"მარკომ 4 წლის წინ მითხრა, ჩემი შვილი თუ გახდები, ძალიან გამიხარდებაო... სიხარულისგან ბევრი ვიტირე. მართლაც ჩემი მამა "გახდა"... იტალიაში გადმოსვლისას მხოლოდ დედა იყო "ნათელი წერტილი"
"მოგონებებს გარიყულაზე არასდროს არაფერში გავცვლი"
იტალიაში წარმატებული ქართველი სტუდენტი - ქეთა სორდინი-ჯაფარიძე
"...ინტერვიუ ჩავწერე: ნიკოლეტა მანტოვანისთან, ლუჩიანო პავაროტის მეუღლესთან, რომელიც პავაროტის ფონდის მფლობელია; ჯუზეპე ჩედერნასთან, რომელიც "ოსკაროსანი" ფილმის მთავარი როლის შემსრულებელია; დევიდ ჰარტონთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გრაფიკული დიზაინის კომპანიის "monogrid"-ის თანამფლობელია, ისინი თანამშრომლობენ gucci-სთან, vogue-სთან..." - ამბობს ქეთა სორდინი-ჯაფარიძე... იგი ჯერ კიდევ სტუდენტია, მაგრამ იტალიაში უკვე მრავალი წარმატება ხვდა წილად, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს ჩემს სოფელთან, გარიყულასთან. ყოველ ზაფხულს ოჯახის წევრები იქ ვატარებდით დროს და ამ მოგონებებს არასდროს არაფერში გავცვლი. გარიყულის ზაფხულის "ამბები" დღემდე გრძელდება, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ოღონდ ახლა ოჯახის წევრებს მეგობრებიც ემატებიან..."
"მგონია, ჩემმა ტვინმა თავდაცვის ხერხი გამოიმუშავა და ყველანაირ რთულ ან ცუდ პერიოდს მიბურავს, მხოლოდ კარგს მიტოვებს, რადგან იტალიაში გადმოსვლის პერიოდი, იმის მიუხედავად, რომ ენა არ ვიცოდი, არავის ვიცნობდი და მხოლოდ დედა იყო "ნათელი წერტილი", ცუდად მაინც არ მახსენდება..."
"ზემოთ მარკო ვახსენე, ის დედას მეუღლეა. თავიდანვე ვიგრძენი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვგრძნობდი მასთან იმ კავშირს, რაც მამა-შვილს შორის არის ხოლმე და ამდენი წლის შემდეგ, მართლაც ჩემი მამა "გახდა". დაახლოებით ოთხი წლის წინ მითხრა, რომ სერიოზულად უნდოდა ჩემთან დალაპარაკება. დავსხედით მაგიდასთან და მეუბნება, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი შვილი გახდებიო... სიხარულისგან ბევრი ვიტირე. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ მიყვარს..."
"სტაჟირების გავლის პერიოდში ინდონეზიის საკონსულოში ორ თანატოლთან ერთად გამგზავნეს. გვევალებოდა შეხვედრების დაორგანიზება, ხალხთან კომუნიკაცია, ხარჯთაღრიცხვების შემოწმება და ა.შ. სტაჟირების პერიოდის დამთავრების შემდეგ კონსულმა რამდენიმე თვით სამუშაოდ დარჩენა და ერთ-ერთ პროექტზე მუშაობა შემომთავაზა. ეს იყო ევროპის "ერასმუს+"-ის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კულტურულ სექტორში ახალგაზრდების დასაქმებას და მეწარმეობასთან დაკავშირებული ინოვაციური შინაარსის წარმოებას..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 12 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
მანანა გაბრიჭიძე