"ურთიერთობა მალე დავასრულეთ, ვერ "ავეწყვეთ" - სამუდამოდ წერტილი დაესვა... ზოგადად, მოცეკვავე ბიჭებთან ვერ ვურთიერთობ" - კვირის პალიტრა

"ურთიერთობა მალე დავასრულეთ, ვერ "ავეწყვეთ" - სამუდამოდ წერტილი დაესვა... ზოგადად, მოცეკვავე ბიჭებთან ვერ ვურთიერთობ"

ზაფხულის არდადეგების სასიამოვნოდ გატარებასთან ერთად,

მოცეკვავე ელენე დავითაია სამეჯლისო-სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირებშიც მონაწილეობდა მეწყვილესთან ერთად და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. თავად ამის აფიშირება არ უყვარს, მაგრამ მისი წარმატების შესახებ მაინც შევიტყვეთ...

- ახალი მეწყვილე მყავს - თებერვლიდან ერთად ვცეკვავთ. პირველად საერთაშორისო ტურნირზე - "კავკასიის თასი" თბილისში ვიცეკვეთ. 70 წყვილიდან ნახევარფინალში გავედით და მერვე ადგილი დავიკავეთ. ესეც ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ შემდეგ ბუდაპეშტში საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარდა. 15 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით. მეოთხე ადგილი დავიკავეთ. მერე უკვე ბათუმში, საერთაშორისო ტურნირზე - Batumi Open გავიმარჯვეთ. როგორც გვითხრეს, საერთაშორისო ტურნირზე მანამდე ქართველს არასოდეს გაუმარჯვია. ეს ტურნირი ყოველ წელს, ტრადიციულად ივლისში ტარდება. წინათ ვერ ვმონაწილეობდი, რადგან უცხოეთში ვიყავი. ჩემი მეწყვილე ბათუმელი გახლავთ. აუცილებელი იყო ამ ტურნირზე მეცეკვა. მაგარი შედეგი "დავდეთ". თან, კარგი იმიტომ არის, რომ აქედან ბევრ ქულას ვიღებთ - უკვე მარტივია, მსოფლიო რეიტინგის "ტოპასეულში" შევიდეთ. ამჟამად, მგონი, უკვე 120-ე ადგილზე ვართ.

- შენი მეწყვილე ვინ არის, როგორ იპოვე?

- გიორგი კახიძე გახლავთ. ჯგუფელები ვიყავით. ერთი და იგივე მასწავლებელი გვყავდა. ადრე სხვა მეწყვილე მყავდა, მაგრამ შემდეგ დავიშალეთ. მერე გიორგისთან დავდექი წყვილში. 1 წელი ვიცეკვეთ, მაგრამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიგვიღია. მერე ისე მოხდა, რომ ჩვენი მასწავლებლისგან, ვინც გვავარჯიშებდა, წამოვედი, გიორგი კი დარჩა. ჩემი და გიორგის წყვილის დაშლის მიზეზი ეს იყო, მაგრამ რადგან მეგობრები ვართ ურთიერთობა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ. მის მეგობრებსაც ვიცნობ, ოჯახთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს... როცა ბათუმში ჩავდიოდი, გიორგის ოჯახში ჩვეულებრივად მივდიოდი... დღემდე ასეთი ურთიერთობა გვაქვს. შემდეგ გიორგისა და მის მწვრთნელს შორის რაღაც მოხდა - იკამათეს. ბოლოს იმ მასწავლებლისგან გიორგიც წამოვიდა. არც მე მყავდა მეწყვილე, არც - მას და ისევ ერთად დავდექით.

- შეიძლება ვიცოდეთ, მწვრთნელთან შენი გაუგებრობის მიზეზი რა იყო?

- როცა ერთად ბევრ დროს ატარებთ, ახლო ურთიერთობა გაქვთ, მგონია, რომ მერე ადამიანი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ისეთ დეტალებში ერევა, რაშიც ჩემი აზრით, მწვრთნელი არ უნდა ჩაერიოს. იმ მასწავლებლის ძირითადი პრობლემა ყველა მოსწავლესთან ეგ იყო. მასთან 10 წელი ვიყავი. მისი გაზრდილი ვარ და ყოველთვის ვიტყვი, რომ რაც ცეკვის სფეროში ცოდნა მაქვს, მისი დამსახურებაა. უბრალოდ, მარტო ცეკვა არ კმარა: ცოტათი ურთიერთგაგებაც ხომ უნდა იყოს, რობოტებივით ხომ არ ვიქნებით?..

- 10-წლიანი თანამშრომლობის მერე, ახალი ეტაპის დაწყება რთული არ იყო?

- მანამდე მისგან ბევრჯერ წამოვედი, მაგრამ ბოლოს მაინც ვრიგდებოდით ხოლმე. საბოლოო ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, თორემ როცა გადავწყვეტ, რაღაც უნდა დასრულდეს, არანაირი სინანულის განცდა აღარ მაქვს. ბოლოს გული ძალიან ამიცრუვდა, დარწმუნებული ვარ, ისიც იმავეს გრძნობდა - აღარც გამომეკიდებოდა, რომ შევრიგებულიყავით, არც მე გავეკიდებოდი...

- ახლა გვითხარი, ზაფხულში დასვენება თუ მოახერხე?

- კარგი ის იყო, რომ როცა ბათუმში ტურნირი ტარდებოდა, იმ დროს უკვე იქ ვიყავი (დაახლოებით 1 თვე). კონკურსამდე კარგად დავისვენე. გიორგის სახლში ვიყავი. კარგად გავერთეთ, განვიტვირთეთ... თან, ისე დაემთხვა, რომ ბუდაპეშტში ტურნირზეც გავემგზავრეთ და იქაც დავისვენეთ... ბათუმის შემდეგ გურიაში ვიყავი - იქ სოფელი მაქვს. ჩემი დაქალი - ანნა ბირთველიშვილი წავიყვანე. კარგა ხანს ვიყავით გურიაში. საერთოდ, ამდენ ხანს სადმე წასვლა არ მიყვარს. 20 დღე მართლა ბევრია, მით უმეტეს - სოფელში, მაგრამ ისეთი კარგი იყო, რომ დიდი ხანია, ასე კარგად მართლა არ დამისვენია. ზღვაზეც დავდიოდით, მთაშიც... მოვიარეთ შეკვეთილი, ბახმარო, გომის მთაზეც ვიყავით... ძალიან კარგი ზაფხული მქონდა, თუმცა არდადეგები ჯერ არ დასრულებულა - ცოტა ხანში ბარსელონაში მივემგზავრებით.

- ანნასთან ერთად მიემგზავრები?

- ჩემებთან ერთად მივდიოდი, მაგრამ ანნა ჩემთან, გურიაში რომ ჩამოვიდა და ბარსელონაში მოგზაურობის თემაზე ვსაუბრობდით, ჩემი ოჯახის წევრებმა უთხრეს, - შენც წამოდიო და იქვე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ანნაც მოდის.

- დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებს მასთან?

- სხვათა შორის - არა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო სეზონზე დავახლოვდით. ერთმანეთს მანამდეც ვხვდებოდით, მაგრამ ასე თუ დავახლოვდებოდით, ვერ წარმოგვედგინა. ჩემი აზრით, ადამიანთან ყოფნა ძალიან უნდა გინდოდეს, რომ დასასვენებლად მასთან ერთად ამდენი ხნით წახვიდე.

- ოჯახთან ერთად ზაფხულს ხშირად ატარებ?

- კი. იშვიათად, რომ სადმე დასასვენებლად მარტო წავიდე. მაგალითად, შარშანაც იტალიაში დეიდამ წაგვიყვანა. ახლაც ბარსელონაში დასვენების ინიციატორი დეიდა გახლავთ.

- ოჯახთან ერთად, არდადეგებს როგორ ატარებ?

- სიმართლე გითხრა, თითქმის სულ გარეთ ვარ - სახლში ყოფნა არ მიყვარს. დედა სულ მეუბნება, - სახლში არასდროს ხარო. შინ 1 საათს რომ ვჩერდები, ეგეც უკვირთ. როცა ოჯახთან ერთად სადმე დასასვენებლად მივდივარ, იქაც სულ გარეთ გასული ვარ. რა თქმა უნდა, მათთან ერთად დროს ვატარებ, მაგრამ სადმე რომ მივდივარ, ისე ხდება ხოლმე, რომ მაგალითად, ჩემი მეგობრებიც მაინცდამაინც იმ დღეს არიან ჩამოსულები... დიდი მნიშვნელობა არა აქვს, დასასვენებლად მარტო წავალ თუ დედასთან ერთად, რადგან დედა მაინც ყველაფრის უფლებას მაძლევს. ოჯახთან ერთად დასვენება მირჩევნია, რადგან ყველა ერთად ვართ.

მოგზაურობისას ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მიყვარს, რადგან ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ბათუმშიც მთელი დღე ფეხით დავდივარ, რაღაცები რომ დავათვალიერო. კონცერტებზე სიარულიც გვიყვარს. ამ საკითხში მე და ჩემი მეწყვილე ერთმანეთს განსაკუთრებულად კარგად ვუგებთ.

- შეგიძლია პირველი არდადეგები გაიხსენო, რომელიც უფროსების მეთვალყურეობის გარეშე გაატარე?

- სკოლის ბანკეტის შემდეგ, კლასელი გოგონები (რომლებიც დღესაც ჩემი დაქალები არიან) ბათუმში წავედით. ისინი იქ დიდხანს დარჩნენ, მაგრამ მე მხოლოდ 3-4 დღე გავატარე მათთან ერთად, რადგან მალევე მოლდავეთში უნდა გავფრენილიყავი... გოგონები კარგად გავერთეთ. რაღაცნაირად, უფრო თავისუფლად ვიყავით, მით უმეტეს - ერთად ისეთი ადამიანები ვისვენებდით, ვისაც ერთმანეთთან ახლო და კარგი ურთიერთობა გვქონდა. თან, იმ პერიოდში ბევრი კონცერტი ტარდებოდა - მართლა ყველგან დავდიოდით... მშობლები მაინც გვირეკავდნენ, რა თქმა უნდა (იცინის).

- მოლდავეთში რატომ მიფრინავდი?

- ის პერიოდი იყო, როცა ძირითად დროს მოლდავეთში ვატარებდი, იქ ვცხოვრობდი. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ბანკეტისთვის ჩამოვედი. ბანკეტის გამართვის თარიღთან დაკავშირებით ხელი ძალიან შემიწყვეს... ევროპის ჩემპიონატისთვის მოლდავეთში უნდა დავბრუნებულიყავი, რომ კარგად მოვმზადებულიყავი.

- დასვენების პერიოდში თუ ზრუნავ, რომ მოცეკვავისთვის სათანადო ფორმაში იყო?

- საერთოდ, ღმერთმა დამაჯილდოვა, ფორმაში ჩასადგომად დიდი დრო კი არ მჭირდება. ხომ არიან მოცეკვავეები, რომლებიც დასვენების პერიოდშიც იმაზე ფიქრობენ, რომ წავიდნენ, ივარჯიშონ, რაღაც მოძრაობა გაიმეორონ? პირადად მე, თუ დასასვენებლად მივდივარ, მართლა ვისვენებ - ვარჯიშზე არ ვფიქრობ, რადგან ამის დრო მერეც მექნება, როცა არდადეგებიდან დავბრუნდები. მიმაჩნია, რომ ადამიანს განტვირთვა გჭირდება...

- საქართველოს რომელ კუთხეს ესტუმრებოდი სიამოვნებით, სადაც ჯერ არ ყოფილხარ?

- ბევრ ადგილას არ ვყოფილვარ. სვანეთში დიდი სიამოვნებით წავიდოდი. ყაზბეგში ნამყოფი ვარ - ძალიან მიყვარს. ჩემს დაქალს იქ სახლი აქვს - მან წამიყვანა... გურიაში უკვე ყველაფერი მოვიარეთ, ვნახეთ...

- შენთვის საოცნებო არდადეგები როგორია?

- დიდი ხანია, მალტაზე მინდა წასვლა, რადგან მისი არქიტექტურაც ძალიან მომწონს. ასევე, ხორვატიას ვესტუმრებოდი, რადგან ზღვა მიყვარს, ზღვისპირა ქვეყანა ჩემთვის ულამაზესია! მეგობრებთან ან თუნდაც, ოჯახთან ერთად ხორვატიაში სიამოვნებით წავიდოდი.

- ახლა გვითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- ახლა უკვე არაფერი (იცინის). ურთიერთობა მალე დავასრულეთ, ვერ "ავეწყვეთ" - სამუდამოდ წერტილი დაესვა.

- შენი სამუშაო სფეროს წარმომადგენელი იყო?

- ნაწილობრივ: ამ სფეროსთან გარკვეული კავშირი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი სფეროს წარმომადგენელი არ ყოფილა... საერთოდ, მოცეკვავე ბიჭებთან ვერ ვურთიერთობ (რომანტიკულ ურთიერთობას ვგულისხმობ).

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეთ?

- არა. ჯერ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მეჯლისი გვაქვს ჩასაწერი. ამას საკმაოდ დიდი მუშაობა სჭირდება... "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის" ოფიციალური მზადება არ დაგვიწყია. ალბათ, სექტემბრის ბოლოსკენ დაგვირეკავენ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"