გეოპოლიტიკური კოშმარი - იბადება თუ არა ახალი ანტიდასავლური სამხედრო ალიანსი, რომელიც ნატოს დაუპირისპირდება?! - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური კოშმარი - იბადება თუ არა ახალი ანტიდასავლური სამხედრო ალიანსი, რომელიც ნატოს დაუპირისპირდება?!

BRICS-ის ბლოკს უკვე „გლობალური სამხრეთის ნატოს“ უწოდებენ. მასში შემავალ ქვეყნებს აქვთ სრული პოტენციალი, რომ მონოპოლია ჰქონდეთ სტრატეგიულ ლითონების მოპოვებაზე, რომელთა გარეშე სამომავლოდ იარაღის შექმნა შეუძლებელი იქნება. BRICS-ელები გზას მიიკვლევენ გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობისათვის“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ტაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „BRICS-ის გაფართოება ნატოსათვის შემაშფოთებელი უნდა იყოს“ (ავტორი - როჯერ ბოიესი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ღერძი, რომელშიც ფაქტობრივად რუსეთი და ჩინეთი დომინირებენ, იშვიათ მეტალებზე მონოპოლიის განხორციელებას იწყებენ, რომელთა გარეშე მომავლის იარაღი არ შეიქმნება. „BRICS-ის წევრებს ერთმანეთში გაცხოველებული ვაჭრობა აქვთ. ირანი რუსეთს იარაღს აძლევს, რუსეთი კი სურსათს უგზავნის. შედეგი: ირანული დრონები და რაკეტები უკრაინის ცას სერავენ. რა უნდათ ჩინურ ავიაგამანადგურებლებს ეგვიპტის პირამიდების თავზე? ალბათ, ფარაონების სულები ჩინეთ-ეგვიპტის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გაკვირვებულნი უყურებენ... წითელი ზღვის უსაფრთხოება გადახედვის პროცესშია.

არადა, რით დაიწყო BRICS-ის ჩამოყალიბება? - ინვესტორების მიზიდვის ინტერესით, რომლებიც მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამოირჩევიან და მდიდარი სასარგებლო წიაღისეული აქვთ. როცა ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ღერძს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, დაჯგუფებამ ნელ-ნელა გეოპოლიტიკური კონტურებიც შეიძინა - პრეტორია ლათინოამერიკულ და ევრაზიულ გიგანტებს თავის აფრიკულ გავლენას ჰპირდებოდა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ სამომავლოდ აფრიკაში BRICS-ის მნიშვნელობა გაიზრდებოდა. თუმცა შეიმჩნეოდა, რომ BRICS-ელთა შორის წინააღმდეგობებიც იყო და თანაც - საკმაოდ მნიშვნელოვანი (ვთქვათ, ჩინეთსა და ინდოეთს შორის).

რა თქმა უნდა, BRICS-ის დაჯგუფებას დამაინტრიგებელი ხასიათი ჰქონდა და ბუნებრივია, მისი გარკვეული ტრანსფორმაცია მოხდებოდა (გავიხსენოთ ევროკავშირის ისტორია, რით დაიწყეს და სად მივიდნენ), მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი არ ელოდა, რომ ისინი ამდენ ხანს ბედნიერ თანაცხოვრებას გააგრძელებდნენ. სერიოზულად არავინ ფიქრობდა, რომ კლუბის წევრთა დიპლომატია ერთმანეთს დაემთხვეოდა, საქმე მის გაფართობამდე მივიდოდა და „ბრიკსელები“ სამხედრო-პოლიტიკურ მადას გამოავლენდნენ.

მოკლედ, ყველასათვის უეცრად, კლუბი კავშირად გადაიქცა (BRICS+-ად), რომლის ძველი ბრძენი წევრები ახალბედებს - ეგვიპტეს, საუდის არაბეთს, ეთიოპიას, ირანს და არაბთა საემიროებს დამრიგებლურად და დიდსულოვნად შეხვდნენ და დიდ პოლიტიკას აზიარეს. მათთან დამეგობრების სურვილს გამოხატავენ ნატოელი თურქეთი (მიღების განაცხადი უკვე შეტანილი აქვს) და პუტინის მეგობარი სერბეთი. თუ პროცესები ასეთი პერსპექტივით განვითარდება, BRICS+-ის წევრები იქნებიან OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორის ქვეყნების ორგანიზაციის) სრული შემადგენლობა ანუ ჩვენს თვალწინ ტრანსფორმირდება ბლოკი, რომელიც წარმოდგენილია სამი ბირთვული ქვეყნით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებით და, სავარაუდოდ, ნატოელებითაც. ყველა მათგანი კი, ფაქტობრივად ჩინეთის - „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ ავტორის დაკრულზე იცეკვებენ.

უფრო უარესი - რუსეთ-უკრაინის ომში ბლოკმა აშკარად კრემლისადმი მხარდაჭერა აჩვენა, ხდება BRICS-ის მილიტარიზება. რამდენად შეიძლება, მან „სამხრეთის ნატოს“ როლი შეასრულოს, რომელიც ანტიამერიკული განწყობებით გამოირჩევა?

რატომღაც ნატოელი (ჩრდილოატლანტიკურალიანსელი) ექსპერტები გულგრილ და ზოგჯერ - აგდებულ დამოკიდებულებას იჩენენ იმ ვარაუდებისადმი, რომ BRICS+ შეიძლება სამხედრო ალიანსადაც გადაიქცეს. სად იყურება ნატოს ცენტრალური სარდლობა? როცა ჩინელები ბელორუსებთან ერთად სამხედრო წვრთნებს ატარებენ, განა ეს დამაფიქრებელი არ არის? პეკინი ყურადღებით აანალიზებს რუსეთის არმიის მოქმედებას უკრაინის ფრონტზე. ჩინეთს რუსული გაკვეთილები შეიძლება ტაივანთან მიმართებით დასჭირდეს, ამიტომ კრემლის მიერ დაშვებული შეცდომები მან უნდა გაითვალისწინოს.

BRICS-ის გარდასახვაში კიდევ ერთი განსაკუთრებული მომენტი არსებობს, რომელიც დასავლეთისათვის შემაშფოთებელი უნდა იყოს. კლუბის ჩარჩოებში იქმნება კარტელი ისეთ სტრატეგიულ ლითონებთან დაკავშირებით, რომლებიც ომისათვის აუცილებელი იარაღის წარმოებას ემსახურება. ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც იშვიათი ლითონების მოპოვებაში ლიდერებს წარმოადგენენ. ყურადღება მიაქციეთ: საუდის არაბეთი ცდილობს, ნავთობმომპოვებელი ლიდერიდან სამთომომპოვებელ ლიდერადაც გადაიქცეს. თუ კლუბს პრორუსული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეუერთდება, მაშინ პლანეტაზე უდიდესი კობალტის მარაგი საერთო სუფრაზე იქნება მიტანილი, თუ ბრაზილიის მეზობელი ჩილეც მოისურვებს „ბრიკსის“ ოჯახში შესვლას, მაშინ სანტიაგო თავის სპილენძს და ლითიუმს სავიზიტო ბარათად გამოიყენებს. „ბრიკსს“ მონოპოლია ექნება ფოტოელექტრული პანელების, ქარის ტურბინების, ელექტრომობილების წარმოებაზე.

BRICS-ის იშვიათი ლითონების კარტელს არა მარტო ფასების დაწესება შეუძლია, არამედ - შეიარაღების მოდერნიზაციის შემდგომი პროცესის გაკონტროლებაც: საუდის არაბეთი და ბრაზილია უკვე თანამშრომლობენ ტიტანის „ღრუბლის“ წარმოებაში, რომელიც რუსეთის წყალქვეშა ფლოტისათვის არის განკუთვნილი. ასევე, სარაკეტო ძრავების დამზადებაში, თანამგზავრების კოსმოსში განთავსების მიზნით. რაც შეეხება პლატინის შენადნობებს, ისინი ბოლო დროს ფართოდ გამოიყენებიან კომპიუტერების ახალი თაობის აწყობაში. პლატინის შენადნობების წარმოების ლომის წილი რუსეთის (12%) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (66%) ხელშია.

მოკლედ, საქმე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კოშმარამდე - ვთქვათ, ჩინეთის არმიის დიდ ბრიტანეთში გამოჩენამდე რომც არ მივიდეს, ფაქტია, რომ BRICS+-ის ქვეყნები გზას მაინც იკვალავენ სამხედრო უპირატესობის მისაღწევად.

ამიტომაც, BRICS-ს რომ ბასრი ბრჭყალები დავაჭრათ, აუცილებელია, დასავლეთმა უფრო მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს. საჭიროა მეტი მკაცრი სანქციები. ეს ურთულესი საქმეა, მაგრამ - გარდაუვალი. გარდა ამისა, დასავლეთმა ხელი უნდა შეუშალოს „ბრიკსის“ გაფართოებას, რაც ვლადიმერ პუტინს ნებას აძლევს, უსაფრთხოდ იყოს და სასჯელს თავი აარიდოს.

წყარო