"არ გეგონოთ, კომუნიზმის პერიოდს მივტირი, მაგრამ..." - სჭირდებათ თუ არა მოზარდებს სასკოლო ფორმა? - კვირის პალიტრა

"არ გეგონოთ, კომუნიზმის პერიოდს მივტირი, მაგრამ..." - სჭირდებათ თუ არა მოზარდებს სასკოლო ფორმა?

სჭირდებათ თუ არა მოზარდებს სასკოლო ფორმა?

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და მშობლებს უამრავი საზრუნავი აქვთ. ყველამ იცის, რომ სკოლისთვის ბავშვის მომზადება ეკონომიკურად ძლიერ ოჯახებსაც უჭირთ. ამიტომ, არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვები სკოლაში ფორმით უნდა დადიოდნენ, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი:

"არ გეგონოთ, რომ კომუნიზმის პერიოდს მივტირი, მაგრამ მაშინ ყველა თანაბრად ცხოვრობდა. ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბებიც არ იყვნენ. ახლა ეს განსხვავება მკაფიოდ იგრძნობა, ამიტომ, გაჭირვებული ოჯახის ბავშვები მებრალება, რომლებსაც თანატოლებთან შედარებით, ცუდად აცვიათ და ბევრი რამ აკლიათ.Aამიტომაც ვისურვებდი, რომ ბავშვებს სკოლაში ფორმები ეცვათ. ყველას ერთი ფორმა კი არ უნდა ჰქონდეს, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, სასურველია, სკოლამ თავად აირჩიოს მისთვის სასურველი დიზაინი. ახლა კი, ბავშვები ხედავენ, რომ მათ თანატოლს ძალიან ძვირფასი სამოსი აცვია და გული სწყდებათ. ხშირად, ღარიბი ოჯახის ბავშვებს ამის გამო დასცინიან და აბულინგებენ. მე 5 შვილიშვილი მყავს და ვიცი, რომ სკოლებში ასეთი შემთხვევებიც ხდება..."

ნინო მუმლაძე, მსახიობი:

"გუშინდელივით მახსოვს, როგორ არ მიყვარდა ჩემი ფორმა, რადგან არ მომწონდა. კიდევ კარგი, რომ მერე ინდივიდუალური ჩაცმულობა შემოვიდა. მე მგონია, რომ ფორმის შეძენა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის პირიქით, დამატებითი ხარჯი იქნება. როდესაც მშობელს მატერიალური საშუალება აქვს, ფორმის შეკერვა ან ყიდვა არ გაუჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით შეჭირვებულ ოჯახებზე. მე მიმუშავია ფასიან სკოლაში და რომ გადახედავ, ერთნაირად ჩაცმული ბავშვების დანახვას არაფერი სჯობს, ვიზუალურად ძალიან ლამაზია, მაგრამ ამ სკოლებში იციან, რომ მშობლებს აქვთ საშუალება, თავიანთ შვილს ყოველ წელს ახალი ფორმა უყიდონ. ამავე დროს ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი მშობლისთვის სერიოზული პრობლემაა, რომ შვილს ცალკე სკოლის ფორმა უყიდოს და ცალკე - ყოველდღიური ტანსაცმელი..."

ლევან სამუშია, პოლიტიკოსი:

"როცა ხელისუფლება პედაგოგს აძალებს, რომ საინფორმაციო ან სააგიტაციო შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა და აიძულებს, მხარი დაუჭიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშინებს, რომ სამსახურს დაკარგავს, აი, სწორედ ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა აღმოვფხვრათ. სასკოლო ფორმების საკითხი უკვე ინდივიდუალურია: სკოლა რომ წნეხისგან გათავისუფლდება, ამგვარ საკითხებს თავად გადაწყვეტს. და კიდევ: ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობდნენ და თუ ამას ვერ ახერხებს, გზა სხვებს დაუთმოს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 12 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე