უკონტროლო პლასტიკური ოპერაციები საქართველოში?! - "ყველა თავს ანებებს ყველაფერს, რასაც მანამდე აკეთებდა და მოდის ამ სფეროში"
„რეგულაცია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აკეთოს ესთეტიკური მედიცინის პროცედურები, სამწუხაროდ, არ არსებობს. ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ უკვე 2 წელზე მეტია. გარკვეულ ჩარჩოებამდე მივედით, თუმცა, რეგულაციისთვის საბოლოო სახის მიცემა ვერა და ვერ მოხდა. თებერვლიდან მოყოლებული ველოდებით, მაგრამ ჯერჯერობით მაინც არ გვაქვს საბოლოო სახე, თუმცა, ცალსახად გადაწყვეტილია ის, რომ ასეთი პროცედურები უნდა აკეთოს მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საქართველოს ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტმა თამუნა შარაშენიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი ესთეტიკური ცენტრი თავად ასწავლის მსურველებს პროცედურების გაკეთებას, რა დროსაც, უმნიშვნელოვანესია, რომ სტუდენტს მიღებული ჰქონდეს სამედიცინო განათლება.
„ბევრი ესთეტიკური ცენტრი თავად ასწავლის მსურველებს ამ პროცედურების ჩატარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოთხოვნადია ეს მიმართულება და შესაბამისად, საკმაოდ შემოსავლიანიც არის. ამიტომ ყველა თავს ანებებს ყველაფერს, რასაც მანამდე აკეთებდა და მოდის ამ სფეროში.
თავად ვასწავლი ერთ-ერთ აკადემიაში და ჩემი მოთხოვნა არის ის, რომ იქ არ უნდა დავინახო სტუდენტი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება. კარგია, რომ ძალიან ბევრი ცენტრი უკვე აღარ იღებს არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებს და მე ამას მივესალმები“,- აღნიშნა თამუნა შარაშენიძემ.