კურსკში რუსულ კონტრშეტევას უკრაინელებმა საპასუხო შეტევით უპასუხეს - რუსულ დაჯგუფებას ალყაში მოქცევა ემუქრება - კვირის პალიტრა

კურსკში რუსულ კონტრშეტევას უკრაინელებმა საპასუხო შეტევით უპასუხეს - რუსულ დაჯგუფებას ალყაში მოქცევა ემუქრება

საბრძოლო ველი რაღაცნაირად წააგავს ფეხბურთის მოედანს -ორივეგან დაძაბული პაექრობა იმართება, თავისი წინასწარი დაგეგმვით, შეტევებით, კონტრშეტევებით, დაცვში გამაგრებით, ფეხბურთელების -მებრძოლების შეცვლა-როტაციით და, რა თქმა უნდა, დარტყმებით, დარტყმებით დარტყმებით... ბურთისა და რაკეტების...

ჯერ კიდევ გუშინ ვწერდით, რომ კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილზე, რომელსაც უკრაინული მხარე თვეზე მეტია, აკონტროლებს, რუსეთის საარმიო დანაყოფებმა ოთხი მხრიდან დაიწყეს კონტრიერიშები.

მთავარი კონტრიერიშის მიმართულება დასავლეთიდან მოდის, გლუშკოვოს რაიონის დებლოკირებისთვის, სადაც რამდენიმე ათასი რუსი სამხედროა მომწყვდეული, რადგან ჩრდილოეთიდან მდინარე სეიმი (რომელზეც უკრაინელებმა ხიდები ააფეთქეს) ესაზღვრებათ, ხოლო სამხრეთიდან უკრაინული საექსპედიციო კორპუსი უტევს...

1-kon-1726212200.png
ეს ფოტო სიმბოლურად ასახავს რუსეთ-უკრაინის ომის დაბრუნებას აგრესიის წამომწყები რუსეთის მიწაზე -კურსკის ოლქში...

ის, რომ 11 სექტემბერს რუსულმა ჯავშანჯგუფმა მოახერხა სოფელ სნაგოსტისთან გაჭრა, ბრალდება იმ ადგილას პოზიციაზე გამაგრებულ ერთ-ერთ უკრაინულ საბრძოლო დანაყოფს, რომლის მეთაურობამაც სიფხიზლე ვერ გამოიჩინა, თუმცა უკრაინის სამხედრო დაზვერვაში თვლიან, რომ კატასტროფა არ მომხდარა და ეს მხოლოდ ტაქტიკური დონის დროებითი პრობლემაა...

სხვათა შორის, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც გუშინ ძალიან, ძალიან მშვიდად შეხვდა კურსკში რუსული ძალების მხრიდან კონტრიეირიშების წამოწყებას და ცოტა უცნაური განცხადებაც კი გააკეთა -რუსების კონტრიერიშის წამოწყება უკრაინის გეგმებში შედიოდაო...

ძნელი სათქმელია, რას გულისხმობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ დღეს, დილიდან რუსი სამხედრო ბლოგერები მართლაც შეფუცხუნდნენ - უკრაინელებმა კურსკის ოლქში წამოწყებულ რუსულ კონტრიერიშს საკუთარი იერიშით უპასუხეს, სამხრეთის ფლანგიდან და გლუშკოვოს რაიონში ჩვენი დაჯგუფება ოპერატიულ ალყაში აღმოჩენის დიდი საფრთხის წინაშე დადგაო...

ფაქტია, რომ ისევე, როგორც ფეხბურთში, ბრძოლის ველზეც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ რა მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებენ მწვრთნელები ანუ რა ახალ ძალებს მიახმარენ სარდლები თავიანთ „გუნდებს“...

ამის გათვალისწინებით, კურსკის საომარი მოქმედების თეატრი შეიძლება უკრაინის დონბასის ფრონტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ამ დღეებში აშშ და დიდი ბრიტანეთი ბოლოსდაბოლოს მოუხსნიან უკრაინას შეზღუდვას, დასავლური წარმოების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე...

საქმე ის არის, რომ კურსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანილი „ჰაიმარსებიდან“ გაშვებული 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით უკრაინელები რუსეთის სიღრმეში ბევრად მეტ სამხედრო აეროდრომსა და სხვა რუსულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მნიშვნელოვან ობიექტსაც მიწვდებიან...

ეს უპირობო გამარჯვებას უკრაინას, რა თქმა უნდა, არ მოუტანს, მაგრამ შესაძლებელი გახდება იმ რამდენიმე სამხედრო აეროდრომის „გამოთიშვა“, საიდანაც აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები უშვებენ პლანირებად და მართვად საავიაციო ბომბებს, რომელთა მასობრივმა გამოყენებამ რუსეთის გენერალიტეტს საშუალება მისცა აღმოსავლეთ ფრონტზე წინ წაწევაში.

ამასთან, თუკი ამერიკული და ბრიტანული/ფრანგული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფრონტის ხაზიდან არანაკლებ 250 კმ-ის სიღრმეში „გაგზავნის“ უფლება მიეცემათ უკრაინელ სამხედროებს, შესაძლებელი გახდება „ნადირობის“ დაწყება იმ რუსულ სარაკეტო დანადგარებზე (პირველ რიგში კი - „ისკანდერებზე“, ასევე, ჩრდილოეთკორეულ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებსაც მალე, ალბათ, ირანულებიც დაემატებიან), რომლებიდანაც სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება ურთულესია და ამიტომაც ძალზე ზარალდებიან უკრაინული ქალაქების მაცხოვრებლები...