"დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად შეაბიჯებს ევროპაში"
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც პოლიტიკაში წავიდა და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერია, ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს ჩამოყალიბებული თუ რას გააკეთებს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში.
ტალახაძის თქმით, მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა.
"გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად შეაბიჯებს ევროპაში.
დარწმუნებული ვარ ევროპაში შესვლას ვიმსახურებთ და ჩემი მთავარი მიზარია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს. "გამჭვირვალობის კანონს" რაც შეეხება ვთვლი, რომ აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში რამე დამალული" - განუცხადა "ტვ პირველს" ტალახაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გააკეთებს პარლამენტში შესვლის შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონი ასე პასუხობს:
"ჩამოყალიბებული ვარ-თქო მაგ ყველაფერში, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდით დგომა, ქართული სპორტის გვერდით დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი რასაც ჩვენი გუნდი ერთად განვახორციელებთ".