილი და თითო ოთახში სამი საწოლი იდგა. იმავე ღამეს განგაში ატყდა. სახანძრო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და პოლიცია ერთდროულად მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ხანძარი გაჩნდა, რომელსაც დილის 5 საათამდე აქრობდნენ... წარმოიდგინეთ, ომგამოვლილი, შეშინებული, რამდენიმე თვის უძილო და მშიერ-მწყურვალი ხალხი ჩაგვიყვანეს გერმანიაში. გვეგონა, მშვიდად დავიძინებდით, მაგრამ დილამდე საშინელება ხდებოდა... დილით გვითხრეს, რომ ჩვენი საბუთები დაიწვა. კიდევ კარგი, ჩემი გერმანული საბუთები თან მქონდა, მხოლოდ უკრაინული დოკუმენტები ჩაგვაბარებინეს და ასე გადავრჩი.

- ხანძარი როგორ გაჩნდა?

- უკრაინელი ლტოლვილების ვარაუდით, ეს ხანძარი რუსების მიერ მოსყიდულმა გერმანელებმა გააჩინეს, ჩვენთვის გზა-კვალი რომ აერიათ, უსაბუთოდ ხომ ვერაფერს გავხდებოდით? იმ ქალაქში ერთადერთი გერმანული ფესვების მქონე ადამიანი ვიყავი და კიდევ კარგი საბუთები მქონდა. ამის შემდეგ, ცოტა ხანში, როდესაც უკრაინიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ლტოლვილთა ახალ-ახალი ნაკადი ჩამოდიოდა, ჩემთან ერთად ჩამოსულებიდან უმეტესობას თავად მოუწია ბინისა და საარსებო წყაროს პოვნამ, ეს კი ძალიან რთული იყო, რადგან ის ადამიანები უსაბუთოდ დარჩნენ და ხელახლა უწევდათ იდენტიფიცირება. შენობიდან ვერ გადიოდნენ, პრობლემები რომ არ შეჰქმნოდათ. იმის დამტკიცება, რომ უკრაინიდან ლტოლვილები იყვნენ, გაუჭირდათ. მოგვიანებით, ისევ რუსების მიერ დაფინანსებულმა პრესამ რამდენიმე სტატია დაბეჭდა, თითქოს ჩვენ, უკრაინელი ლტოლვილები უკმაყოფილოები ვიყავით და პროტესტის ნიშნად, რამდენიმე შენობაში ხანძარი გავაჩინეთ, რამაც ადგილობრივებში აგრესია გამოიწვია. ჩვენმა ხალხმა ენა არ იცოდა, თავად რომ ესაუბრა იმის შესახებ, რაც მათ გარშემო ხდებოდა.

შენობის ადმინისტრაცია, პერიოდულად, ინტერნეტსაც გვითიშავდა, ამრეზით გვიყურებდნენ. არადა, როდესაც ჩავედით, გვითხრეს, რომ ჩვენს კვებაზე ორი რესტორანი იზრუნებდა. დილის და შუადღის კვებას არა უშავდა - ახალი ხილი, ბოსტნეული, თევზი და ძეხვი იყო, თუმცა, ვახშამზე რესტორანში მორჩენილი საკვები მოჰქონდათ... გვესმის, ერთბაშად ამდენი ათასი ადამიანის მიღება და გამოკვება თავად გერმანიისთვისაც კი რთული იყო. მოკლედ, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. ომს გამოქცეულები ვიყავით და ნერვული სისტემა დაზიანებული გვქონდა... ერთი სიტყვით, ჩემს ქმარს დავურეკე - როგორმე აქედან წამიყვანე, ისევ ჩემს უკრაინაში მირჩევნია ცხოვრება და თუ სიკვდილი მიწერია, არც აქ ამცდება-მეთქი. ექვსთვიანი წვალების შემდეგ, ისევ უკრაინაში, ზაპოროჟიეში დავბრუნდი და როდესაც ჩემი სახლი დაუზიანებელი დამხვდა, მივხვდი, მაინც იღბლიანი ადამიანი ვარ და საწუწუნო არაფერი მაქვს.

- თქვენ ხომ დედით გერმანელი ხართ. იქ ნათესავები არ გყავთ?

- არა, სამწუხაროდ... დედაჩემის მამა, ჰენრი ჰენრიხი გერმანიიდან გადმოასახლეს, მაგრამ ამის შესახებ არც კი ვიცოდით, დედამ შემთხვევით გაიგო. ხარკოვის ოლქში, წითელი პროლეტარის დასახლებაში ვცხოვრობდით, კომპაქტური ჩასახლება იყო, გერმანელებით დასახლებული. მის მეუღლეს ფრიდა ერქვა, ისიც გერმანელი ყოფილა, მაგრამ გვარი არ ვიცით. როდესაც დედა 6 წლის იყო, დედამისი გარდაიცვალა. მამა და მცირეწლოვანი ქალიშვილი მარტო დარჩნენ. ბაბუას დიდი მეურნეობა ჰქონია და მარტო მოვლა უჭირდა, მით უფრო, პატარა გოგონას პატრონობა ადვილი არ იყო. ერთი სიტყვით, რაღაც დროის შემდეგ, 8 თუ 10 წლით უმცროსი ქალი, ემა მოიყვანა ცოლად, რომლისგანაც ასევე გოგონა შეეძინა. ერთ ღამესაც, ჩეკისტებს ჩამოუვლიათ და ერთდროულად ექვსი ადამიანი, ადგილობრივი გერმანელები პირდაპირ სამსახურებიდან წაუყვანიათ გაურკვეველი მიმართულებით... დედა იხსენებდა, დედინაცვალი ძალიან კარგად მექცეოდა, ვებრალებოდი, რომ მშობლის გარეშე დავრჩი და ჩემზე ზრუნავდაო... ერთხელაც, გამთენიისას, ძლიერი ქარი ამოვარდნილა და ყველა კარ-ფანჯარა ერთდროულად გაუგლეჯია. ერთხანს შიშისგან ენაჩავარდნილები ვისხედით, შემდეგ დედინაცვალმა ძალა მოიკრიბა, კარ-ფანჯარა დახურა და სასოწარკვეთილი ხმით თქვა: მორჩა, ბავშვებო, მამა აღარ გყავთო. დედა ამბობდა, შიშისგან გაფითრებული ვიყავი, მაგრამ მახსოვს - 1938 წლის 27 თებერვლის ღამე იყო... შემდეგ დავადგინეთ, რომ იმავე ღამეს, მამაჩემი სტალინის რეჟიმის ბრძანებით, როგორც "ხალხის მტერი" გერმანელი, დახვრიტესო...

- რა ბედი ეწია დედას - დედინაცვალმა გაზარდა?

- გარკვეული დროის განმავლობაში მასთან იზრდებოდა, შემდეგ კი ურალელ გენერალსა და მის ცოლს მისცეს შვილად, რომელსაც პირველი შვილი შშმ პირი ჰყოლიათ. ისინი პერმში ცხოვრობდნენ და დედაც თან წაიყვანეს. არადა, ამ დროისთვის უკვე 8-9 წლის იყო. ამიტომ ვამბობ, რომ საბჭოთა რეჟიმი და მისი მესვეურები ადამიანების სიცოცხლით, მათი ბედით თამაშობდნენ. დედა სპეციალიზებულ კოლეჯში ჩააბარეს. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მოლოტოვის სახელობის ქარხანაში გაუშვეს სამუშაოდ, შეფუთვებზე, სადაც 12 წელი იმუშავა... იხსენებდა, რუსები როგორც გერმანელს, ყველა ნაბიჯზე მამცირებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, სიცოცხლეს მიმწარებდნენ, ვერც ჩვენ გვიტანდნენ და ვერც ებრაელებს, მაგრამ ომის დროს ჩვენ უფრო გვისწორდებოდნენ და ამის გამო მათ პასუხსაც არავინ სთხოვდაო. 1947 წელს, თავის ებრაელ მეგობარ სონიასთან ერთად, უკრაინაში ჩააღწია და ზაპოროჟიეში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გათხოვდა კიდეც. გაიცნო მამა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი გამოვლილი ჰქონდა, მაგრამ ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. შემდეგ სევდანარევი იუმორით ვიხსენებდით ამ სამი ადამიანის ურთიერთობასა და ერთგულებას - ჩემი გერმანელი დედა და მისი ებრაელი მეგობარი ერთად გამოექცნენ რუსების დამცირებას, შემდეგ ის იმ კაცს გაჰყვა ცოლად, რომელიც მის სამშობლოში იბრძოდა... ეს არის ომისა და კაცთმოძულე ადამიანების მიერ წარმოებული საშინელი პოლიტიკის შედეგი, რომლებიც მართლა ბედის უსამართლობით გახდნენ ლიდერები და მათ ავადმყოფურ იდეებს ასობით ათასი ადამიანი შეეწირა... შემდეგ დავიბადეთ მე და ჩემი და, დედას კოშმარიც დასრულდა, რადგან მამაჩემი ძალიან ღირსეული ადამიანი იყო.

- ომამდე ან დედის სიცოცხლეში გერმანიაში დაბრუნება არ გიცდიათ?

- არა, დედა 90-იან წლებში გარდაიცვალა, მანამდე კი, საბჭოთა წლებში გერმანიაში რეპატრიაციის მოთხოვნის გაბედვა სარისკო იყო, თუმცა, ვიღაცებს გაუმართლათ და წავიდნენ... სიმართლე გითხრათ, დიდი ენთუზიაზმი არც გერმანიას ჰქონია, მაშინაც და დღესაც ჩვენით ბიზნესს იკეთებდნენ. რაღაც პროექტებს წერდნენ, რომელიც ვითომ იდენტობის შენარჩუნებას ემსახურებოდა, მაგრამ სინამდვილეში, აქაურებმა გერმანული ენაც არ იციან - მხოლოდ ცეკვა-სიმღერით შემოიფარგლებიან. უკრაინიდან გაქცეული გერმანელებისთვის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ისინი არც კი დაინტერესებულან. არაერთი ომში დაიღუპა კიდეც, მაგრამ არც შეიმჩნიეს... ახლა გერმანულ სათვისტომოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ახალგაზრდა ბიჭია, ალექსანდრ ლინდტი, მისი იმედი გვაქვს, ჩვენს პრობლემებს მაინც გაიტანს უკრაინის ფარგლებს გარეთ და გერმანიას შეახსენებს, რომ ჩვენ აქ ვარსებობთ და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს არ ვწყვეტთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"