ამბები, რომლებიც თქვენც მინდა გაგიზიაროთ
საქართველოში ლეჩხუმის ისტორიული ადგილი გამორჩეულია არქიტექტურული ძეგლებით, ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეების სიმრავლით... გასულ საუკუნეებში სხვადასხვა მიზნით ჩასულმა მკვლევარებმა აღწერეს არქიტექტურული ძეგლები და მასთან დაკავშირებული ისტორიული ამბები.
წელსაც ვეწვიე ამ ულამაზეს ადგილს და კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი გავიგე ლეჩხუმის შესახებ, რომელიც თქვენც მინდა გაგიზიაროთ.
შეუძლებელია ლეჩხუმის რაიონულ ცენტრში, ცაგერში მოხვდეთ და ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი არ მოინახულოთ. ის, ლეჩხუმის არქიტექტურულ ძეგლთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. დღევანდელი ტაძარი აგებულია 1863-1871 წლებში - გვეუბნება სარწმუნო წყარო. მის აგებაში კი მთავარი წვლილი მიუძღვის ლევან დადიანს. მისი საბოლოო დასრულებისთვის უზრუნიათ ნიკო დავითის ძე დადიანს და მის დედას ეკატერინე ჭავჭავაძეს.
ძველი ბაზილიკური მე-9 მე-10 საუკუნის ნაგებობა, რომელიც ახლის აგებამდე საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენდა, იდგა ახლანდელი ტაძრის ახლოს 1-15 მეტრში. ძველი შენობის ნაშთები ნაწილობრივ გამოიყენეს ახლის მშენებლობაში.
ცაგერის ეკლესია, ჯერ ძველი და აგების შემდეგ ახალიც, დაახლოებით მე-10 საუკუნემდე ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საეკლესიო ცენტრს, საეპისკოპოსოს და საკათედრო ტაძარს წარმოადგენდა.
წარმომავლობით ლეჩხუმელი ჩიქვანების გადადიანების შემდეგ, მე-18 საუკუნიდან, ცაგერის საეპისკოპოსო კარზე უმეტესად ჩიქვანთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. ცაგერ-ლენტეხის საეპისკოპოსო კათედრალს სხვადასხვა დროს უძღვებოდნენ მეფეები: დავითი და ნიკოლოზი... ამჟამად, მას ხელმძღვანელობს მეუფე სტეფანე.
განვითარებულ შუა საუკუნეების საქართველოში რამდენიმე საოქრომჭედლო სკოლა-სახელოსნო არსებობდა. მათ შორის ცაგერის კათედრალთან არსებული ლითონ-მქანდაკებლობის სახელოსნოში შეიქმნა ჭედური ხელოვნების ისეთი შედევრები, როგორიცაა: „ ღვთისმშობელი ჩვილით“, „ცაგერის მაცხოვარი“, „ლაილაშის სვიმონ მირქმელი“ და სხვა.
საერთოდ, საქართველოსთვის ოქროს ხანაში (მე-10- მე-12 ს. ს) თაკვერის (ლეჩხუმი) და რაჭა ერთ საერისთავოს წარმოადგენდა. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ იმ პერიოდისთვის ცაგერ-სვანეთის საეპისკოპოსო კათედრალთან არსებობდა ჭედური ხელოვნების სკოლა-სახელოსნო. აქვე იყო განათლებისა და კულტურის მძლავრი კერა...
გასულ წლებში კი ვიყავი მურის ციხეზე, მაგრამ ამბები რომელიც წელს შევიტყვე, ვფიქრობ არ გეცოდინებათ. ჯერ ერთი, მურის ციხე თავის მრავალფეროვანი, ულამაზესი ლანდშაფტით, პეიზაჟით და მისი ისტორიული წარსულით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია საქართველოში. ის ბუნების მნიშვნელოვან ძეგლადაა აღიარებული. აქ დაახლოებით 0.5 კვ. ფართობზე, თვალის ერთი გადავლებით ნახავთ უამრავ საინტერესო ბუნებრივ და ანთროპოგენურ ობიექტებს, ესენია: ცხენისწყლის ორთავე მხარეს ფრიალო კლდეები, რომელთაც თითქოს „მდინარემ დანა დაუსვა“ და წარმოიშვა მურის კლდეკარები (ვიწრობი), აქვეა კარსტული მღვიმეები, იშვიათი წყაროს წყლები; ადამიანის ნამოღვაწარი: ადრე ფეოდალური ხანის დედაციხე - „არ გაუშვა“, მისი დამხმარე ციხე - კოშკები: „მაგრად დახვდი“ „ჰკა მაგას“ და „რაგვის“, იგივე „ლაწუნდარა“. იქვეა ლაჯანურჰესის სათავე-ნაგებობა და მურის ორი კაპიტალური ხიდი, იშვიათი „მწვანე თეატრი“...
ადგილი მური - მისი უძველესი სახელია „ციხნარი“ იგივე „ციცხნარი“, ბიზანტიურად „სქიომარი“ - სხიომარი, რომელიც მდებარეობს ლეჩხუმის ისტორიული პროვინციის ჩრდილოეთით, სვანეთის საზღვრის ახლოს, იქ სადაც ეგრისის ქედის აღმოსავლეთის ტოტის ბოლო ნაწილს „გველემბარს“ და ლეჩხუმის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს „გოლაიას“ ერთი მეორისგან ყოფს მდინარე ცხენისწყალი.
მურის - ციხნარის ტერიტორია ანტიკური პერიოდის ნასახლარი ადგილია. აქ შემთხვევით მოპოვებულია სამაროვანი, ქვევრ სამარხებში აღმოჩნდა ქრისტიანობამდელი კერამიკის, ბრინჯაოს, რკინის ნივთები, სამკაულები.
მე-6 საუკუნის ბიზანტიური წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ აქ იყო არსენის ეკლესია. არსენის ეკლესიაში 662 წლის აგვისტოდან განისვენებს კონსტანტინოპოლიდან გადმოსახლებული, წმინდანი მაქსიმე აღმსარებელი. დღეის მდგომარეობით მონასტერი აღდგენილია, მოქმედია და წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელს ატარებს.
მური შუა საუკუნეებში მე-19 საუკუნის 50-იანი წლებამდე ლეჩხუმის საერო ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო დადიანების სამთავრო სასახლეც.
მურის ციხე-სიმაგრე თავისი კოშკებით სკვიმრიის, იგივე თაკვერის, იგივე ლეჩხუმის ციხესიმაგრეთა შორის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. აქ იდგა გარნიზონი. ის თავის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ადრე ფეოდალური ხანიდან მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე...
მურის დადიანების სამთავრო სახლში კი 177 წელს გარდაიცვალა აქ გამორიდებული თეიმურაზ მეორის ქალიშვილი, ერეკლე მეორის და, კაცია დადიანის მეუღლე ელისაბედი. ის მშობიარობას გადაჰყვა. დასაფლავებულია ცაგერის ეკლესიაში. 1783 წელს გარდაიცვალა სამეგრელოს მთავარი კაცია დადიანი. მის ნაცვლად მთავარი გახდა 18 წლის გრიგოლი, კაციას შვილი. მთავრის მცირეწლოვნებით ისარგებლა იმერეთის მაშინდელმა მეფემ დავით გიორგის ძემ და ოდიში ააოხრა...
ისტორიის მანძილზე ასეთი არაერთი ამბავია დაკავშირებული მურის ციხესთან. ბერძენი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელის მიერ მოხსენიებულია „სხიომარად“ ეს შესატყვისია ქართული „ციხნარის“...
მე-17 მე-18 საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში ოსმალთა შემოსევის დროს მტერმა ლეჩხუმშიც შემოაღწია და მოინდომა აღნიშნული „ციხნარის“ აღება. ეს მათ ვერ შეძლეს. მწვავე ბრძოლების შემდეგ მტერი განდევნეს. არსებობს თქმულება, რომ ამ დიდი ბრძოლის დროს მათ გამოიყენეს ციხეებიდან აღებული სამშენებლო კირი და კირის დიდი მასა გადმოაყარეს მტერს. მტერი დაიბნა , გარბოდა და თან იძახდა მური, მურიო, რაც მათ ენაზე ბოლს ნიშნავს. მას შემდეგ ამ ადგილს სახელად შერჩა "მურის ციხე“ თუმცა, ძველი თაობა ისევ „ციცხნარს“ ანუ „ციხნარს“ ეძახის...
ვისურვებდი, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ამ ულამაზეს ადგილს ეწვიოთ, გაეცნოთ, აქედან გადაშლილი ხედი მართლა დაგატყვევებთ.