"შოკში ვარ, მაინც არ ვუშვებდი ამას... როცა ადამიანი სუნთქავს, რომელიც ძალიან გიყვარს, ცუდს არ უშვებ. იმედს ვებღაუჭებოდი" - რას ჰყვებიან მეგობრები და კოლეგები ზურა ბერიკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"შოკში ვარ, მაინც არ ვუშვებდი ამას... როცა ადამიანი სუნთქავს, რომელიც ძალიან გიყვარს, ცუდს არ უშვებ. იმედს ვებღაუჭებოდი" - რას ჰყვებიან მეგობრები და კოლეგები ზურა ბერიკაშვილზე?

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა, ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა, მერე საქართველოში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში იწვა. ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ბევრი ადამიანი დაამწუხრა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არა ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული და მაყურებლების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.

berikashvili-1712068743.jpeg

ძალიან უჭირთ ზურაზე წარსულ დროში საუბარი მის მეგობრებს.

კახა სულუაშვილი, მწერალი, მსახიობი, რეჟისორი:

- მე და ზურა სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ. კურსელები ვიყავით. ზურა საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. ვისაც ნანახი აქვს მისი სადიპლომო ნამუშევრები, დამეთანხმება, ძალიან ნიჭიერი იყო. გული მწყდება, რომ დრომ ეს კაცი ვერ გამოიყენა სათანადოდ. შეიძლებოდა, ბევრ ფილმში ყოფილიყო. ჩვენ საოცარი ურთიერთობა გვქონდა. როცა მე სცენარს ვწერდი, ზურას და ალეკოს უკვე ვხედავდი იმ როლებში, მათზე ვაგებდი. ძალიან მარტივი იყო მათთან ურთიერთობა და გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ადამიანები მიდიან ჩვენგან. ზურა ჩვენი სერიალის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. ჩვენ გავაკეთეთ კიდევ ფილმი, "კავკასიური კომედია" დავარქვით, ჩვენს ბოლო წამოწყებას, მაგრამ მხოლოდ საპილოტე სერიის გადაღება შევძელით, სადაც ზურიკო, სრულიად უანგაროდ წამოვიდა როლზე, რომელიც სპეციალურად მისთვის დავწერე. გვინდოდა, სერიალი გაგვეკეთებინა, ალბათ, ამ კადრებს "იუთუბზე" დავდებთ.

ერთ-ერთ მთავარ როლშია ზურა. თუმცა ცუდი რამ მოხდა... გადაღებები სოფელში მიდიოდა. გოგონა, რომელიც მთავარ როლში გადავიღეთ, 16 წლის იყო, მისი პერსონაჟი ფეხმძიმე უნდა ყოფილიყო და დედამ უარი თქვა გაშვებაზე. ეს გოგონა სოფელში ცხოვრობდა და სოფლის ბავშვებმა დააბულინგეს, შენ ფეხმძიმე ხარ იმ როლშიო და უარი თქვა... არადა, სპონსორიც გვყავდა, ამ გოგონას უარის გამო ჩაიშალა ყველაფერი, აზრი არ ჰქონდა გაგრძელებას, რადგან ის იყო მთავარ როლში. ზურა და ალეკო მახარობლიშვილი მონაწილეობდნენ, ეს ერთ-ერთი ბოლო გადაღება იყო ზურას კარიერაში... ალბათ, ზურას გახსენება როცა იქნება, ვაჩვენებთ ამ კადრებს.

459684214-8217846318283893-7082485865973052328-n-1726236480.jpg

ვისაც ჩვენი "ვარდენის ევოლუცია" ახსოვს, კარგად იცის, რაოდენ მკვეთრი იყო მისი ფერი ამ სერიალში. აღარაფერს ვიტყვი, მის დანარჩენ კინოსახეებზე და, რაც მთავარია, თეატრში შექმნილ უამრავ როლზე, სიცოცხლის სხივით სავსე შემოქმედებაზე...

55 წლის კაცი იყო ზურა, რამდენადაც ჩუმი იყო ცხოვრებაში, იმდენად ხმაურიანი იქნება მისი წასვლით გამოწვეული დანაკლისი. 9 თვე გვაფიქრა იმაზე, თუ რა ძნელია კეთილი კაცის გარეშე სამეგობროს ცხოვრება. 9 თვე არ დაგვტოვა მისმა ლამაზმა სულმა. რატომ მაშინვე არ გაიყვანა ღმერთმა, როცა ის ავბედითი დღე გაუთენდა მის ოჯახს, მოყვასს და სამეგობროს?! ალბათ, იმიტომ, რომ დიდხანს დავფიქრებულიყავით, რა ძნელია, სიკეთით სავსე, ღირსეული კაცის გარეშე სიარული, ამ გაცივებულ დროში... ანუ, ცოცხალია ძმა შენი და ვეღარ გამხნევებს მისი ხმა, ვეღარ გათბობს მისი ღიმილი...

ბოლო კომუნიკაცია 9 თვის წინ მქონდა, წინადღეს ველაპარაკე და მითხრა, რომ ერთაწმინდაში ამოვიდოდა, ჩემთან, სოფელი მაქვს და მეგობრები ხშირად ვართ იქ, რა გჭირს, რით ვერ ამოხვედი-მეთქი, რამდენიმე დღე მაცადე და ამოვალო. მეორე დღეს ეს ამბავი გავიგე...

kaxa-sulu-1726236088.jpg
კახა სულუაშვილი

როგორც აღვნიშნე, სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ. ჩვენი ერთი კურსელი გარდაიცვალა და მის ორმოცზე ვიყავით, მე, ზურიკო და დიმა ღვთისიაშვილი, პატარა ბიჭები ვიყავით მაშინ, დიმას "ზაპოროჟეცით" ჩავედით და გაგვიფუჭდა. ჩემი ჩარევის შემდეგ დაიქოქა და ზურა მეხუმრებოდა, ოქროს ხელები გაქვს, შენგან მაგარი ხელოსანი გამოვიდოდა, ვინც შენ ცეკვაზე მიგიყვანა, იმას რა ვუთხარი, რა ხელოსანი დაკარგა თბილისმაო. საოცარი იუმორი ჰქონდა.

გვქონდა ბედნიერება, დიდხანს გვემუშავა ერთმანეთის გვერდით. ზურას ფიზიკური სისუსტე სტუდენტობისას არ მახსოვს, ფეხბურთსაც კარგად თამაშობდა და ძალიან აქტიური იყო. ძალიან დიდი დანაკლისია, ძალიან გვტკივა გული. შოკში ვარ, მაინც არ ვუშვებდი ამას. მიუხედავად იმისა, რომ უფლის ნებაა ყველაფერი. ყოფილა შემთხვევა, მკვდრად გამოუცხადებიათ ადამიანი და გადარჩენილა. სადღაც იმედის ნაპერწკალი იყო მაინც, ვფიქრობდი, მედიცინა წინ მიდის და იქნებ, სასწაული მოხდეს-მეთქი. როცა ადამიანი სუნთქავს, რომელიც ძალიან გიყვარს, ცუდს არ უშვებ. იმედს ებღაუჭებოდი, არ გამართლდა სამწუხაროდ ეს იმედი. მშვიდობით, ძმაო!დღეს, შენი არდავიწყება დაიწყო, ბერიკ!

ონისე ონიანი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- ჩემთვის ის არ იყო მხოლოდ მეგობარი, ის იყო ძალიან, ძალიან ახლობელი ადამიანი, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ახლობელი იყო, ოჯახის წევრი. ძალიან მწარე ყოფილა ასეთი ადამიანის წასვლა შენი ცხოვრებიდან. ძალიან მიჭირს მასზე საუბარი. იმდენად დიდი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, მეგობრული, კარგი მსახიობი. არეული მაქვს გონება, ისე მიჭირს ზურაზე ლაპარაკი.

onise-oniani-5-1670573036.jpg

ახლა მოიყვანეს სახლში... ზურა ყველას უყვარდა და რაღაცნაირად წავიდა. თითქოს ჯერ შეგვაშინა, მერე იმედები მოგვცა, რომ დაბრუნდებოდა, მერე ფიქრში გადაიზარდა ეს ყველაფერი და, საბოლოოდ, წავიდა. თითქოს ნელ-ნელა შეგვაგუა ამ მდგომარეობას. ყოველ 10 დღეში ერთხელ შევდიოდი მასთან და ვნახულობდი. ვიღაცამ მკითხა, არ გიჭირს, რომ შედიხარ და ასეთს ნახულობო, ასე ვუპასუხე, იცი, მე რომ ასე ვიყო, ის აუცილებლად მოვიდოდა და ჩემ გვერდში იქნებოდა-მეთქი. მე ჩემს თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას, რომ ზურა არ მენახა.

ყოველგვარი შელამაზებული სიტყვების გარეშე, ის იყო ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი. თბილი, მოსიყვარულე, კარგი მეგობარი, კარგი ძმა, მამა, ბაბუა და ყველაფერი. 9 თვე ყველაფერს ვადევნებდი თვალს, სამწუხაროდ, საერთოდ ვერ შემოდიოდა კომუნიკაციაში. ძალიან მიჭირს მისი წასვლა.

ბაია დვალიშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- ზურას წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია. ძალიან თავმდაბალი, მოწესრიგებული და წესიერი ადამიანი იყო, ერთგული თეატრის, მეგობრების, კოლეგების და თავისი საქმის პროფესიონალი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. მოლოცვაც საოცარი იცოდა, როცა სპექტაკლის პრემიერა გვქონდა და თვითონ არ მონაწილეობდა, გულით მოგილოცავდა. მხიარული იყო, სიცოცხლისმოყვარე, კარგი იუმორი ჰქონდა.

baiadvalisvhili1-1708433942-1726235961.jpg

დიდი გულისტკივილია, არ იმსახურებდა ასე ნაადრევად და ასე წვალებით წასვლას. ძალიან დაგვწყვიტა გული. სცენაზეც საოცარი პარტნიორი იყო. სადაც ზურიკო იყო, იქ ჩქეფდა სიცოცხლე, იქ იყო სიყვარული, კარგი განწყობა. სულ ერთად ყოფნის სურვილი ჰქონდა. სპექტაკლის შემდეგ ზოგს სად გვეჩქარებოდა, ზოგს - სად და ზურა სულ ამბობდა, კარგი რა, სად გეჩქარებათ, მოდი, ვიყოთ ერთად, სადმე წავიდეთ, ერთად დავსხდეთო. უნდოდა, ურთიერთობა არასოდეს დამთავრებულიყო, სპექტაკლის მერეც. ყველაზე აქტიური იყო, ყველაზე მონდომებული, რომ ყველაფერი ენახა. არასოდეს იღლებოდა. სიცოცხლით და სიყვარულით სავსე იყო და ძალიან გვატკინა გული...

ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 14 და 15 სექტემბერს, მისამართი: თამარაშვილის 19ა, პირველი სადარბაზო.

გასვენება 16 სექტემბერს, 15 საათზე.

ამაღლების ეკლესიიდან მოხდება გამოსვენება და მას უამრავი გულშემატკივარი გააცილებს უკანასკნელ გზაზე.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ - "ცრემლები მახრჩობს... როგორ მქონდა იმედი... რამდენიმე დღის წინ გნახე, ფოტოებიც გადავიღეთ მე, შენ და გოგამ... ინსტიტუტი გავიხსენეთ..." - რას წერენ ზურა ბერიკაშვილზე მეგობრები