მოლოდინი ამაო გამოდგა - დასავლური რაკეტების თავისუფლად გამოყენებაზე კიევს ნებას კვლავ არ რთავენ... - კვირის პალიტრა

მოლოდინი ამაო გამოდგა - დასავლური რაკეტების თავისუფლად გამოყენებაზე კიევს ნებას კვლავ არ რთავენ...

13 სექტემბრის საღამოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ უკრაინაში და მსოფლიოს დიდ ნაწილშიც სულგანაბული ელოდნენ მთავარ კითხვაზე პასუხს - აშშ და დიდი ბრიტანეთი რთავს თუ არა ნებას უკრინას დასავლური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოსაყენებლად?... პასუხი არ იქნა გაცემული, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეში ერთი სიტყვაც არ თქმულა სარაკეტო შეზღუდვების მოხსნაზე, ე.ი. პუტინის-რუსულ მიწაზე ამერიკული რაკეტის აფეთქება ნატოსთან ომის ტოლფასი გახდება - დაშინებამ მართლაც იმოქმედა ბაიდენზე?!

ამ შეხვედრის წინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ფაქტობრივად ღია მუქარა გააჟღერა, როდესაც პირდაპირ განაცხადა, რომ თუკი დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გინდ ბალისტიკური და გინდაც ფრთოსანი ერთი რაკეტაც რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქდება, ეს რუსეთ-ნატოს ომის დასაწყისი გახდებოდა...

სინამდვილეში, დასავლური წარმოების იარაღს უკრაინა დიდი ხანია იყენებს რუსეთის ტერიტორიაზე და ეს დაიწყო მანამდეც, სანამ 6 აგვისტოს უკრაინელები რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრებოდნენ.

მაგრამ, ერთია ამერიკული ყუმბარსატყორცნებით და თუნდაც „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანებით საზღვრისპირა რუსულ სოფელში შეჭრა და სულ სხვაა, როდესაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული „ატაკმასებით“ თუ ფრანგული „სკალპელით“ რუსულ აეროდრომზე რუსულსავე ბომბდამშენებს დაადუღებ...

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო 2022 წლის შემოდგომაზე, მაშინ როდესაც რუსი ოკუპანტები ერთმანეთის მიყოლებით თავქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ ჯერ ხარკოვის მისადგომებიდან და შემდეგ ხერსონიდან, მართლაც შიშობდა, რომ შერცხვენილ და გამწარებულ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ გამოეყენებინა, თუმცა ლენგლიში დღეს ასე აღარ ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ პუტინი აგრძელებს თავის ბირთვულ შანტაჟს...

bai-1726300928.png
პუტინის ბირთვული შანტაჟი კვლავ წარმატებულად მოქმედებს ბაიდენზე...

17-მა ამერიკელმა ყოფილმა ელჩმა და თადარიგის გენერალმა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ღია წერილი გაუგზავნა - დასავლურ შეიარაღებაზე შეზღუდვების მოხსნა არ გამოიწვევს ესკალაციას მოსკოვთან, რადგან უკრაინა უკვე იყენებს დასავლურ იარაღს ანექსირებულ ყირიმში და ახლა უკვე თავად რუსეთის კურსკშიც, მაგრამ ამის გამო კრემლს რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ მოუხდენია - ახსენებენ და რჩევას აძლევენ თეთრ სახლს.

მაგრამ, როგორც ხედავთ არც ეს რჩევები და არც ამერიკული დაზვერვის მონაცემები, თეთრი სახლის ძალზე ფრთხილ პოლიტიკოსებზე გავლენას ვერ ახდენს და ისინი კვლავ დიდი სიფრთხილით შეჰყურებენ პუტინის მიერ გავლებულ მორიგ „წითელ ხაზს“, რაშიც თავისი შიშით ხელი შეუწყვეს კრემლს...

არის ვარიანტი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არ დათანხმდეს ამერიკული MGM-140 ATACMS- ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში,მაგრამ თვალი დახუჭოს ბრიტანულ/ფრანგული Storm Shadow/SCALP-EG ტიპის ფრთოსანი რაკეტების „სტუმრობაზე“ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე,მიუხედავად იმისა,რომ ამ ევროპულ რაკეტებში ამერიკული წარმოების ბევრი დეტალი გამოიყენება და არსებული წესის მიხედვით, აშშ-ების ნებართვის გარეშე მათი გაყიდვა-გამოყენება ლონდონმა და პარიზმა აუცილებლად უნდა შეათანხმნონ ვაშინგტონთან...