პუტინის დაბადების დღისთვის კურსკი უნდა „გაიწმინდოს“ - რუსეთმა კურსკის სამხრეთში კონტრშეტევები წამოიწყო - კვირის პალიტრა

პუტინის დაბადების დღისთვის კურსკი უნდა „გაიწმინდოს“ - რუსეთმა კურსკის სამხრეთში კონტრშეტევები წამოიწყო

ეორე დღეა, კურსკის იმ სამხრეთ ნაწილში, რომელსაც 6 აგვისტოდან მოყოლებული თვეზე მეტია უკრაინის საარმიო დანაყოფები აკონტროლებენ, რუსეთის არმიამ კონტრშეტევები წამოიწყო...

ეს მოსალოდნელიც გახლდათ, უბრალოდ კრემლი ძალების თავმოყრას ახდენდა, თანაც ისე, რომ არ მოეხსნა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები, რომლებსაც დასმული აქვთ ტაქტიკური ამოცანა - სექტემბრის ბოლომდე აიღონ ქალაქი პოკროვსკი,ხოლო წლის ბოლომდე კი შეასრულონ სტრატეგიული ამოცანა - დაიპყრონ კრამატორსკი-სლოვიანსკი და ამით გავიდნენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ადმისტრაციულ საზღვრებზე...

ამ მომენტისთვის,კურსკის სამხედრო მოქმედებების თეატრზე რუსეთმა არანაკლებ 35 ათასიან საარმიო დაჯგუფებას მოუყარა თავი და ოთხი მიმართულებიდან გადავიდა კონტრიერიშებზე.

რუსული კონტრშეტევის პირველი მიმართულება დასავლეთიდან აღმოსავლეთითაა, მეორე ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთით, მესამე ჩრდილოეთიდან სამხრეთით და მეოთხე კი აღმოსავლეთიდან დასავლეთით,ქალაქ სუჯაზე...

ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთით,გლუშკოვის რაიონის დებლოკირების მიზნით, სადაც 3 ათასიან რუსულ დაჯგუფებას „ტომარაში“ აღმოჩენის საფრთხე ელოდა, რუსეთის არმიის სარდლობამ შეძლო მძიმე ტექნიკის - ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ჯავშაჯგუფის გადასროლა, მიუხედავად იმისა,რომ უკრაინელებს მდინარე სეიმზე სამი ცენტრალური ხიდი უკვე ჰქონდათ აფეთქებული და ყოველ ახალაგებულ საპონტონე ხიდს მაშინვე ურტყამდნენ...

კურსკის სამხრეთ ნაწილში რუსეთის არმიის მიერ დაწყებული კონტრშეტევიდან ჯერ მხოლოდ ორი დღეა გასული და საბოლოო სურათი ჯერ არ არის გამოკვეთილი-შეინარჩუნებენ თუ არა უკრაინელები თავად რუსეთში ოკუპირებულ ამ რაიონს, თუმცა რუსულმა მხარემ უკვე შეძლო 10 დასახლებული პუნქტზე კონტროლის დაბრუნება.

საგულისხმოა, რომ კურსკის ოლქის სრულ „გაწმენდას“ უკრაინელი სამხედროებისგან, კრემლი 7 ოქტომბრამდე, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის დაბადების დღემდე ესწრაფვის, რათა თავისი 72 წლისთავი კრემლის მთავარმა ბინადარმა არაოკუპირებული რუსეთის ფონზე იზეიმოს...