"ჩვენ ერთნი ვართ. ის ჟურნალისტია, მაგრამ ბევრ მუსიკოსზე უფრო მეტად მიგებს. ყველანაირად მხარში მიდგას"
ანსამბლი "ურსა" საქართველოში ძალიან პოპულარულია.
30 აგვისტოს ამ ანსამბლის სოლისტს, გიორგი ძოწენიძეს ვაჟი შეეძინა. ისე მოხდა, რომ ინტერვიუ სწორედ 30 აგვისტოს ჩავწერეთ და ჩვენი საუბარიც მილოცვით დავიწყეთ:
- გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს! როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში ოჯახი?
- დღეს ჩვენი ოჯახისთვის მართლაც, უბედნიერესი დღეა: პატარას ანდრია დავარქვით. მთელი დღეა მილოცვებს ვიღებ და ცხადია, ძალიან გახარებული ვარ. ნებისმიერი ადამიანისთვის ოჯახი უპირველესია და მეც, რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ჩემი ქვეყნის და ოჯახისთვის ვაკეთებ.
- ამბობენ, ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი და გონიერი ქალი დგასო... თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
- ბოლომდე ვეთანხმები ამ გამონათქვამს. ჩემი მეუღლე მია მაჩაბელი საოცარი ადამიანია. ის ჟურნალისტია, მაგრამ ბევრ მუსიკოსზე უფრო მეტად მიგებს. იცის, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ყველანაირად მხარში მიდგას. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, თუ ოჯახისგან მხარდაჭერა არ მექნება და მეუღლე მეტყვის, - მოდი რა, ამ საქმეს შეეშვიო, ეს ჩემთვის დამანგრეველი იქნება. ადამიანს ნებისმიერ საქმეში სტიმულის მიმცემი სჭირდება. მია ჩემთვის ენერგიის და სტიმულის წყაროა. ჩვენ ერთნი ვართ და ყველაფერს ოჯახისთვის, შვილებისთვის ვაკეთებთ.
- გოგონას თუ აქვს მუსიკალური ნიჭი?
- ჩემი შვილი, ანიტა ჯერ მხოლოდ სამი წლისაა. საკმაოდ კარგი სმენა აქვს, მაგრამ როგორი ხმა ექნება, ჯერ არ ვიცი. რატომღაც, მგონია, რომ ლამაზი და საინტერესო ხმა ექნება. მინდა თუ არა, ისიც მომღერალი გახდეს? - ძალიან სასიამოვნოა, როცა მომღერალი შვილი გყავს, მაგრამ ანიტამ ის საქმე უნდა აკეთოს, რომელიც ეყვარება. თუ სიმღერა ეყვარება, რატომაც არა?! მართალია, ჩვენი საქმე უამრავი დაბრკოლების გადალახვას გულისხმობს, მაგრამ ჩემი შვილები რა პროფესიასაც აირჩევენ, ყველაფერში მხარს დავუჭერ.
- რატომ დაარქვით ანსამბლს "ურსა"?
- "ურსა" ხევსურეთში იარაღს ერქვა, რომელსაც ორმაგი დანიშნულება ჰქონდა: მას შრომის იარაღადაც იყენებდნენ და ყოველდღიურ ყოფაშიც. ნებისმიერი საქმე, რასაც ადამიანი აკეთებს, მის ხელში ერთგვარ იარაღად იქცევა ხოლმე და ასეა სიმღერაც. ჩვენი ანსამბლი უკვე 15 წელია, ქართული სიმღერის სამსახურშია. დიახ, "ურსა" 15 წლის წინ შეიქმნა ტექნიკურ უნივერსიტეტში. მის შექმნასა და ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის ჯგუფის თითოეულ წევრს, ასევე, ჩვენს მეგობრებს - გიორგი ქურასბედიანს და თამარ ალადაშვილს. მე ამ ჯგუფში ცოტა მოგვიანებით მოვხვდი, კასტინგის მეშვეობით. ჯგუფის წევრებს მოვეწონე და ამიყვანეს. როგორც ადამიანი იცვლება და იზრდება ყოველდღიურად, ასევეა ჩვენი ანსამბლი, რომელმაც ამ 15 წელიწადში ბევრი განსაცდელი გადალახა.
- მაგრამ "ურსა" დღეს მთელ საქართველოში ცნობილი ანსამბლია. ამ წარმატებას რას უმადლით?
- მე ყოველთვის ვამბობ: ადამიანმა ბევრი უნდა იშრომო, რომ წარმატებას მიაღწიო. ზოგჯერ შენ ირგვლივ კარგი სიტუაციაა, ზოგჯერ - ცუდი, მაგრამ მთავარი მაინც შრომა და საქმის სიყვარულია. ჩვენი ჯგუფიც ბევრჯერ ყოფილა დაშლის საფრთხის წინაშე. ბევრი დაღმართი და სერიოზული კრიზისი გვქონია. ეს ნებისმიერ ჯგუფში ხდება, მაგრამ ყველა ვერ უძლებს. "ურსა" რომ შეიქმნა, მაშინ ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ბენდი იყო, ახლა მათგან მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი, ჩვენ კი ვარსებობთ. აღმართიც იყო და დაღმართიც, მაგრამ ჩვენი საყვარელი საქმისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდით. სწორედ ამიტომ მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. შანსი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მოდის, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
- "ურსამ" ბევრი ქართული სიმღერა სულ სხვაგვარად "აამღერა". ამას როგორ ახერხებთ?
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ, თავდაუზოგავად ვშრომობთ და ჩვენს საქმეს მთელი გულით ვაკეთებთ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ხალხის სიყვარული, რომელიც მოვიპოვეთ, უფლის წყალობაა და სხვა არაფერი. ჩვენ ისეთი პერიოდი გამოვიარეთ, როცა ქართული სიმღერა ახალგაზრდებში არცთუ ისე პოპულარული იყო. ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ, ასეთი ნიჭიერი მომღერალი ხარ და აჯობებს, უცხოური იმღეროო... მე ეს არ შემეძლო! მე სწორედ ქართული სიმღერების მომღერალი ვარ, ეს მიყვარს და მგონია, რომ სხვა არც გამომივა, რადგან ყველაზე კარგად ამ ჩარჩოში ვგრძნობ თავს. ამჟამად, საბედნიეროდ, ყველაფერი შეიცვალა: კონცერტებზე იცით, რა ხდება? - წინა რიგებში მოზარდები რომ სხედან, ქართულ სიმღერებს მთელი ხმით, მთელი სულითა და გულით მღერიან. ამ საოცარ ენერგიას მეც ვგრძნობ და მათ მშობლებს მადლობა უნდა ვუთხრა, რომ ასეთი შვილები აღზარდეს. ეს თაობა ბედნიერია იმით, რომ ქართულ სიმღერებს მღერის, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ენერგიის წყაროა. ჩვენც მათი გახარებით არ დავიღლებით, მათ სამსახურში ვიქნებით მთელი ცხოვრება.
- საინტერესოა, თქვენ როგორ გაგიტაცათ ქართულმა სიმღერამ?
- მე თავიდან ანსამბლ "გეორგიკაში" ვცეკვავდი. საოცარ გარემოში მიწევდა ყოფნა. ერთხელ შვეიცარიაში წავედით გასტროლებზე და სიმღერის ანსამბლთან ერთად მეც ვიმღერე, ხელმძღვანელებს ჩემი სიმღერა მოეწონათ და შემომთავაზეს, მათ გუნდთან ერთად მემღერა. სიამოვნებით დავთანხმდი. სხვათა შორის, მაშინ ფეხბურთსაც ვთამაშობდი და სპორტიც მიყვარდა, მაგრამ სერიოზული ტრავმა მივიღე და ბოლოს სიმღერაზე შევჩერდი, რაც თავიდან ჩემი ჰობი იყო. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მუსიკით ოჯახს ვერ შევინახავდი, თანაც, ასეთი სტერეოტიპი იყო მაშინდელ საქართველოში, ამიტომ, პარალელურად, სხვა სამსახურებიც მქონდა. ჩვენი ჯგუფიც არ იყო ისე პოპულარული, რომ მხოლოდ მუსიკის იმედად ვყოფილიყავი. ის, რომ მარტო ამ ანსამბლისთვის მემუშავა და მხოლოდ მუსიკისთვის მიმეძღვნა მთელი ჩემი დრო და ენერგია, შორეულ ოცნებად მრჩებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯგუფის წევრებმა ერთად მივიღეთ! დრომ გვაჩვენა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. შეიძლება ახლა კომპანიის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი ან კარგი თანამდებობა მქონოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკუთარი თავით ასე კმაყოფილი მაინც ვერ ვიქნებოდი.
- ეს გადაწყვეტილება "ურსას" წევრებმა ერთად მიიღეთ?
- დიახ, ჯგუფის წევრებმა ერთად ვთქვით: მოდი, ჩვენს გუნდს, ქართულ სიმღერას ვენდოთო და ყველაფერი უფრო კარგად გამოგვივიდა, ვიდრე ველოდით. არასდროს გვიოცნებია, რომ ამდენ ხალხს ვეყვარებოდით. უკვე გითხარით, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ: უბრალოდ, ჩვენს თავს მუსიკას ვუძღვნით და ამის სანაცვლოდ, ყველაზე დიდი ჯილდო - ხალხის სიყვარული გვიბრუნდება. სწორედ ამიტომ მინდა, თითოეულ მსმენელს, ყველა ჩვენს გულშემატკივარს ვუთხრა: თითოეული მათგანის დამსახურებაა, ჯგუფი "ურსა" ქართულად რომ მღერის. ინგლისურ სიმღერებს მსოფლიოში იმდენი ასრულებს, რომ მათ კონკურენციას ვერ გაუწევ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენს სისხლშია, ეროვნულია, გვიყვარს და მოგვწონს! რა მტკიცება სჭირდება იმას, რომ ქართველს ქართული სიმღერა უხდება და კარგად გამოსდის?! დღემდე ძალიან კარგად მახსენდება ანსამბლ "გეორგიკაში" გატარებული წლები, სადაც შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა: დავით შანიძე, შალვა ლორთქიფანიძე და რა თქმა უნდა, პაატა მელაძე, რომელმაც ქართული სიმღერის სილამაზეს მაზიარა. ახლა მუსიკალურ სასწავლებელს ვხსნით, რომელსაც "ურსას სკოლა" დავარქვით და ამ სკოლაში ძირითადი მასწავლებელი სწორედ პაატა მელაძე იქნება. სხვათა შორის, მას შვიდი შვილი ჰყავს და ყველა კარგად მღერის. ბატონმა პაატამ ჩემი მომავლის განსაზღვრაშიც დიდი წვლილი შეიტანა. მისგან ვისწავლე, რომ მთავარი ნიჭია, მაგრამ შრომის გარეშე მაღალ საფეხურზე ვერ ახვალ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფის პოპულარობაც მუხლჩაუხრელი, თავდაუზოგავი შრომის შედეგია. 33 წლის ვარ, უკვე 18 წელია, რაც "ურსაში" ვარ, ანუ ნახევარი ცხოვრება ამ ჯგუფში გავატარე და იმედი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარსაც ამ ანსამბლს მივუძღვნი.
- "ურსას" წარმატებაში განსაკუთრებული როლი რომელმა პროექტმა შეასრულა?
- როგორც გითხარით, ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა გვქონია: ჯგუფი უცბად ხდებოდა პოპულარული, ხალხი ქუჩაშიც გვცნობდა, მერე ისევ დაღმასვლა იწყებოდა, მერე ისევ აღმასვლა და ა.შ. პირველად "ტვ 11"-ის პროექტში მივიღეთ მონაწილეობა: შეიძლება ითქვას, რომ დავით გოგიჩაიშვილმა აღმოგვაჩინა. პირველი კლიპებიც მან გადაგვიღო და ჩვენი ჯგუფი ხალხს გააცნო. მერე "X ფაქტორის" ფინალზე მიგვიწვიეს და "ურსა" საოცრად პოპულარული გახდა. მერე მეგრული სიმღერა ჩავწერეთ მიშო სულუხიასთან ერთად. სვანური სიმღერა სოფო ნიჟარაძესთან ერთად შევასრულეთ, ამის შემდეგ ვიმღერეთ "ლაზური" და "აჭარული", რასაც ჩვენი ჯგუფის დიდი წარმატება მოჰყვა. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენთვის "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობაც - ამის შემდეგ, "ურსა" კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ამ ბოლო დროს კი, საახალწლო კონცერტზე შევასრულეთ სიმღერა - "მინდა ფრთები გავშალო". არ ვიცი, რა მუხტით და რა ემოციით ვიმღერეთ, რომ ეს სიმღერა მთელმა საქართველომ აიტაცა. ალბათ, სწორედ ეს არის შანსი, რომელსაც სამყარო გიგზავნის და შენ სწორად გამოიყენებ.
- დაბოლოს, გიორგი, თქვენს რჩეულ მომღერლებს ხომ ვერ დაგვისახლებთ, ვისაც განსაკუთრებით აფასებთ?
- აუცილებლად უნდა დავასახელო ჰამლეტ გონაშვილი, რომელიც მოვლენაა, მისი ხმა, მისი სიმღერა საუკუნეებს გაუძლებს, ხოლო მისი სახელი ათასწლეულების შემდეგაც ეცოდინებათ. გული მწყდება, რომ დროში ავცდით და მასთან ერთად, სცენაზე ყოფნის ბედნიერება არ მქონია. თუმცა, ეს დანაკლისი ეთერ თათარაიძესთან სიმღერით ავინაზღაურე, რომელიც თუშურ სიმღერებს შეუდარებელი ოსტატობით ასრულებს. მიმაჩნია, რომ ისიც მოვლენაა! ეთერ თათარაიძე ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი მომღერალი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად დუეტი ჩავწერეთ. ქართველებს ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თითოეული მათგანი მიყვარს, მაგრამ ეს ორი ადამიანი ჩემთვის მაინც გამორჩეულია.
ხათუნა ჩიგოგიძე