2000 დოლარად გაყიდული სამშობლო: რუსული აგენტურა პარლამენტში - მოლდოვის "ცოცხალი ლეგენდა", რომელიც რუსებს საიდუმლო დოკუმენტებს აწვდიდა - კვირის პალიტრა

2000 დოლარად გაყიდული სამშობლო: რუსული აგენტურა პარლამენტში - მოლდოვის "ცოცხალი ლეგენდა", რომელიც რუსებს საიდუმლო დოკუმენტებს აწვდიდა

ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 70-მდე წარმომადგენელი დაესწრება რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით შექმნილი „მოლდოვის რესპუბლიკის მხარდაჭერის პლატფორმის“ მეხუთე შეხვედრას, რომელიც 17 სექტემბერს კიშინიოვში გაიმართება. საინტერესოა ის გარემოება, რომ მოლდოვა ნატოს წევრობაზე ჯერჯერობით პრეტენზიას არ აცხადებს, რითაც რუსეთს, წესით, ხელიდან ეცლება მთავარი არგუმენტი: ჩრდილოატლანტიკური ბლოკის გაფართოება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენსო. თუმცა მოსკოვისთვის მიუღებელი მოლდოვას (ისევე, როგორც საქართველოს, უკრაინის და სომხეთის) ევროკავშირთან დაახლოებაცაა, რადგანაც ამ შემთხვევაშიც, რუსეთის გავლენის სფეროები მნიშვნელოვნად შემცირდება. სწორედ ეს აწუხებს პუტინს და არა - ვითომდა ნატოდან მოსალოდნელი საფრთხე!

2022 წლიდან „კრემლის“ ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა, მოლდოვა ყველა ხერხით ჩამოაცილოს ევროინტეგრაციის პროცესს. ამ მიზნის მისაღწევად მოსკოვი იყენებს „ჰიბრიდული ომის“ სხვადასხვა მეთოდს, რომელთაგან ყველაზე აპრობირებული და შედეგიანი მოლდოვას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზე ფარული კონტროლის დამყარებაა.

რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი სამიზნე მოლდოვას პარლამენტია და მოსკოვი ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს მისი გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტარების რაოდენობა მოლდოვას პარლამენტში. თუმცა „ხალხის რჩეულების“ გარდა, რუსეთის სპეცსამსახურები პარლამენტის აპარატისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის გადაბირებაზეც არ ამბობენ უარს.

2024 წლის 30 ივლისს, გვიან საღამოს, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვის ერთ–ერთი, არაფრით გამორჩეული რესტორნის განაპირა მაგიდასთან ორი მამაკაცი ვახშმობდა. ერთი მოლდოვურ პორტვეინს ეტანებოდა, მეორე კი - რუსულ არაყს მიირთმევდა, თან ჩუმად საუბრობდნენ. უკვე შუაღამე გადასული იყო, როცა უფრო ასაკოვანმა „დიპლომატის“ ხელჩანთა გახსნა და საქაღალდე გადასცა თანამოსაუბრეს, მან კი თხელი კონვერტი დაუდო წინ. ამის შემდეგ მოვლენები უსწრაფესად განვითარდა: გვერდით მაგიდასთან მყოფი, უკვე კარგად "შემთვრალი" რამდენიმე ქალი და კაცი, რომლებიც „დაბადების დღეს“ აღნიშნავდნენ, უცბად ორივეს თავს დაადგა და ხელბორკილები დაადო. ისინი მოლდოვას მთავარი სპეცსამსახურის: უშიშროებისა და ინფორმაციის სამსახურის თამანშრომლები იყვნენ. დაკავებულთაგან ერთი მოლდოვას პარლამენტის იურიდიული განყოფილების უფროსი იონ კრიანგე, ხოლო მეორე - მოლდოვაში რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე, „შეთავსებით“ სამხედრო მზვერავი, პოლკოვნიკი დიმიტრი კელოვი აღმოჩნდა.

picture1-1726208923.jpg

იონ კრიანგე: მოლდოვას პარლამენტის „ცოცხალი ლეგენდა“

იონ კრიანგეს მიერ კელოვისთვის გადაცემულ საქაღალდეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები იყო, რომლებიც მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესს, 20 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხებოდა. საქაღალდეში, ასევე, აღმოჩნდა იმ სრულიად სიადუმლო დოკუმენტების ასლები, რომელიც მოლდოვასა და საფრანგეთს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების საკითხებს ასახავდა.

გე-ერ-უს ოფიცერმა დიმიტრი კელოვმა კი მოლდოვას პარლამენტის აპარატის ჩინოვნიკი, ჩვეულებისამებრ, 100-დოლარიანი „ხვლიკისფერი“ კუპიურებით დაასაჩუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონვერტში 2000 დოლარი იდო. ალბათ, ზოგიერთისთვის ამდენად ღირს სამშობლო!

1 აგვისტოს დიმიტრი კელოვი, რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, მოლდოვას ხელისუფლებამ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა, იონ კრიანგეს კი სამშობლოს ღალატში ედება ბრალი.

picture2-1726208923.jpg

დიმიტრი კელოვი მალე რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას მოევლინება „მხსნელად“

იონ კრიანგეს მოლდოვას პარლამენტის „ცოცხალი ლეგენდა“ შეიძლება ვუწოდოთ, იმიტომ, რომ ის საკანონმდებლო ხელისუფლების უმთავრეს სტრუქტურაში 1992 წლიდან მუშაობდა, ჯერ პარლამენტის აპარატის იურიდიული განყოფილების კონსულტანტად, შემდეგ კი - უკვე ამ განყოფილების უფროსიც გახდა. მოლდოვას დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული, ყველა პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის ხელმძღვანელი მასთან გადიოდა სამართლებრივ კონსულტაციებს.

1999 წლიდან იონ კრიანგე, ასევე, იყო პარლამენტის წარმომადგენელი მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოში. რუსეთის აგენტი ბატონი კრიანგე პარალელურად ლექციებს კითხულობდა მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ახალგაზრდა აგენტურული კადრების შერჩევისა და გადაბირების ძალზე კარგი შანსი იყო. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ იონ კრიანგეს მეუღლე – ანა კრიანგე, 2012-2021 წლების პერიოდში მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატში უფროს კონსულტანტად მუშაობდა.

2009 წელს იონ კრიანგე მოლდოვას პარლამენტის იურიდიული განყოფილების უფროსად დანიშნეს და სწორედ მაშინ გაიზარდა მისი წვდომა საიდუმლო დოკუმენტებზე, მათ შორის - სახელმწიფო საიდუმლოების ფორმა 1-ში კლასიფიცირებულ დოკუმენტებზე. აქ კიდევ ერთი გარემოებაა საინტერესო: მოლდოვას რესპუბლიკის კანონმდებლობით ფორმა 1-ზე წვდომის უფლება 5 წლის ვადით ენიჭებათ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებს (პრეზიდენტს, პარლამენტის სპიკერს, მის მოადგილეებს, პრემიერს და მთავრობის ზოგიერთ წევრს, უშიშროების და ინფორმაციის სამსახურის უფროსს, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს) და ამ ჩამონათვალში პარლამენტის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი არ შედის. მაშინ ვისი დახმარებით მიიღო იონ კრიანგემ „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტებზე შეუფერხებელი წვდომა? ვინ მფარველობდა მას? მოლდოვას ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხებში კარგად გარკვევა, რათა უფრო მაღალი რანგის რუსეთის აგენტურა გამოავლინოს.

(მესამე ნაწილის დასასარული)