"კიდევ ერთხელ, ნათლად და ხილულად დაინახა საზოგადოებამ, რომ პარლამენტს, როგორც „ტატამს“ ისე უყურებს"
ივანიშვილი გარდაუვალი მარცხით შეშინებული ოლიგარქი საპარლამენტო სიაშია, რომელმაც ღარიბაშვილიც კი საარჩევნო სიაში ჩაწერა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ პარლამენტს, როგორც "ტატამს" ისე უყურებს ივანიშვილი.
„კიდევ ერთხელ, ნათლად და ხილულად დაინახა საზოგადოებამ, რომ პარლამენტს, როგორც „ტატამს" ისე უყურებს ივანიშვილი. მორაგბეები, კალათბურთელები, მოჭიდავეები, მძლეოსნები, ფეხბურთელები - ეს დასაფასებელი ადამიანები, საკუთარი ბრძოლითა და შედეგებით შეიყვარა ქართველმა ხალხმა. ყველას კარგად ესმის, რომ საპარლამენტო საქმიანობა მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი საქმეა, ისევე როგორც, ჩემი ჩასმა იქნებოდა ოლიმპიური ნაკრების სიაში.
ევროკავშირში გაწევრიანება და 14 მილიარდი ევროს მოზიდვა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, 1000 ლარიანი პენსია, საბანკო ოლიგარქიის დაშლა და საპროცენტო პირობების გაუმჯობესება, ფასების მონოპოლიის დაშლა, უფასო კვება საჯარო სკოლებში, საპენსიო სესხების განულება - ეს ყოველივე ქართველ ხალხს სჭირდება და ამ პრობლემების გადაჭრა ჭიდაობითა და გირების აწევით ვერ მოხდება! ჩვენ, ყველამ უნდა დავაფასოთ ჩვენთვის საამაყო სპორტსმენები, ისე როგორც მათ ეკადრებათ და არა ისე, როგორც ივანიშვილმა მასხრად აიგდო და თავზე ლაფი დაასხა ყველას! 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ“, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.