"ის, რაც ჩემს პირადშია, უნდა ესმოდეს მას, ვინც დღეს ჩემ გვერდით არის და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია" - კვირის პალიტრა

"ის, რაც ჩემს პირადშია, უნდა ესმოდეს მას, ვინც დღეს ჩემ გვერდით არის და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია"

"უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი.

კეთილად თუ მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია. რამეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება. ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას ისე ჩუმად აკეთებს, გარშემო მყოფები ვერაფერს ხვდებიან. სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მომღერალ დათუნა მგელაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ ისე კარგად გარკვეული ვერ ვარ, როგორც ჩემი ზოგიერთი მეგობარი, რაც სამწუხაროა. ვიცი, ადამიანებს პირად თუ კარიერულ წინსვლაში, ეს ცოდნა ძალიან ეხმარება. როდესაც ჩემი ნიშნის დახასიათებას ან პროგნოზს ვნახულობ, თუნდაც ინტერნეტსივრცეში, ყოველთვის ვკითხულობ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები ამაყები და დაუმორჩილებლები არიან, ამ შეფასებას რამდენად ეთანხმები?

- სიამაყე არ მაქვს, დაუმორჩილებელი კი მაშინ ვხდები, როდესაც წონასწორობას ვკარგავ და საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ, ეს კი ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან".

- საქმეში, სამსახურში უფროსი არასდროს მყოლია. შესაბამისად, არ ვიცი, ამ სიტუაციაში როგორი ვიქნებოდი. შეიძლება მართლა არ დავმორჩილებულიყავი. თავისუფალ რეჟიმს იმდენად შეჩვეული ვარ, ვერც წარმომიდგენია, დაქვემდებარებულის როლში ყოფნა როგორია. მე რომ პატარა ასაკიდანვე საჯარო სამსახურში ან სხვა ისეთ პოზიციაზე მემუშავა, სადაც თანამდებობრივი იერარქიები იქნებოდა, შეიძლება შევჩვეულიყავი კიდეც.

- რისკზე თამამად მიდიხარ?

- ბევრჯერ გამირისკავს, მაგრამ ყოველთვის გაუმართლებია.

- წარსულს რომ თვალი გადაავლო, შეგიძლია თქვა, რომ ბევრი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება გაქვს მიღებული?

- (იცინის) დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მეტი რა მახსენდება. კი, ძალიან ბევრჯერ მიმიღია და ცხვირიც ბევრჯერ წამიმტვრევია.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- ეს თვისება არის ჩემს ხასიათში. მგონია, რომ ეს კარგი ჩვევაა. სხვადასხვა საქმესა და სიტუაციაში ინიციატორიც ხშირად ვყოფილვარ.

- "მას შესწევს ძალა თავი საყვარელ საქმეს მიუძღვნას და ამ საქმეში ბოლომდე დაიხარჯოს".

- ყველა საქმეში, რომელსაც ხელს ვკიდებ, ბოლომდე ვიხარჯები. "ცეკვავენ ვარსკვლავები" რომ გავიხსენოთ, ეს იყო დიდი გამოწვევა. მთელი 12 წლის განმავლობაში მქონდა შემოთავაზება ამ პროექტიდან და ვერ ვთანხმდებოდი. უარის მიზეზი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ამ სახის აქტიურობას შეიძლებოდა ცუდ შედეგამდე მივეყვანე. საბოლოოდ მაინც მივიღე გადაწყვეტილება და იმ ტკივილების, უძილო ღამეების შემდეგ, საკუთარ თავსაც ბევრი რამ დავუმტკიცე.

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- მართალია, თუ გავჯიუტდი, მერე ჩემი რაიმეზე დაყოლიება რთულია. რაც შეეხება მეწვრილმანეობას, ხშირად ისეთ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას და ვანიჭებ მნიშვნელობას, სხვა საერთოდ რომ არ იმჩნევს და მარტივად "ატარებს". ეს თვისება დამღლელია, მაგრამ ზოგჯერ სასიკეთოდაც მადგება.

- "კარგი იქნება კომპრომისის ხელოვნებას თუ ისწავლის".

- ვფიქრობ, რომ უკვე ნასწავლი მაქვს. ვხვდები, რა დროს და რა სიტუაციაშია საჭირო დათმობაზე გონივრულად წასვლა.

- ფულსა და აღიარებას შორის არჩევანის გაკეთება რომ გიწევდეს, რომელს აირჩევდი?

- (ფიქრობს) ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ კირჩხიბები უყოყმანოდ დიდებას ირჩევენ.

- ეს იმხელა კომფორტია, ბედნიერებაა, რომელსაც მოაქვს ძალიან ბევრი კარგი რამ, მთავარი - ხალხის სიყვარულია და ამ მდგომარეობას ახალ "ხაზებზე" გაჰყავხარ, ის ხაზები კი ფულის მომტანია.

- შეიძლება შენს ცხოვრებას ექსტრიმი და დრამატიზმით სავსე ეწოდოს?

- შეიძლება. მოდი, ასე ვთქვათ, დიდი გარბენი მაქვს. ჩემი ცხოვრება ექსტრიმით და დრამატული ამბებით სავსეა.

- "ვეფხვი გარშემო იკრებს თანამოაზრეთა დიდ ჯგუფს, რაც ეხმარება იმაში, რომ ნებისმიერ სირთულეს თავი ღირსეულად დააღწიოს".

- ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე მაქვს დაძლეული, მათ შორის ისეთებიც, ახლობლების თანადგომის გარეშე რომ ვერ მოვერეოდი. ახლობლების გვერდში ყოფნა ფსიქოლოგიურადაც დიდ ძალას მაძლევს.

- "კირჩხიბის სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხასიათი ხშირად ეცვლება.

- მართალია, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება დილით უკარგესი განწყობით გავიღვიძო და 2 საათში უმიზეზოდ განწყობა საპირისპიროდ შემეცვალოს.

- "ძალიან მგრძნობიარე ბუნების პატრონია. ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ეს 100%-იანი სიმართლეა.

- რა დროს ხარ ძლიერი და რა დროს - ბავშვივით დაუცველი? ამას რა განაპირობებს?

- ბავშვივით დაუცველი ალბათ მაშინ ვარ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, რაღაცებს ვაანალიზებ, ვფიქრობ. როდესაც რაღაც არის გადასაწყვეტი, ამ დროს აბსოლუტურად კონცენტრირებული ვარ საქმეზე და თავს ძლიერ ადამიანად ვგრძნობ.

- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- სულ ვფიქრობ, ვფიქრობ, როცა ვმღერი, მუსიკას ვაკეთებ, ახლა შენ გელაპარაკები... უწყვეტ რეჟიმში ვფიქრობ, მაგრამ ეს ფიქრები ყოველთვის მელანქოლიური არ არის.

- "კირჩხიბს შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ არ უყვარს საკუთარი განცდების გამომზეურება".

- მართალია, საკუთარ განცდებზე ღიად ლაპარაკი არ მიყვარს. მესაიდუმლე კი არაჩვეულებრივი ვარ. ბევრ საიდუმლოს ვინახავ და შევინახავ სამუდამოდ.

- ბოლომდე გახსნილი და ღია არც ძალიან ახლობელ ადამიანებთან ხარ?

- თემას გააჩნია. ახალ მანქანას თუ ვიყიდი, ამ სიხარულს ყველას ვუზიარებ, მაგრამ ისეთი რამ თუ არის, რაც მხოლოდ ჩემია, რა თქმა უნდა, ჩემთვის ვინახავ.

- "თუ კეთილად მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია; რამეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- მგონია, რომ ეს ყველაფერი სულ ჩემზეა ნათქვამი. ჩემი მართვა შეუძლია ადამიანს, რომელიც კარგად მეპყრობა. თუ დავინახე, რაღაც ისეა, რაც არ მომწონს, მაშინ ადგილიდან დაძვრა კი არა, შეიძლება ძალიან ცუდადაც დავიძრა.

- "მოსიყვარულე ნიშანია. ვინმეს თუ შეიყვარებს, ის გრძნობა სამუდამოა, მაგრამ შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს".

- ჯერ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მომენტი არ მქონია. არც მგონია, ვინმეს მტრობა გავუწიო. ეს უკიდურესი მდგომარეობაა. როდესაც ვხვდები, ადამიანთან საერთო აღარაფერი მაქვს, მტრობა რად უნდა? მას ვშლი ჩემი ცხოვრებიდან და ამით ვასრულებ.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას ისე ჩუმად აკეთებს, გარშემო მყოფები ვერაფერს ხვდებიან".

- დამიცდია და როცა დრო ყოფილა, მაშინ მიმოქმედია, - ეს ერთი მომენტი მახსენდება ბიჭობის პერიოდიდან. დღეს მსგავს ქმედებას აღარ ჩავიდენ. როდესაც ადამიანი იზრდება და პიროვნული განვითარების სხვა საფეხურზე ადის, მგონია, რომ მსგავსი თვისებები წარსულში რჩება.

- თუ გაქვს განცდა, რომ შენი ცოტა ადამიანს ესმის, რომ ხშირად ვერ გიგებენ?

- არც მინდა, ბევრ ადამიანს ესმოდეს. ჩემი სურვილია, ჩემი მუსიკის ესმოდეს ძალიან ბევრ ადამიანს. ის, რაც ჩემს პირადშია, უნდა ესმოდეს მას, ვინც დღეს ჩემ გვერდით არის და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან მფლანგველი ვარ. კირჩხიბებს შემგროვებლებს უწოდებენ, მაგრამ ამ საკითხში აცდენა მაქვს. მეუღლე უფრო გონივრული მხარჯველია. ხშირად მეუბნება, - რატომ დათუნა, რატომ? რა ვქნა, სხვაგვარად არ შემიძლია, ეს სიამოვნებას მანიჭებს და გამოსწორების ერთადერთი გზა არის ბევრი შრომა.

- "ყველა კირჩხიბს უსაფუძვლო შიშები ახასიათებს".

- პერიოდულად შეიძლება მქონდეს მსგავსი განცდა. მაგალითად, კორონავირუსი რომ შემოვიდა საქართველოში, ყველა დაცემინებისას ვფიქრობდი, რომ კორონა მქონდა.

- შინაგანი მდგომარეობა, ემოცია, განცდა, სახეზე გაწერია თუ ამ დროს თამაშს ახერხებ?

- ვინც ძალიან ჩემიანია, ვინც ძალიან მიყვარს, იმ ადამიანებს ვერასდროს ვერაფერს ვატყუებ. საერთოდ, ძალიან ცუდი მატყუარა ვარ.

- დათუნა, დავასრულეთ, ასეთი იყო შენი ასტროპორტრეტი.

- როგორც ველოდი, ბევრი რამ დაემთხვა, კირჩხიბის ნაწილში - განსაკუთრებით.

- ახლო მომავალში შენგან შემოქმედებით სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- კი, როგორც იქნა, ვიდეოკლიპის გადაღება გადავწყვიტე. ამ ეტაპზე სამაგიდო სამუშაოებს გავდივარ რეჟისორთან. დეტალებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ, რადგან ბევრი რამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არც მაქვს, მაგრამ ვხვდები და ზუსტად ვიცი, არაჩვეულებრივი ნამუშევარი გამოვა; ისეთი, როგორიც უნდა მქონდეს.

- რეჟისორი ვინ იქნება?

- ზაზა ორაშვილი.

- წარმატებას გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"