(ექსკლუზივი) როდის დაბრუნდება საქართველოს ნაკრები "დინამოზე" და რა ხდება ქვეყნის მთავარ სტადიონზე - რომან ფიფიას პასუხი მთავარ კითხვებზე - კვირის პალიტრა

(ექსკლუზივი) როდის დაბრუნდება საქართველოს ნაკრები "დინამოზე" და რა ხდება ქვეყნის მთავარ სტადიონზე - რომან ფიფიას პასუხი მთავარ კითხვებზე

საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში მატჩები "მიხეილ მესხის" სტადიონზე ჩაატარა, რომელიც "დინამო არენაზე" ბევრად ნაკლებ ხალხს იტევს და, შესაბამისად, ბევრი გულშემატკივარი მხოლოდ ტელერეპორტაჟის ამარა დარჩა. როდის დაბრუნდება საქართველოს ნაკრები "დინამოზე"?! - ამ საკითხზე პასუხის მიღებას თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასგან შევეცადეთ.

- მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ “დინამო არენა” ამორტიზებულია, ხომ არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამუშაოები ან რა ვითარებაა ახლა "დინამოს" სტადიონზე?

- "დინამო არენა" ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. პირველი იარუსი უფრო ძველია, გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი - შედარებით ახალი. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა. მხოლოდ მეორე იარუსი იტევს 41 ათასზე მეტ მაყურებელს. 2015 წელს, უეფას სუპერთასი რომ ჩატარდა, სახელმწიფომ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით, 15 მილიონი ლარი დახარჯა. საკითხი მდგრადობასთან დაკავშირებით არ არსებობდა. იყო პრობლემა მე-7 და მე-8 სტილობატთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, საუბარი არის სულ 8 მეტრის სიმაღლის შენობაზე - 2X4, 8 მეტრზეა საუბარი, რომელსაც უზარმაზარი ბოძები აქვს ირგვლივ.

წლების წინ გვქონდა რეკომენდაცია, რომ გაგვეკეთებინა - ეს გაკეთდა მაშინაც და ამას ვაკეთებდით შემდეგაც. ახლა მდგომარეობა ასეთია - მომდევნო კვირაში მივიღებთ ექსპერტიზის მონაცემებს, რომელმაც უნდა გვითხრას, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან. სტილობატებია მხოლოდ შესაკეთებელი თუ კიდევ რამე პრობლემა აქვს პირველ იარუსს. ექსპერტიზის პასუხს რომ მივიღებთ, შემდეგ გადავწყვეტთ, შევწვდებით თუ არა ჩვენი საშუალებით მის რეაბილიტაციას. თუ ჩვენ თვითონ შეგვეძლება ამის შეკეთება, ძალიან მალე შევაკეთებთ, თუ უფრო დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაშინ მივმართავთ მერიას დახმარებისთვის.

- ანუ ჯერ პასუხი არ გვაქვს, შეძლებს თუ არა ოქტომბერში “დინამო არენა” საქართველოს ნაკრების მატჩების მასპინძლობას?

- მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას.

- პირველ იარუსთან დაკავშირებით პრობლემა რომ არსებობდა, ხომ იცოდით? არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი სექტემბრის მატჩამდე მოგვარებულიყო?

- ფედერაციას აქვს თავისი უსაფრთხოების სტანდარტები, მათ თუ ჩათვალეს, რომ იყო პრობლემა - მე ამას ვერაფერს ვუზამ. ჩვენი მონაცემებით, ის პრობლემები, რაზეც არის საუბარი, პირველ იარუსს აქვს თანდაყოლილი, წლების განმავლობაში. ჩვენ მას ყოველთვის ვუვლიდით და ამის პარალელურად, სტადიონზე თამაშები მიმდინარეობდა. მე დარწმუნებული ვარ ახლაც, რომ ეს ექსეპრტიზა ყურადღებას გაამახვილებს მე-7 და მე-8 სტილობატზე. მე ვფიქრობ, ამაზე მეტი პირველ იარუსს არაფერი არ უნდა სჭირდეს. თუმცა ფედერაცია წყვეტს - ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ჩატარდეს თამაში. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ჩემი გასაკეთებელია ის, რომ მინდორი იყოს უმაღლეს დონეზე და ყველაფერი იყოს წესრიგში. მე ფედერაციას უნდა ვუთხრა, რომ ის საკითხი, რაზეც ექსპერტიზა ამახვილებს ყურადღებას და არსებობს გარკვეული კითხვები, მოგვარებული იყოს. ამიტომ დაველოდოთ შემდეგ კვირას, დანარჩენი ფედერაციის გადასაწყვეტია.

- მარტში “დინამო არენაზე“ ეროვნულმა ნაკრებმა "ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გამართა, რა დროსაც სტადიონი სრულად სავსე იყო. მარტის შემდეგ, სტადიონზე შეიძლებოდა ისე გაუარესებულიყო მდგომარეობა, რომ რამდენიმე თვეში მატჩები ვერ ჩატარებულიყო?

- მე ვფიქრობ, რომ რაც იყო მარტში, ის მდგომარეობა არის დღესაც, თუმცა უსაფრთხოება პირველი ამოცანაა და ჩვენ ეს უნდა გადავაზღვიოთ. ეს არის ფედერაციის უფლება, მეც რომ ვიყო იქ, იმავეს მოვითხოვდი. აქედან გამომდინარე, ახლა გავიგებთ, რას იტყვის ექსპერტიზა. წესით, ყურადღება გამახვილებული იქნება 2/3 სტილობატზე, დანარჩენზე, ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა იყოს. პირველი იარუსი ძველი აშენებული კი არის, მაგრამ ძალიან მყარია.

“დინამოს” სტადიონი არის უნიკალური. მე ვფიქრობ, რომ “დინამო არენა” კიდევ მრავალი წელი მოემსახურება ამ ქვეყანას. იქ სხვა სული და აურა ტრიალებს. ამას ამბობენ თვითონ ფეხბურთელები, სხვა გარემოა და სხვა მოცემულობა - მაგიურია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ - შესაძლებელია, რომ გადავაკეთოთ და ამაზე ყველა უნდა იყოს თანახმა, რადგან არ სჭირდება დიდი თანხები.

- თქვენ თქვით, რომ არ გგონიათ, მარტის შემდეგ სტადიონზე არსებული ვითარება შეცვლილიყო და გაუარესებულიყო. საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ფედერაციის გადაწყვეტილება, არ ჩატარებული ერთა ლიგის მატჩი “დინამო არენაზე”, უკავშირდება თქვენს პოზიციას, რომელიც აქციების დროს, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამოხატეთ (10 აპრილს „დინამო თბილისმა“ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა - „ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!“)

- მე არ მგონია, რომ ჩემი პოზიციის გამო, ხალხისთვის უარი ეთქვათ “დინამო არენაზე” შესვლაზე. მართალი გითხრათ, მე ასე ვერ ვიფიქრებ ან და რა პოზიცია იყო ასეთი? - წინ ევროპისკენ?! ვინმეს აქვს სხვა პოზიცია? ფედერაციამ დასვა კითხვა, რომ პირველი იარუსი გადამოწმდეს - ამის უფლება აქვს და მისი კომპეტენციაა.

სოფო კაჭარავა

(სპეციალურად საიტისთვის)

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 სექტემბრის ნომერში