"აფხაზეთში გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონებაა! სოხუმის ავტობუსით ჯერ გალში, მერე კი ჩემს მშობლიურ სოფელ ოტობაიაში მივდიოდით"
ალბათ ნებისმიერ ადამიანს აქვს შემონახული ყველაზე ბედნიერი ზაფხულის მოგონებები,
რომელიც დღემდე ახსოვს. სწორედ დაუვიწყარ მოგონებებზე გვიამბობს მსახიობი ჯანო იზორია.
- დადგენილია, რომ მოგზაურობა, უცხო ქვეყნებისა და ქალაქების დათვალიერება საუკეთესო რელაქსიც არის და დასვენებაც, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ საქართველოშიც გვაქვს ბევრი ისეთი ადგილი, რომლის მონახულება ნამდვილად ღირს. სამწუხაროდ, მე 90-იანების თაობას მივეკუთვნები, ამიტომ, არც 35 მანეთად გადავფრენილვარ საბჭოთა კავშირის ქალაქებში და არც ამერიკის შტატებში ვყოფილვარ სამოგზაუროდ. იმის გამო, რომ ჩემს ბავშვობაში ექსკურსიებზეც იშვიათად დავდიოდით, საქართველოს ბევრი კუთხე, დაბა თუ ქალაქი უნახავი დამრჩა. ამ დანაკლისს დღეს უკვე ჩემი პროფესიის დახმარებით ვინაზღაურებ: ყველგან დავდივარ, სადაც კი გასტროლებზე მივდივართ და ყველაფერს ვათვალიერებ, რისი ნახვაც შეიძლება.
- მაინც, რომელი კუთხე არ გაქვთ ნანახი?
- შეიძლება ჩვენი მკითხველი გავაკვირვო, ისეთი ადგილები არ მაქვს ნანახი. მაგალითად: ამ დღეებში პირველად ვიყავი წალენჯიხაში. ყოველთვის მაინტერესებდა ეს მშვენიერი რაიონი, სადაც მთელი საქართველოსთვის საყვარელი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია დაიბადა და გაიზარდა. წალენჯიხაში, გაბედავების ოჯახში ვიყავით სტუმრად და ისეთი გემრიელი, მამა-პაპური სუფრა დაგვახვედრეს, როგორიც ამ მშვენიერ მხარეში იციან. ძალიან ლამაზი საღამო გამოგვივიდა, სადღეგრძელოში ყველამ თავისი საფიქრალი და გულისტკივილი ჩააქსოვა, ბოლოს, მთებს იქით რომ აფხაზეთი ჩანდა, მისი სადღეგრძელოც ვთქვით და დავიშალეთ. ვატყობ, რომ ზაფხულის ის ლამაზი საღამო ჩემი საუკეთესო მოგონებების რიგს შეემატება.
- ამ მოგონებებს შორის, ყველაზე ტკბილად რა გახსენდებათ?
- ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი მოგონებები ბავშვობას უკავშირდება: ჩემი მოგზაურობა ასე იწყებოდა - ფოთში, ავტობუსში ჩავსხდებოდით და ზუგდიდში ჩავდიოდით - სადგურში, რომელიც ახლა მიტოვებულია, სოხუმის ავტობუსები იდგა და ჯერ გალში, მერე კი ჩემს მშობლიურ სოფელ ოტობაიაში მივდიოდით. ფანჯრიდან ჩაის, ციტრუსების პლანტაციები მოჩანდა და ბედნიერი ვიყავი, რადგან ავტობუსი ჩემი უსაყვარლესი სოფლისკენ მიმაქროლებდა. იქ გატარებულ ზაფხულის დღეებს ხომ არაფერი შეედრებოდა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონებაა! რა თქმა უნდა, სტუდენტობაშიც ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულე, მაგრამ აფხაზეთში გატარებული ყველა ზაფხული ერთმანეთზე უკეთესი იყო!
- სტუდენტობის პერიოდიდან რა გახსენდებათ?
- ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს სულ სხვა მხარესთან - ჰერეთთან, სადაც ჩვენს პედაგოგს, რეზო ჩხეიძეს მივყავდით. ოჯახებში გვაბინავებდნენ და საოცარი პურ-მარილით გვიმასპინძლდებოდნენ, რომელსაც ქართული სიმღერის და საკრავების ხმა კიდევ უფრო ალამაზებდა. ინგილოებს ყოველთვის ჰქონდათ გადანახული ბატონი რეზოს სახელობის ქვევრი, რომელსაც მხოლოდ მისი ჩასვლისას ხსნიდნენ. ჰერეთი ძალიან მომწონდა, რადგან იქ ღირსეული და კარგი ხალხი ცხოვრობს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ქართულ ენას და თვითმყოფადობას დღემდე ინარჩუნებს. მახსოვს, ერთ საღამოს ალუდა ავჯიაშვილის ოჯახში ვიყავით. სუფრასთან ერთი ბებო იჯდა, სანდომიანი, უხუცესი ქალი. სადღეგრძელოს ნაცვლად, ერთ ისტორიას მოგიყვებითო, გვითხრა და ასეთი რამ გვიამბო: როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი, მაშინ ბავშვებს სახლში აჩენდნენ და ქალებიც, ხალხური წესით მშობიარობდნენო. ყვირილი რომ დავიწყე, მეზობლები შემოცვივდნენ, ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, ის ერთ ოთახში შეიყვანეს, მე კი მეორეში გამიყვანეს. როგორც კი შვილი გავაჩინე, ჩემს მეუღლეს სული ამოხდაო! თურმე, გულის შეტევა ჰქონია. ჰოდა, ამ საოცარმა ქალბატონმა ჩვენთან ერთად, სიცოცხლის სადღეგრძელო დალია. აი, ასეთ ადამიანებს გადააწყდება კაცი, რომელიც ჩვენი ლამაზი ქვეყნის სოფლებსა და ქალაქებში მოგზაურობს.
- საქართველოს მთა სულ სხვა ფენომენია. გიყვართ მთებში ყოფნა?
- როგორ შეიძლება მთების სილამაზე არ გიყვარდეს?! ულამაზესია რაჭა, მაგრამ სვანეთმა სულ სხვანაირად მომხიბლა: იქ ფოთის თეატრთან ერთად ჩავედი, გასტროლით. ეს შეუდარებელი მხარეა - შეუდარებელი თავისი ხალხით, ისტორიით, ამაყი მთებით და უძველესი მუზეუმებით... მსახიობმა გეგი ფალიანმა გვიმასპინძლა, რომელიც სვანური კულტურის ცენტრის დირექტორია. მას საქართველოში ბევრი იცნობს. უშგულშიც ავედი, რომელიც უნიკალური ხელუხლებელი ადგილია, ამიტომაა დაცული "იუნესკოს" მიერ. სვანებმა კოშკზეც აგვიყვანეს, იქიდან დავლოცეთ სვანეთი, ჩვენი საქართველო და სავსე გულით წამოვედით. არ მიკვირს, რომ უცხოელებს ასე მოსწონთ ჩვენი ქვეყანა - მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ვექიშპებით და გულსაც ვტკენთ, სტუმრის მიღების და პატივისცემის შეუდარებელი უნარი გვაქვს. ჩვენ "სტუმარ-მასპინძლის" მშობელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ბუნებრივია, ამ ქვეყნის ხიბლი უცხოელებს ანდამატივით იზიდავს. მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რომ შეხვალ და უცხოელები გაოცებით უსმენენ უძველესი ქართული კულტურის ისტორიას, როგორ შეიძლება იქიდან ამაყი და გახარებული არ გამოხვიდე? იცით, რა მადარდებს? - მთა-თუშეთში არ ვარ ნამყოფი და ვნატრობ, კიდევ ერთი მხარე, რომელსაც ახლო მომავალში ვეწვევი, მთა-თუშეთში იყოს.
- უცხო ქვეყნებიდან რომელი დაგამახსოვრდათ?
- ღმერთმა ყველას მისცეს საშუალება, რომ უცხოეთში იმოგზაუროს, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანმა ჯერ თავისი სამშობლო უნდა გაიცნოს და მერე სხვა ქვეყნებიც დაათვალიეროს. მე უცხო ქვეყნებში, ძირითადად, გადაღებების ან გასტროლების დროს ვმოგზაურობ. ასე მოვხვდი ბავშვობაში ბულგარეთში, "ოქროს ქვიშებზე": ფოთში იყო ცეკვისა და სიმღერის საბავშვო ანსამბლი "თეთრი თოლია", მე ამ ანსამბლის წევრი გახლდით და სხვებთან ერთად, იქ გამართულ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. მოზარდი ვიყავი და ის დღეები ჩემთვის სასიამოვნო იყო. ძალიან კარგად, მაგრამ სევდიანად მახსენდება მაროკო, სადაც ბახვა წერედიანთან ერთად ვიყავი. ის მარიონეტების თეატრის მეთოჯინე იყო. მასთან ერთად ვცხოვრობდი აფრიკაში, კასა-ბლანკაში. მთელი ერთი თვე იქ ვიყავით გასტროლით და მთელი მაროკო შემოვიარეთ. იქაურობა ხილითა და ციტრუსებით ძალზე მდიდარია. ბახვას ვეხუმრებოდი: ისეთი ცხოვრება გვაქვს, ბანანს პრასივით ვჭამთ-მეთქი. ამაზე ის მთელი ხმით იცინოდა. ძალიან ხალისობდა კიდევ ერთ ხუმრობაზე: ბახვა, ძმაო, ჩვენ ხომ ვართ ქრისტიანები, მაგრამ აქაურობა ალაჰმა დალოცოს-მეთქი. ამ ყველაფერს დღეს გულისტკივილით ვიხსენებ...
- ევროპაში სად ხართ ნამყოფი?
- ბერლინით დავიწყებ, რადგან ეს უაღრესად საინტერესო ქალაქია. სხვათა შორის, იქაც საქმიანი მიზნით ვიყავი - გადაღებები მქონდა. ამბობენ, რომ ბერლინი სხვა გერმანული ქალაქებისგან განსხვავებულია. მას თავისი განუმეორებელი ხიბლი და ანდამატი აქვს, რომელიც გაფიქრებინებს, აქ შეიძლება რაღაც პერიოდით დავრჩე და ვიცხოვროო. ბერლინში ჩემი ყოფნა 9 მაისს დაემთხვა, გაოცებული ვუყურებდი, რამდენი ხალხი შეიკრიბა და როგორ აღნიშნეს ამ ქალაქში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. იქ, რაიხსტაგთან ახლოს, საბჭოთა მეომრის ძეგლიც კი დგას და 9 მაისს, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოდის. ყველა ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობს. ებრაელები მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით იყვნენ. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ შუა ბერლინში, ახალგაზრდების ჯგუფი დადიოდა, მათ ხელში საბჭოთა სიმბოლიკა - ნამგალი და ურო ეჭირათ. როგორც ჩანს, გერმანელები ფიქრობენ, რომ ეს ისტორიის ნაწილია, რომელსაც ვერავინ წაშლის. ბერლინს ომის კვალი ახლაც აშკარად ეტყობა: ძველ სახლებზე, ალაგ-ალაგ, ნატყვიარებსაც შენიშნავთ. იქ რომ ვიყავი, ხშირად ვფიქრობდი, რამდენად ძლიერი უნდა იყოს ხალხი ან როგორი იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს, რომ ყველაზე დამარცხებული, მიწასთან გასწორებული ქვეყნისგან ასეთი ზესახელმწიფო შექმნას! ბერლინის ქუჩებში რომ დავდიოდი, ყველაზე ხშირად "შინდლერის სია" მახსენდებოდა, რა თქმა უნდა, სხვა ფილმებიც, რომლებიც იმ საშინელ ეპოქას ეძღვნება და მომწონს.
- და მაინც, უცხოეთის რომელი ქვეყანაა თქვენთვის ყველაზე ახლობელი?
- ესპანეთი - ეს ქვეყანა მართლაც რომ "ჩემია", ჩემს ხასიათს ზუსტად შეეფერება. სამწუხაროდ, მთელ ესპანეთში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მადრიდიც მომეწონება, ვალენსიაც და სხვა ქალაქებიც. ბარსელონათი კი მართლა მოხიბლული დავრჩი, რადგან იქ ძალიან ლაღი, ხალასი ბუნების ადამიანები ცხოვრობენ. იქვე ზღვაა და ზღვასთან სიახლოვე ადამიანს სულ სხვა თავისუფლებას ანიჭებს. ძალიან მაინტერესებს ბასკეთი, სადაც არის დაბა, სახელად, "იზორია". ჩემი მოგვარეები იქ რომ მოხვდებიან, ძალიან მოსწონთ და სელფებსაც იღებენ. გამოგიტყდებით, მეც მაქვს ამის მუღამი, რომ ეს დაბა ვნახო.
ბარსელონაში ყოფნისას, ნიუ-კამპზეც ვიყავი, მაგრამ ფეხბურთის თამაშს არ დავსწრებივარ. იმედია, ამასაც მოვახერხებ, რადგან ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ - ისინი ძალიან ცოცხალ, საინტერესო ფეხბურთს თამაშობენ, რომელშიც ესპანური ხასიათი მკაფიოდ იგრძნობა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"