"ჩაწყდა გულში რაღაც დიდი და მთავარი!... მთელი ცხოვრება ჩემს გულში იქნები" - რას წერს გია ბაღაშილი? - კვირის პალიტრა

"ჩაწყდა გულში რაღაც დიდი და მთავარი!... მთელი ცხოვრება ჩემს გულში იქნები" - რას წერს გია ბაღაშილი?

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა, ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა, მერე საქართველოში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში იწვა. ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ბევრი ადამიანი დაამწუხრა. მსახიობის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გია ბაღაშვილი გამოეხმაურა:

"წავიდა ჩემი ზურა და ჩაწყდა გულში რაღაც დიდი და მთავარი!.. ის იყო ოქროს ადამიანი... სიკეთით სავსე, კეთილშობილი, თავმდაბალი, გვერდში მდგომი, სიყვარულით და სითბოთი სავსე, უნიჭიერესი ხელოვნებაშიც და ადამიანობაშიც... საუკეთესო იყო მთელს ჩვენს თაობაში! ამიტომაცაა ასე გულსაკლავი ზურას წასვლა... თან რა ახალგაზრდა წავიდა...

ჩემო ძმაო, ჩემო ბერიკ, შენს სულს ვენაცვალე, შენს ნათელ და სიკეთით სავსე სულს... ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ჩემო მაგარო კაცო!.. მთელი ცხოვრება ჩემს გულში იქნები!" - წერს გია ბაღაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: "შოკში ვარ, მაინც არ ვუშვებდი ამას... როცა ადამიანი სუნთქავს, რომელიც ძალიან გიყვარს, ცუდს არ უშვებ. იმედს ვებღაუჭებოდი" - რას ჰყვებიან მეგობრები და კოლეგები ზურა ბერიკაშვილზე?