რუსულ მიწაზე ამერიკული რაკეტის აფეთქება ნატოსთან ომის ტოლფასი იქნება - პუტინი დასავლეთის დამაშინებელ მორიგ „წითელ ხაზს“ ავლებს...
"ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებში. ეს მყისიერად გამოიღებს ნაყოფს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს", - უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამ სახის მიმართვებს ყოველკვირეულად უგზავნის თეთრ სახლს.
"წითელ ხაზებთან" დაკავშირებული აბსურდის თეატრი კი დასავლეთის შესრულებით კვლავ გრძელდება - დასავლეთს, უპირველესად კი აშშ-ის ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ მიწოდებული 300 კმ-ზე მფრენი ბალისტიკური რაკეტებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების მიზანში ამოღებაზე კიევს ნებართვა მისცეს. ამერიკელების შემყურე კი ვერც ბრიტანელები და ვერც ფრანგები ვერ ბედავენ უკრაინელებისთვის ფრთოსანი რაკეტების რუსეთისკენ გაშვების ნებართვის გაცემას.
ამის მთავარი მიზეზი კი იმის შიშია, თუ რას მოიმოქმედებს საპასუხოდ რუსეთი, როდესაც ვორონეჟის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებულ, რუსული ბომბდამშენების დამწვარ ნაწილებში ამერიკული ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტებს ამოიცნობს.
აქამდე დასავლეთს საპასუხო ქმედებებით რუსეთის სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები თუ პროპაგანდისტები აშინებდნენ, თუმცა გასულ კვირას უკვე თავად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გაავლო მორიგი "წითელი ხაზი" - რუსულ მიწაზე ამერიკული რაკეტის აფეთქება ნატოსთნ ომის ტოლფასი იქნებაო, დაიმუქრა კრემლის "უხუცესი" ბინადარი.
მორიგი რუსული "წითელი ხაზის" გავლებაში თვით პუტინი იმიტომ ჩაერია, რომ სწორედ გასული კვირის მიწურულს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრისას წყდებოდა ეს მნიშვნელოვანი საკითხი.
ამერიკელი ჩინოვნიკები ბოლო კვირაში ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ნაკლები საბრძოლო ეფექტი ექნება 300 კმ-ზე მფრენი დასავლური ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებას, რადგან რუსებმა თავიანთი ბომბდამშენები ამ სახიფათო ზონას უკვე განარიდეს, მაგრამ მთლად ასეც არ არის, - 300 კმ-იან ზონაში ჯერაც არის მნიშვნელოვანი სტაციონარული რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტები, რომელთა გადატანა, უბრალოდ, შეუძლებელია.
სადამდე შეიძლება მისწვდნენ და რა საბრძოლო დანაკარგი შეიძლება მიაყენონ უკრაინელებმა აგრესორ რუსეთს, თუკი დასავლეთი, ბოლოს და ბოლოს, მოუხსნის შეზღუდვებს კიევს 300 კმ-მდე მფრენი დასავლური ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებაზე?
აქ წარმოდგენილ რუკაზე გამოსახულია უკრაინის საზღვრების სიახლოვეს განთავსებული ის ძირითადი რუსული სამხედრო აეროდრომები, საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები რაკეტებსა და პლანირებად საავიაციო ბომბებს უშვებენ უკრაინის ქალაქებისა და უკრაინის არმიის პოზიციების დასაბომბად.
ცალკე გამოსახულია ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული 11 სამხედრო აეროდრომი, რომელთა ნაწილიდან აფრენილი რუსული მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი შვეულმფრენები ომის პირველ ეტაპზე უტევდნენ უკრაინას.
ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზეც ფუნქციონირებს არანაკლებ ხუთი აეროდრომი, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ოპერატიული მიზნებისთვის იყენებენ, თუმცა ისინი ხშირად ხვდებიან უკრაინული კამიკაძე-დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების სამიზნე.
უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრის მეტ-ნაკლებ სიახლოვეს, რუსეთის ტერიტორიაზე, ფუნქციონირებს 24 სამხედრო აეროდრომი, რომლებიდანაც საზღვრიდან 300 კმ-იან ზონაში ხვდება არანაკლებ 18 მათგანი, რაც თეორიულად იძლევა იმის საშუალებას, რომ უკრაინელები მისწვდნენ მათ ამერიკული 300 კმ-ზე მფრენი AთAჩMშ-ის აერობალისტიკური რაკეტებით, თუკი ვაშინგტონიდან ამის ნებას, ბოლოს და ბოლოს, მიიღებენ.
პრაქტიკულად კი, ნებართვის მიღების შემთხვევაშიც, ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით მხოლოდ ათიოდე რუსულ სამხედრო აეროდრომამდე მიღწევა თუ იქნება შესაძლებელი, რადგან ამ რაკეტების გამშვები "ჰაიმარსების" მობილური სარაკეტო დანადგარების მიყენება ზედ ჩრდილოეთ საზღვარზე, რომლის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზია ხარკოვი-ვოვჩანსკის მიმართულებაზე, დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული და არასასურველია.
შესაბამისად, "ჰაიმარსების" საცეცხლე პოზიციები შეიძლება განთავსდეს საზღვრიდან, ფრონტის ხაზიდან 50-70 კმ-ის სიღრმეში, რაც რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალებას მხოლოდ 250-200 კმ-ზე თუ დატოვებს.
ამ მხრივ კურსკის საომარი მოქმედების თეატრი შეიძლება უკრაინის ფრონტზე უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე შეყვანილი "ჰაიმარსებიდან" გაშვებული 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით უკრაინელები რუსეთის სიღრმეში ბევრად მეტ სამხედრო აეროდრომსა და სხვა სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების მნიშვნელოვან ობიექტებსაც მისწვდებიან.
ეს უპირობო გამარჯვებას უკრაინას, რა თქმა უნდა, არ მოუტანს, მაგრამ შესაძლებელი გახდება იმ რამდენიმე სამხედრო აეროდრომის "გამოთიშვა", საიდანაც აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები უშვებენ პლანირებად და მართვად საავიაციო ბომბებს, რომელთა მასობრივმა გამოყენებამ რუსეთის გენერალიტეტს საშუალება მისცა აღმოსავლეთ ფრონტზე წინ წაწევაში.
ამასთან, თუკი ამერიკული და ბრიტანული/ფრანგული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფრონტის ხაზიდან არანაკლებ 250 კმ-ის სიღრმეში "გაგზავნის" უფლება მიეცემათ უკრაინელ სამხედროებს, შესაძლებელი გახდება "ნადირობის" დაწყება იმ რუსულ სარაკეტო დანადგარებზე (პირველ რიგში კი - "ისკანდერებზე", ასევე, ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებსაც მალე, ალბათ, ირანულებიც დაემატება), რომლებიდანაც სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრა ურთულესია და ამიტომაც ძალზე ზარალდება უკრაინული ქალაქების მოსახლეობა.
17-მა ამერიკელმა ყოფილმა ელჩმა და თადარიგის გენერალმა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ღია წერილი გაუგზავნა - დასავლურ შეიარაღებაზე შეზღუდვების მოხსნა არ გამოიწვევს ესკალაციას მოსკოვთან, რადგან უკრაინა უკვე იყენებს დასავლურ იარაღს ანექსირებულ ყირიმში და ახლა კურსკშიც, მაგრამ ამის გამო კრემლს განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონიაო, ახსენებენ და რჩევას აძლევენ თეთრ სახლს.
P.შ. 13 სექტემბრის საღამოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ უკრაინასა და მსოფლიოს დიდ ნაწილშიც სულგანაბული ელოდნენ მთავარ კითხვაზე პასუხს - აშშ და დიდი ბრიტანეთი დართავდნენ თუ არა ნებას უკრაინას დასავლური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოსაყენებლად? პასუხი არ იქნა გაცემული, რადგან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეში ერთი სიტყვაც არ თქმულა სარაკეტო შეზღუდვების მოხსნაზე - ე.ი. პუტინის რუსულ მიწაზე ამერიკული რაკეტის აფეთქება ნატოსთან ომის ტოლფასი იქნებაო, მუქარამ მართლაც იმოქმედა ბაიდენზე?!
ჩვენი დოსიე:
ამჟამად უკრაინის არმიის განკარგულებაშია 300 კმ-მდე ფრენის მანძილის მქონე MGM-140 ATACMS-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტები (რომელთა გასაშვებად გამოიყენება "ჰაიმარსის" მობილური სარაკეტო დანადგარები) და ბრიტანულ/ფრანგული Storm Shadow/SCALP-EG ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც სტარტს იღებენ უკრაინული Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენებიდან - ამ ფრთოსანი რაკეტის საექსპორტო ვარიანტი 250-280 კმ-ზე მიფრინავს, მაშინ როდესაც თავად ბრიტანული და ფრანგული არმიებისთვის განკუთვნილი რაკეტა 560 კმ-ზე მეტს ფარავს.