როგორ "დასცხეს" ერთმანეთს ტრამპმა და ჰარისმა - "მარქსისტი ქალი", როგორ ისადილებს პუტინი ტრამპით და მიგრანტები, რომლებიც "ამერიკელების შინაურ ცხოველებს ჭამენ"
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) სათაურით „ურთიერთბრალდებები სიცრუეში: რა თქვეს კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ტელედებატების დროს“ აქვეყნებს აშშ--ს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ამერიკული საზოგადოების წინაშე გამოსვლის ძირითად მომენტებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დემოკრატმა კამალა ჰარისმა და რესპუბლიკელმა დონლდ ტრამპმა გამართეს პირველი და, ალბათ, ერთადერთი წინასაარჩევნო დებატები ტელეკომპანია ABC News-ის პირდაპირ ეთერში. არჩევნებამდე (5 ნოემბრამდე) ორ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი.
დისკუსიის პირველი ნაწილი და პირველი კითხვა, რომელიც ABC-ს წამყვანმა დევიდ მიუირმა დასვა, ეკონომიკას ეხებოდა; „გჯერათ თუ არა თქვენ იმისა, რომ ამერიკელები ახლა უფრო უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ოთხი წლის წინათ?“.
კამალა ჰარისმა პირველმა უპასუხა და თქვა, რომ იგი გეგმავს „შესაძლებლობების ეკონომიკის“ იდეის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინების ღირებულების ზრდის პრობლემის მოგვარებას, ახალგაზრდა ოჯახებისა და მცირე ბიზნესის მიმართ დახმარებას.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ცხოვრება გაუარესდა. მისი განცხადებით, „დემოკრატებმა თავიანთი მმართველობის განმავლობაში ამერიკის ეკონომიკა გაანადგურეს“. რესპუბლიკელმა კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ კამალა ჰარისმა, უბრალოდ, „ჯო ბაიდენის ეკონომიკური პროგრამის ასლი გადაიღო“.
თავის მხრივ, კამალა ჰარისმა თქვა, რომ დონალდ ტრამპმა ოთხი წლის წინ ამერიკელებს უდიდესი დონის უმუშევრობა დაუტოვა - ისეთი, რომელიც 1920-30-იანი წლებიდან („დიდი დეპრესიის დროიდან“) არ ყოფილა. ჩვენ კი, დემოკრატებმა, მისი ცუდი საქმეები გამოვასწორეთ, წესრიგი დავამყარეთ“.
„2025 წლის პროექტი“ და „მარქსისტი კამალა“
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ცალკე შეეხო რესპუბლიკელების მიერ შემუშავებულ ე.წ. „პროექტ-2025“-ს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დონალდ ტრამპის მმართველობის ახალი ვადა. „პროექტი“ თითქმის ათასგვერდიანია და მის ავტორს „მემკვიდრეობის ფონდი“ წარმოადგენს. დონალდ ტრამპი თითქოსდა არ ეთანხმება დოკუმენტის შინაარსს, თუმცა ცნობილია, რომ პროექტის შედგენაში მისი მოკავშირეებიც მონაწილეობდნენ. დემოკრატებმა მას თავიანთი პროგრამა დაუპირისპირეს.
დებატების დროსაც დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ პროექტი არ წაუკითხავს და მის გაცნობაზე დროს არ დაკარგავს. კამალა ჰარისმა უთხრა, რომ „დოკუმენტი თქვენი შედგენილიაო“ და ყოფილი პრეზიდენტი სიცრუეში დაადანაშაულა. მას არც დონალდ ტრამპი ჩამორჩა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა - „რა უნდა გელაპარაკო, მარქსისტი ქალი ბრძანდებიო“ - ამით იგი შეეცადა კამალა ჰარისის მამის, სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი ეკონომისტის მოღვაწეობა გაეხსენებინა: „თუ ეს ქალბატონი ოდესმე აშშ-ის პრეზიდენტად იქნება არჩეული, ის ყველაფერს შეცვლის, ყველაფერს გაანადგურებს. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დაღუპვა. კამალა ჰარისი მარქსისტი ბრძანდება. ყველამ იცის, რომ მამამისი ეკონომიკის მარქსისტი პროფესორი იყო და თავისი იდეები შვილსაც კარგად შეასწავლა“, - ნიშნის მოგებით განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კამალა ჰარისმა რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვები „სირცხვილი“ და „თავისმოჭრა“, როცა დონალდ ტრამპის ბრალდებებს პასუხობდა: „დონალდ ტრამპს მთელი მსოფლიოს ლიდერები დასცინიან. მე ვესაუბრე სამხედრო ხელმძღვანელებს, რომელთაგან ზოგიერთი თქვენთან ერთად მუშაობდა. ისინი ამბობენ, რომ თქვენ ამერიკის სირცხვილი ხართ, თქვენი მოქმედებით თავს ჭრით ამერიკას“.
„პუტინი თქვენ სადილის დროს შეგჭამთ“
სარეკლამო შესვენების შემდეგ დებატებში რუსეთ-უკრაინის ომზე ილაპარაკეს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომი უნდა შეწყდეს და რომ იგი ამას მიაღწევს. მან კვლავ გაიმეორა, რომ განზრახული აქვს ომი მანამდე შეწყვიტოს, სანამ ინაუგურაცია ჩატარდება (თუ არჩევნებში გაიმარჯვებს). ყოფილი პრეზიდენტის თქმით, იგი კარგად იცნობს როგორც ვლადიმერ პუტინს, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის და ორივე მას პატივს სცემს: „ისინი მე უფრო მცემენ პატივს, ვიდრე ჯო ბაიდენს. რატომ უნდა მოსწონდეთ მათ ჯო ბაიდენი?“
კამალა ჰარისმა პასუხად დონალდ ტრამპს შეახსენა - „ჯო ბაიდენთან რა გინდა, თქვენს წინაშე ახლა მე ვდგავარო“ და მოუწოდა თავი დაანებოს მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკას.
„ჩვენი ნატოელი მოკავშირეები მადლობლები არიან, რომ თქვენ პრეზიდენტი არ ხართ. თქვენ რომ ახლა ისევ პრეზიდენტი ყოფილიყავით, ვლადიმერ პუტინი უკვე კიევში იჯდებოდა, დანარჩენი ევროპის დაპყრობაზე იოცნებებდა და მიზნის განხორციელებას პოლონეთით დაიწყებდა... პუტინი ისეთი დიქტატორია, რომელიც თქვენ სადილობის დროს შეგჭამთ“, - თქვა კამალა ჰარისმა.
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისი „ამერიკის ისტორიაში ყველაზე უარეს ვიცე-პრეზიდენტად“ შერაცხა და განაცხადა, რომ მას, როგორც ვიცე-პრეზიდენტს, არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასარიდებლად.
აბორტები: „თქვენ ამერიკელ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეთ“
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აბორტები ამერიკას ზიანს აყენებს და რომ ზოგიერთ შტატში ამ სფეროს ყველა მარეგულირებელი კანონი ირღვეოდა, თუმცა აბორტების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს იგი ვეტოს არ დაადებს - უბრალოდ, იმიტომ, რომ კონგრესი მას მაინც არ დაამტკიცებს. კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ აბორტების გაკეთების საქმეში ამერიკელ ქალებს კონსტიტუციური უფლება უნდა დაუბრუნდეთ. „თქვენი ანტიაბორტული პოლიტიკა ამერიკელი ქალებისადმი შეურაცხმყოფელია“, - მიმართა მან დონალდ ტრამპს
მიგრანტები: „ისინი ამერიკელების შინაურ ცხოველებს ჭამენ?!“
ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად, დონალდ ტრამპმა გაიმეორა „შეთქმულების თეორია“, რომელსაც ბოლო დროს რესპუბლიკელები ავრცელებენ - თითქოსდა მიგრანტები ამერიკელების კუთვნილ შინაურ ცხოველებს ჭამენ. დებატების წამყვანი ჩაერია და აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ვისზეც ეჭვი აქვს, იმ ქალაქის (ოჰაიოს შტატში) მოსახლეობამ მსგავსი ხმები უარყოო, რამაც დონალდ ტრამპი გააღიზიანა. კამალა ჰარისმა გადაიკისკისა.
ბრალდებები დონალდ ტრამპის მიმართ
კამალა ჰარისმა, რომელიც წარსულში კალიფორნიის შტატის გენერალურ პროკურორად მუშაობდა, დებატების დროს დონალ ტრამპის ბრალეულობის საკითხი გაიხსენა ადრე ჩადენილ დანაშაულებებში. ტრამპმა - „შეხედეთ ამ ქალბატონს, როგორ ფეიკებს ავრცელებს... ყველა ბრალდება, რომლებიც ჩემს მიმართ არის აღძრული, ცრუ ბრალდებებს წარმოადგენს“.
კაპიტოლიუმის შტურმი
დონალდ ტრამპმა უარი თქვა ეღიარებინა, რომ მან 2020 წლის არჩევნები წააგო და განაცხადა, რომ არაფერს ნანობს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის (კონგრესის) შტურმთან დაკავშირებით: „მე 75 მილიონი ხმა მივიღე, რომელიც არც ერთ მოქმედ პრეზიდენტს ისტორიაში არ მიუღია. ნენსი პელოსის [იმდროინდელი სპიკერის] ბრალია, რომ მან აღელვებული ადამიანებისაგან კონგრესის ნორმალური დაცვა ვერ უზრუნველყო“.
„უკან არ დავიხევთ“ და „მსოფლიო დაგვცინის“
შემაჯამებელ სიტყვაში კამალა ჰარისმა კვლავ გაიმეორა აგვისტოში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ნათქვამი: „ჩვენ უკან არ დავბრუნდებით. უკან არ დავიხევთ. მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი... დონალდ ტრამპს კი ამერიკელების ბედი არ აინტერესებს, მას სულ სხვა აზრები და ხედვები აქვს“.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის პოლიტიკური პროგრამა არაფერს კარგს არ მოასწავებს: „მას ოთხი წლის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არაფერი არ გაუკეთებია. ამერიკა სერიოზულ კრიზისში იმყოფება. მთელი მსოფლიო ყველა ჩვენ დაგვცინის... დემოკრატი პრეზიდენტის გამო“.
ტელედებატების წინ ორივე კანდიდატის მხარდაჭერის დონე, გამოკითხვების თანახმად, თითქმის თანაბარი იყო.
დონალდ ტრამპისათვის, 2016 წლიდან მოყოლებული, გუშინდელი დებატები უკვე მეშვიდე იყო, კამალა ჰარისისათვის კი - პირველი. უფრო მეტიც - ისინი ერთმანეთს პირადად არასოდეს არ შეხვედრიან და ერთმანეთთან არ უპლპარაკიათ.
დებატები გაიმართა დილადელფიაში, კონსტიტუციის შემსწავლელ ეროვნულ ცენტრში და ორი სარეკლამო პაუზით 90 წუთს გაგრძელდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა კიდევ კანდიდატების პაექრობა პირდაპირ ეთერში. არცერთი შტაბი ამის შესაძლებლობას არ უარყოფს. დონალდ ტრამპის შტაბს, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს სურს, კამალა ჰარისის შტაბს კი - ოქტომბერში.
მოამზადა სიმონ კილაძემ