რა გზავნილებია ჩადებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში?!
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღამდე 46 დღით ადრე "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში პოლიტიკაში 2023 წლის დეკემბერში მესამედ დაბრუნებული, პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი და ამჟამად საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. მის გარდა, სიაში კიდევ ერთი ყოფილი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი და ერთიც მოქმედი, ირაკლი კობახიძე არიან, ასევე ორი ოლიმპიური ჩემპიონი - გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, ხუთი ქალი და ა.შ. მოკლედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში საარჩევნო სიაში პირველად არის ბიძინა ივანიშვილი. ოპოზიცია ამას იმით ხსნის, რომ მმართველ ძალას ელექტორატის საკმარისი მხარდაჭერა აღარ აქვს. "ქართულ ოცნებას" ძალიან უჭირს, სხვა შემთხვევაში, ჩრდილში მყოფი ივანიშვილი სიაში პირველ კანონმდებლად თავს არ ჩაიწერდა", - ამბობენ ოპოზიციაში, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მირიან მირიანაშვილთან:
- აუცილებელია ამ პროცესში მთავარი განვასხვაოთ მეორეხარისხოვნისგან, მთავარი კი არის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საარჩევნო სიაში, დანარჩენი წმინდად ტექნიკური მოცემულობაა. საქმე ის არის, უფლებებისა და სტატუსის თვალსაზრისით, "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან, ამიტომ ვინ ჩაწერეს ახალ სიაში და ვინ ჩაანაცვლეს, სრულიად უმნიშვნელოა. ახლებიც ისევე ილაპარაკებენ და მოიქცევიან, როგორც ძველები...
რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ეს საზოგადოების ემოციებისთვის ანგარიშის გაწევა მგონია, ვიდრე შედეგისთვის გადადგმული ნაბიჯი.
ჩემი აზრით, რაც არ უნდა პოპულარული იყოს ტალახაძე ან პეტრიაშვილი, ეს არჩევნების შედეგზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
დავუბრუნდეთ საარჩევნო სიაში ივანიშვილის გამოჩენას.
ჩემი აზრით, ივანიშვილის ამ ნაბიჯის უკან სავსებით მკაფიო პირადი ინტერესია - მას სჭირდება ოფიციალური სტატუსი, რათა პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრისთვის პოლიტიკური პლაცდარმი ჩამოაყალიბოს.
მას პირველ რიგში სჭირდება მისი პოლიტიკური პრეტენზიებისთვის საზოგადოების მომზადება არა მარტო ქვეყანაში, არამედ მის გარეთაც. ეს გზავნილი, უპირველესად ამერიკული ელიტისთვისაა, რომ ის ემზადება ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მისაღებად.
როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა საკმარისი არ არის საპრეზიდენტო ამბიციებისთვის და ეს მარტივად ასახსნელი ვერ იქნება დასავლეთისთვის. ჩემი აზრით, მან ეს ნაბიჯი გადადგა სწორედ დასავლეთის გამო და არა შიდაპოლიტიკური ვითარების. ვფიქრობ, ის აქტიური საარჩევნო პოლიტიკის გატარებას სიაში ყოფნის გარეშეც მოახერხებდა. მოკლედ, ეს არის მისი ამბიციების საჯარო პრეზენტაცია, რომლის ადრესატიც უპირველესად, დასავლეთი, უფრო თუ დავაკონკრეტებთ, აშშ-ის პოლიტიკური ელიტაა.
- თუ ივანიშვილის ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკას გავიხსენებთ, წესით, მას დასავლეთის აზრი დიდად არ უნდა აინტერესებდეს...
- ივანიშვილის ეს განცხადებები ახალი არ არის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვესმის. შესაბამისად, უნდა გაანალიზდეს, რა არის ამის მიზეზი. ის, რასაც ვისმენთ ივანიშვილისგან, პოსტსაბჭოთა სივრცის ანტიამერიკელებისთვისაც კი უცნაურია. საჯაროდ ასე მწვავედ თვით ლუკაშენკო და პუტინიც კი არ აკრიტიკებენ დასავლეთს. ბოლო დროს ლუკაშენკო საერთოდ გაჩუმდა. რუსეთის ხელისუფლებაც ვეღარ არის ისეთი მწვავე კრიტიკოსი, როგორიც ადრე იყო, რაც, სავარაუდოდ, გამომდინარეობს რუსეთის შესაძლებლობების საჯაროდ დამცრობისგან, თითქოს შეეგუვნენ ძალთა იმ ბალანსს, რაც დღეს ჩამოყალიბდა მსოფლიოში და აღიარეს აშშ-ის როლი მთელ მსოფლიოში. რატომ არ აღიარებს ამერიკის როლს კავკასიის რეგიონში ივანიშვილი, აი, ეს არის საინტერესო.
ივანიშვილს ჰგონია, ამერიკელებს სურთ მისი ხელისუფლების დანგრევა, პირადად მისი ხელისუფლებისგან ჩამოშორება და მთელი ეს რიტორიკა გამოწვეულია ამ საფრთხის შეგრძნებით. ჩემი აზრით და რა ინფორმაციასაც ვფლობ, იმის გათვალისწინებით, ეს საფრთხეები მის წარმოდგენაში ძალიან გადაჭარბებულია.
- როგორ ფიქრობთ, ამგვარი კონფრონტაციული რიტორიკით რის მიღწევას ცდილობს?
- ივანიშვილს ცოტა გაუჭირდა იმ რეალობისგან თავის დაღწევა, რაც მისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მკაფიო იყო, ანუ სჯეროდა, არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებდა, რომელიც, მისი აზრით, დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთთან და საქართველოს პოზიციაც გაცილებით გამყარდებოდა. მას მიაჩნდა, რომ ტრამპი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ სტატუს-კვოს შენარჩუნებას დათანხმდებოდა და რეალობა, რაც ამის შემდეგ დალაგდებოდა, ივანიშვილისთვის კომფორტული იქნებოდა.
ბოლო პერიოდში სავსებით ნათლად გამოჩნდა, რომ ტრამპის პერსპექტივები გადაჭარბებული, მისი პრეზიდენტობის შანსი კი ძალიან მცირეა. ასე იყო კამალა ჰარისის გამოჩენამდეც, მაგრამ ამის დანახვა პოსტსაბჭოთა პოლიტელიტებს რატომღაც გაუჭირდათ.
აშკარაა, რომ ამ ახალ რეალობას ივანიშვილი ჯერ ვერ მოერგო. ნურავინ იფიქრებს, რომ ის ემოციურ კონტექსტში გამოთქვამს აშშ-ის მისამართით პრეტენზიებს. ამ დისკუსიის საჯარო ნაწილს, რომელსაც, დიდი ალბათობით, კულუარული საუბრებიც ახლავს, შესაძლოა ვუწოდოთ პოლიტიკური ვაჭრობის მცდელობაც. ბიძინა ივანიშვილის გზავნილები უნდა წავიკითხოთ ასე: აქ მე ვაკონტროლებ ყველაფერს, ასე იქნება არჩევნების შემდეგაც, ამიტომაც გიჯობთ ჩემთან იქონიოთ საქმე და დაალაგოთ რეალობა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მე არსად ვაპირებ წასვლასო. საარჩევნო სიაში დაბრუნება და საპრეზიდენტო სტატუსიც სწორედ ამერიკელებთან ურთიერთობაში პოზიციის მეტად გასამყარებლად სჭირდება.
- ეს პოლიტიკა რას მოუტანს სახელმწიფოს და რას ივანიშვილს? საქმე ის არის, რომ ჩვენ დასავლეთიდან ყოველდღიურად გვესმის უმკაცრესი კრიტიკა. 12 სექტემბერს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ჰონკონგში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არასამთავრობოებისადმი მტრულად განწყობილ კანონებთან ერთად, საქართველოს შესახებაც ისაუბრეს. "საქართველოში 4 მლნ-ზე ნაკლები კაცი ცხოვრობს... რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ? ბალტიის ქვეყნებს რომ შევადაროთ, იქაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მათ არაფერი სურთ რუსეთთან, არც ერთი ფორმით. აქეთ კი გვაქვს საქართველო, სადაც შეიჭრა რუსეთი, წაართვა ორი რეგიონი, რომლებიც ახლაც ოკუპირებული აქვს. რის გამო შეიძლება გყავდეთ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხი, რომელთაც კომუნისტური და სოციალური ცხოვრებისკენ უკან დაბრუნება სურთ?" - იკითხა მოსმენისას სენატორმა ჯიმ რიშმა.
- ცოტა შორიდან დავიწყებ პასუხს. რუსული პოლიტიკური ელიტის მმართველობა და დომინაციის სურვილი ისეთია, რომ პოლიტიკური ვაჭრობა საჯაროდ მათთან შეუძლებელია, მით უფრო შანტაჟი და მსგავსი ელემენტები. აშშ-ის პოლიტიკური ელიტებისთვის კი მსგავსი დისკუსიები, კრიტიკა, მკვახე შეფასებები და ა.შ. არ არის უცხო და მიუღებელი. კრიტიკა ისეთი უნდა, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან რომ იღებენ და იტანენ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ქვეყნები კვლავაც აშშ-ის დომინაციის სფეროა და მათმა პოლიტიკურმა ელიტებმა იციან ის საზღვრები, რაც კრიტიკისას არ უნდა გადაკვეთონ. საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილმა როგორ მონიშნა აშშ-ის გავლენის ხელშეუხებელი საზღვრები ამიერკავკასიასა და საქართველოში? აი, ეს არის გასარკვევი, ანუ რისი აღიარებისა და მიღებისთვის არის მზად პოლიტიკური ფუნქციის შენარჩუნების სანაცვლოდ?
არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ისეთი მიამიტი იყოს, ვერ ხვდებოდეს, რომ ეს ომი უკრაინაში ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომისა და მთელი ამ ტურბულენტური ეპოქის მიზანი სწორედ რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრციდან გაძევებაა. ამ სივრცის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველო, რომელიც წარმოადგენს დასავლეთისთვის ერთადერთ კორიდორს ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. შესაბამისად, საქართველოს ფასი აშშ-ის პოლიტიკური ელიტისთვის განუზომლად დიდია. ამ ტიპის დისკუსია, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, ამერიკელებს ამ პრეტენზიებზე ხელს ვერ ააღებინებს, რაც არა მგონია, ივანიშვილმა არ იცოდეს. შესაბამისად, მკაფიოდ უნდა შევაფასოთ ეს რეალობა, ანუ ივანიშვილი იმისთვის კი არ იბრძვის, რომ საქართველო აშშ-ის გავლენისგან გამოიყვანოს და რუსეთში წაიყვანოს, ის იბრძვის თავისი პოლიტიკური როლისთვის ამ ახალ რეალობაში. არა მგონია, ვერ აცნობიერებდეს, რომ თუ რუსეთი აშშ-მა მოარჯულა, თვითონაც რა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება. მან იცის, რომ დღეს რუსეთის მომხრეობა კატასტროფულად წამგებიანი პოლიტიკური პოზიციაა, მაგრამ საკუთარი მომავლისთვის იბრძვის.
- როგორც აღნიშნეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის არჩევნების შედეგები...
- ჩემი აზრით, ამ არჩევნების ბედი კარგა ხანია გადაწყვეტილია. მთელი ანგლოსაქსური პოლიტიკური ელიტები თანხმდებიან, რომ ტრამპი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს. თეთრ სახლში მოვა, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო მკაცრი ბაიდენი ანუ ჰარისი. აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის რესპუბლიკელებიც, მისგან მოითხოვენ რუსეთთან დაკავშირებით უფრო მეტ სიხისტეს და ასეც მოხდება - კამალა ჰარისის ადმინისტრაცია უფრო ხისტი იქნება, რესპუბლიკური პარტიის სადავეებიდან გაუშვებენ ტრამპისტებს, რომელთა ადგილსაც დაიკავებენ ე.წ. რეიგანისტები, ანუ პოლიტიკოსები, რომლებიც გაცილებით უარყოფითად არიან განწყობილი რუსეთისადმი. ეს პარტია, ვფიქრობ, უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი კონგრესში და უფრო სწრაფად გაგრძელდება ანტირუსული განწყობის გაძლიერება აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში - ეს არის დაგეგმილი პოლიტიკური მოცემულობა. ასეთ პირობებში საქართველოს პოლიტიკური კურსი, რომელსაც წარმოგვიდგენს ბიძინა ივანიშვილი, ანტირუსულ ამერიკულ რეალობებთან გაცილებით რთულად შესათვისებელი იქნება. ამიტომაც აუცილებლად მოუწევს გაითვალისწინოს აშშ-ში შექმნილი ვითარება.
- საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას? რას ფიქრობთ ოპოზიციური პარტიების აქტივობაზე და თუ შეიძლება უკვე პროგნოზის გაკეთება?
- მე სულ სკეპტიკურად ვუყურებდი ქართული ოპოზიციის საარჩევნო პრეტენზიებს. ჩემი აზრით, ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემის შექმნა რომ სურდეს, არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდოდნენ. რაკი ეს არ გაკეთდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გამარჯვება თითქოს არ სურთ.
ჩემი აზრით, ფრაგმენტებად დაყოფილი ოპოზიცია დაკარგავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ძალიან დიდ პროცენტს, რაც მმართველი პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს.
- თუმცა ვაღიაროთ, იმ ამომრჩევლისთვის, ვისთვისაც "ნაციონალური მოძრაობა" არანაკლებ მიუღებელია, ვიდრე "ქართული ოცნება", ერთიანი სია ვერ იქნებოდა მისაღები, შესაბამისად, რამდენიმე ოპოზიციური ცენტრი მნიშვნელოვანი სწორედ ამიტომაც არის...
- უკაცრავად, არ დავაკონკრეტე, ერთიან სიაში მე ვგულისხმობ მთელ ოპოზიციას, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა. "ნაციონალური მოძრაობის" თემას, როგორც საარჩევნო ბერკეტს, მე-12 წელიწადია მშვენივრად იყენებს ხელისუფლება. მეტიც, ასე მგონია, ივანიშვილის ეს ინტერესები აცოცხლებს კიდევაც "ნაცმოძრაობას", რათა მისი საშუალებით მოახდინოს მთელი ოპოზიციის დემონიზება.
საარჩევნო კულინარია სულ სხვა რამ არის და ობივატელის გადასახედიდან მისი, ასე ვთქვათ, შიდა არქიტექტურა არ არის მარტივად შესაცნობი. იქ ძალიან ბევრი შიდამექანიზმია, რომლის ბერკეტებსაც ჯერ კიდევ ფლობს ბიძინა ივანიშვილი, იმისდა მიუხედავად, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში მისდამი ნეგატიური განწყობა და პრეტენზიები მატულობს. წინასაარჩევნოდ ეს ემოცია შეიძლება მეტწილად გაიზარდოს კიდეც და ამან არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბოს შედეგი საზოგადოებისგან არმიღების თვალსაზრისით. ივანიშვილი საარჩევნო სიას სწორედ ამ კონტექსტში აყალიბებს, რომ არჩევნების შემდეგ ნეგატიური ემოცია არ იყოს მასშტაბური. ამიტომ სჭირდება მას პოპულარული ადამიანები სიებში და არა საარჩევნო შედეგის ჩამოსაყალიბებლად.
რაც შეეხება კამპანიას, მე მაქვს შეხება საარჩევნო პროცესთან და მას საკმაოდ ახლოდან ვაკვირდები. ძალიან საინტერესო მარკერი ავიღე ოპოზიციის აქტივობის შესაფასებლად - ეს არის სოფლებში არსებული ვითარება.
ჩემი დაკვირვებით, ოპოზიციის აქტიურობა სოფლად ძალიან დაბალია. მთელი ოპოზიციიდან ერთი შეხვედრაც კი არ გამართულა ადგილზე. არ ვიცი, რისი იმედი აქვთ, რატომ იქცევიან ასე, ჯობს ეს საზოგადოებამ განსაჯოს.
რაც შეეხება პროგნოზს, რთული სათქმელია. ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობაზე კი ლაპარაკობს, მაგრამ ეს წარმოუდგენელია და ჩემი აზრით, ივანიშვილს ეს არც სჭირდება. ეს უფრო სალაპარაკო თემაა და, ალბათ, ამერიკელებთან სავაჭროდაც იყენებს. მე როგორც ჩავწვდი ივანიშვილის ლოგიკას, მას არჩევნების შედეგები აღელვებს იმ კონტექსტით, თუ რა ოდენობის უმრავლესობის შემთხვევაში მიიღებს ლეგიტიმაციას დასავლეთისგან. მას ჯერ დიდად არ აღელვებს ოპოზიციის აქტიურობა, უფრო ოპოზიციური ელექტორატის არჩევნების შემდგომი რეაქცია აფიქრებს. მის წარმოდგენაში რეაქცია იქნება საშიში, თუ ქუჩაში დიდი რაოდენობის ხალხი გამოვა. ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ ქუჩაში გასულებს აშშ-მა არ დაუჭიროს მხარი. აქციებმა თუ კრიტიკულ რაოდენობას გადააჭარბა, მაშინ შეიძლება ამერიკისგან ლეგიტიმაცია ვერ მიიღონ, არადა, დღეს ეს არის მსოფლიოში მთავარი - ამერიკა თუ ლეგიტიმაციას არ გაძლევს, შენ პოლიტიკურ მოცემულობად ვერ იქცევი. თუ აშშ-მა არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნო, შესაბამისად, ის არც ჩატარებულა და ეს ხელახალ არჩევნებს ნიშნავს პოლიტიკური ტურბულენტობის ფაზის გავლის შემდეგ. ეს ნიშნავს ერთბაშად ბევრ პრობლემას, რომელთა მოგვარებისთვის საკუთრივ ბიძინას ბერკეტებიც, როლიც და ფუნქციაც შესაძლოა საკმარისი არც აღმოჩნდეს.