პუტინის შიშის დასავლური დიდი თვალები - „თუ დასავლეთს უკრაინის გადარჩენა სურს, უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, თორემ მალე გვიან იქნება“ - კვირის პალიტრა

პუტინის შიშის დასავლური დიდი თვალები - „თუ დასავლეთს უკრაინის გადარჩენა სურს, უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, თორემ მალე გვიან იქნება“

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „თუ დასავლეთს უკრაინის გადარჩენა სურს, უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, თორემ მალე გვიან იქნება“ (ავტორი - ლიზა ხაზელდინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც მოსალოდნელია, თეთრი სახლი უახლოეს დღეებში - შეიძლება ხვალ ან ზეგ - გააუქმებს აკრძალვას, რომელიც უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებისას აქვს დაწესებული. მალე კიევს შესაძლებლობა ექნება, ამერიკული რაკეტებით რუსეთის ზურგსაც დაარტყას. სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთიც იმავეს გააკეთებს, თუმცა - მოგვიანებით.

ამ ფონზე კვლავ იბადება კითხვა: განა ეს დაგვიანებული არ არის? განა უკეთესი არ იყო, რომ დასავლეთს დროულად მიეწოდებინა საკმარისი იარაღი, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, რომ უკრაინას წარმატებით მოეგერიებინა ვლადიმერ პუტინის ჯარების თავდასხმა?

უკვე თითქმის ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინას რუსეთის კურსკის ოლქში პლაცდარმი აქვს დაკავებული. კიევის მტკიცებით, მისი სამხედრო ქვედანაყოფები, დაახლოებით, 1000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ტერიტორიას აკონტროლებენ. მოსკოვი იძულებული გახდა, 150 ათასი ადამიანის ევაკუირება განეხორციელებინა. როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, კრემლს 60 ათასი მებრძოლის გადასროლა მოუხდა - ისინი დონბასის ფრონტიდან კურსკის ოლქში გაგზავნეს. ბოლო თვეში კიევმა რამდენიმე საგრძნობი და მტკივნეული დარტყმა მიაყენა რუსეთს.

მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ უკრაინა ომში იმპულსს დაკარგავს. მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება [ჯერჯერობით ოფიციალურად] დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსეთის არმიამ კურსკის ოლქში „ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო და უკვე რამდენიმე სოფელი უკრაინული ქვედანაყოფებისაგან გაწმინდაო“.

აშკარაა, რომ გარკვეული ეფექტიანობის მიუხედავად, უკრაინის არმიის კურსკის ოლქში შეჭრამ საკმარისი შედეგი ვერ მოიტანა: რუსეთის შეტევა დონბასში არ შესუსტებულა. პუტინის ჯარები სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ პოკროვსკს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან და მის დასაკავებლად დამრტყმელ ბირთვს ქმნიან. ქალაქის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა ამას გრძნობენ და ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ევაკუაციას განაგრძობენ. როგორც ჩანს, მოსახლეობასთან ერთად, უკრაინის არმიაც იძულებული იქნება, უკან დაიხიოს.

რასაკვირველია, უკრაინის გართულებულ მდგომარეობაში ლომის წილი დასავლეთს მიუძღვის. დასავლეთი აგვიანებს გადაწყვეტილებების მიღებას - აშშ და დიდი ბრიტანეთი იარაღს კი აწვდიან, მაგრამ - დროის ეფექტის ყოველგვარი დარღვევით. ასე მოხდა, მაგალითად, რიგი მოდიფიკაციის რაკეტების და, ასევე, ავიაგამანადურებელ F-16-ების საკითხში...

დასავლეთი უკრაინას აწამებს. რას ნიშნავს იარაღის მიწოდების დაგვიანება? იმას, რომ უკრაინა იძულებულია, ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ - არათანაბარ პირობებში, რასაც უარყოფითი შედეგები მოსდევს - უკან დახევა.

თუ რატომ სუსტდება დასავლეთის დახმარება, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: უპირველესი ისაა, რომ კიევის დასავლელ მოკავშირეებს მუდმივად ეშინიათ „ყბადაღებული საფრთხისა“, რომ ვაითუ, ომის ესკალაცია მოხდეს... ვაითუ, ვლადიმერ პუტინს ჭკუა აერიოს და ბირთვული რაკეტების გაშვების ღილაკს თითი დააჭიროს... ვაითუ, კრემლმა სხვა ქვეყნები ჩართოს უკრაინასთან ომში. მეორე მიზეზი, რომელსაც პირველთან აქვს კავშირი: დასავლეთში უკრაინის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაქვეითდა, რაც მთავრობებს (მმართველ პარტიებს) უკრაინის მიმართ მტკიცე დახმარების პოლიტიკის გატარებას პრობლემებს უქმნის; მესამე - ევროპული შეფასებით, კიევს დამატებით ასობით მილიარდი დოლარის დახმარება დასჭირდება, რომ რუსეთის ჯარები თავისი ტერიტორიიდან გააძევოს. შესაბამისად, დასავლელი მოკავშირეები ვოლოდიმირ ზელენსკის [ჯერჯერობით, არაოფიციალურად] მოუწოდებენ, გადასინჯოს პოზიცია და დროულად შეეცადოს მოლაპარაკების დაწყებას (რა თქმა უნდა, კიევის სასარგებლო პირობებით, ვიდრე მას კურსკის ოლქი აქვს დაკავებული).

ამასთან, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის მუქარა - რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა მკაცრად დაისჯებაო (სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის გამოყენებით), მხოლოდ ცარიელი სიტყვები გამოდგა. ერთი თვე გავიდა, რაც უკრაინა კურსკის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს და კრემლის მხრიდან არავითარი ბირთვული დარტყმა არ განხორციელებულა. შესაბამისად, დასავლეთმა უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, უკრაინას ბოლომდე უნდა დაეხმაროს, რომ ევროპაში მშვიდობა აღდგეს.

წყარო