"გვესმოდა კამათის ხმა, შემდეგ გავიგე, რომ შეყვარებულმა მოკლა" - ვინ არის სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი? - კვირის პალიტრა

"გვესმოდა კამათის ხმა, შემდეგ გავიგე, რომ შეყვარებულმა მოკლა" - ვინ არის სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი?

სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი ქუთაისში მცხოვრები 49 წლის მაია ალფაიძეა. თურქული მედიის ინფორმაციით, მკვლელობა 9 სექტემბერს, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მამაკაცმა ქალი სასიკვდილოდ სცემა და შემდეგ მას დანით ჭრილობები მიაყენა. ქალს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გაუწიეს, შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მოძალადე კაცმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის სასტუმროს თანამშრომელმა იქვე დააკავა. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია ვიდეო კადრები, რომელიც თურქულმა მედიამ გაავრცელა კიდეც, სადაც ჩანს როგორ აკავებენ დამნაშავეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობს. თვითმხილველი თურქულ მედიასთან ყვება, რომ ფაქტს წინ კონფლიქტი უძღვოდა:

"გვესმოდა კამათის ხმა, შემდეგ გავიგე, რომ ქართველი ქალი შეყვარებულმა წამებით მოკლა, სცემა და ბოლოს დაზიანებები დანით მიაყენა. ჩვენს სასტუმროში კამათი ნახევარი საათი გრძელდებოდა, ცოტა ხანში კაცმა საეჭვო ქცევები გამოამჟღავნა, სასტუმრო დატოვა და სირბილი დაიწყო. გავეკიდე, რომ დამეჭირა, დიდხანს გარბოდა, თუმცა მისი დაჭერა მაინც მოვახერხე. ამბობენ, რომ კაცმა ფულის გამო მოკლაო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს პოლიცია და სამედიცინო ბრიგადები. ადგილზე მალევე მოვიდნენ, თუმცა ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა,"- აცხადებს თვითმხილველი.

ქუთაისში მაია ალფაიძე ნიკეას ქუჩაზე ცხოვრობდა. მოკლული ქალის მეზობლები მკვლელობის მიზეზზე ვერ საუბრობენ, მათ ვერ აუხსნიათ რატომ უნდა მოეკლათ ახალგაზრდა ქალი. მეზობლების თქმით, მაია ალფაიძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თურქეთში მკურნალობდა და თან მუშაობდა. მათი თქმით, ქალს თურქეთში ყბაზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

"არ ვიცით იქ რა მოხდა. მაიას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა. აქ ითქვა თითქოს ქუჩაში დავარდა და გარდაიცვალა, ახლა სხვა რამეს ამბობს თურქული მედიაო. არაფერი ვიცით მომხდარზე. ისე დიდი ხანია, რაც სამუშაოდ დადიოდა თურქეთში. ალბათ 10 წელი იქნება. პერიოდულად ჩამოდიოდა და ისევ მიდიოდა. აქ ჰყავს შვილები, მოხუცი დედა და ეს ამბავი შეიტყვეს. ძალიან მეცოდება დედამისი, ერთადერთი შვილი ჰყავდა. ძალიან კარგი ადამიანია. მაიას დადებითად დავახასიათებ, კარგი გოგო იყო. მე მეტს ვერაფერს გეტყვით, ალბათ გამოძიებით გაირკვევა რა და როგორ მოხდა. ვერც ის ამიხსნია, რატომ უნდა მოეკლათ მაია. ყველანი გაოგნებულები ვართ",- ამბობს ერთ- ერთი მეზობელი. ოჯახი და მეზობლები ახლა თურქეთიდან ცხედრის ჩამოსვენებას ელოდებიან. მოკლული ქალის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და ჯერჯერობით უცნობია სამშობლოში როდის ჩამოსვენებენ. ალბათ დაიკითხება დამნაშავე მამაკაცი და გაირკვევა თუ რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 49 წლის ქალი. მოგვიანებით გახდება ცნობილი მეტი დეტალი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება თურქეთში უკვე დაწყებულია. საქმეში საკონსულოც ჩაერევა და მეტი დეტალი გაირკვევა.