რა მოხდება, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს?! - "ახალ მმართველ გუნდში გადასასვლელად "ოცნების" მედროვეებისგან რიგი დადგება"
26 ოქტომბრის არჩევნებზე მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი განიხილება. მაგალითად, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ოპოზიცია შეეცდება მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებას. ამჯერად ექსპერტებს დავუსვით კითხვა - რა მოხდება, თუ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს?!
გია ხუხაშვილი:
- ამ არჩევნებში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური განვითარების კალაპოტს. ამ შემთხვევაში, გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, რუსეთის იმპერიაში დაბრუნების საფრთხე მკვეთრად შემცირდება, რაც თავისთავად, კარგი შედეგი იქნება.
რაც შეეხება ხელისუფლების ფორმირების საკითხს - ლოგიკურად, უნდა შედგეს კოალიციური უმრავლესობა, რომელიც დააკომპლექტებს მთავრობას. თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ "ქართული ოცნება" ამ ვითარებაში თვითონ შეეცადოს პარტნიორების პოვნას და მმართველი კოალიციის ფორმირებას. ამ სცენარსაც არ შევხედავდი დრამატულად - როდესაც შედარებით მცირე პარტია ხარ, მაგრამ გიჭირავს ერთგვარი "ოქროს გასაღები" და ფაქტობრივად, შენზეა დამოკიდებული, რომელ ორბიტაზე მოხდება ძალაუფლების ფორმირება, იხსნება სივრცე მოლაპარაკებებისთვის. არ გამოვრიცხავ, ასეთი მოლაპარაკებები "ქართულმა ოცნებამ" დაიწყოს, რადგან მას სერიოზული საფრთხე დაემუქრებათ. ისინი მზად უნდა იყვნენ დათმონ ძალიან ბევრი რამ - როგორც ძალაუფლების, ასევე იდეოლოგიური თვალსაზრისით.
მთავარი, რაც ოპოზიციამ გამარჯვებისთვის უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ამომრჩეველებამდე უნდა მიიტანოს ამბავი - "ოცნების" სარეფერენდუმო ომისა და მშვიდობის თემა არის ყალბი, სპეკულაციური და მოგონილი. შესაბამისად, ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე იმ განწყობით, რომ არჩევანს აკეთებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეს კარგად არის ასახსნელია ხალხისთვის, რადგან ის პროპაგანდისტული შტურმი, რომელიც მიმდინარეობს, არ არის ასე ადვილად გადასალახი. ოპოზიციას სჭირდება მეტი მუშაობა, უფრო დინამიური პროცესის შექმნა და სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ამას მე ვერ ვხედავ.
თუ ოპოზიციამ არჩევნებში სერიოზული წარმატების მიღწევა შეძლო, მჯერა, რომ "ოცნების" მედროვეებისგან ახალ მმართველ გუნდში გადასასვლელად რიგი დადგება. ჩვენთან ხელისუფლებაში ხომ მხოლოდ მედროვეები არიან - იქ ხომ არ არიან იდეური ან მსოფლმხედველობითი არჩევანის გამო.
მთავარია, ოპოზიციამ სწორად იმოქმედოს. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ამბიციები ბევრად აჭარბებს მათ შესაძლებლობებს. ეს სამწუხაროა, ამიტომ მათ ვურჩევ, რეალობას გაუსწორონ თვალი და ისე იმუშაონ.
- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციამ მეორე პლანზე გადასწია პრეზიდენტის "ქართული ქარტია", რომელიც არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით გარდამავალი მთავრობის ფორმირებას ითვალისწინებს...
- ეს ოპოზიციის შეცდომაა. რაღაცნაირად გაემიჯნენ პრეზიდენტის შეთავაზებას - არადა, კონსოლიდაცია უნდა მომხდარიყო. დღესაც არის რაღაც შანსი, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლონ ამ კუთხით პრეზიდენტთან, მაგრამ პირიქით ხდება - თითქოს უფრო დისტანცირდნენ სალომე ზურაბიშვილისგან. ეჭვიანობენ თუ რა არის, ვერ გავიგე, თავიანთი დღის წესრიგით მოქმედებენ. კი ბატონო, ყველამ უნდა ჩაატაროს თავისი საარჩევნო კამპანია, მაგრამ არსებობს მთავარი ფუნდამენტური თემა, რაშიც ყველა ერთიანი უნდა იყოს და ამ ერთიანობას, სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ.
ვახტანგ ძაბირაძე:
- თუ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდა და ხელისუფლებამ აღიარა ოპოზიციის გამარჯვება, მაშინ არაფერი მოხდება. შეიქმნება კოალიციური მთავრობა. და დღევანდელი მმართველი გუნდიდად ბევრი გადაბარგდება გამარჯვებულთა ბანაკში - როგორც ხდება ხოლმე ქართულ პოლიტიკაში...
როგორც არ უნდა დალაგდეს სიტუაცია, სულ ხუთი სუბიექტია, რომლებსაც ამ არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ - "ოცნება" და 4 ოპოზიციური პარტია.
თუმცა ჩემი აზრით, ხელისუფლების რეიტინგიდან გამომდინარე, ამ არჩევნებში პირველ ადგილს "ქართული ოცნება" დაიკავებს ყოველგვარი გაყალბებების გარეშე. დღეს ასეთი რეალობაა და "ოცნებას" ექნება უპირატესობა, შექმნას კოალიციური მთავრობა - ამისთვის რამდენი მანდატი დასჭირდება და ვინ იქნება მასთან კოალიციაში, ეს გამოჩნდება არჩევნების შემდგომ პერიოდში. პოლიტიკური სიმშვიდის მთავარი წინაპირობა არჩევნების შედეგების აღიარებაა ყველა "მოთამაშის" მიერ.
თუ არჩევნების შედეგები არ აღიარეს, მაშინ ამას მოყვება მასშტაბური პროტესტი და ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით. ბევრი ფაქტორი მუშაობს დღეს ქართულ შიდა პოლიტიკაში - ზოგიერთი მართლა დაინტერესებულია, რომ არასტაბილური გარემო შეიქმნას. ასე რომ, ამ სცენარის შემთხვევაში დაპირისპირების საფრთხე რეალურია.
ვიმეორებ, ამ არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს 5 პარტიას - დანარჩენები , მუშაობენ 1%-იანი ბარიერის გადალახვაზე, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ. "ქართულ ოცნებას" აწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა დაკარგონ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ.
რაც შეეხება პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" - სალომე ზურაბიშვილის შეთავაზების მიმართულებით არაფერი კეთდება. თუმცა ვნახოთ, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამ შეთავაზებას შესაძლოა, კიდევ მიუბრუნდნენ.
(სპეციალურად საიტისთვის"