რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?! - კვირის პალიტრა

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?!

გასულ კვირას მოსკოვზე ამ დრომდე უკრაინელთა ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა - საუბარია დრონებით თავდასხმაზე, რომლის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ქალი, განადგურდა ათობით სახლი, მოსკოვის გარშემო მდებარე აეროპორტებიდან კი ათობით ფრენა გაუქმდა. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჩაიდინა, ცინიკურია კრემლის სპიკერ პესკოვის განცხადება, რომ "არ არსებობს იმის შესაძლებლობა, ღამის დარტყმები საცხოვრებელ უბნებზე დაკავშირებული იყოს სამხედრო ოპერაციებთან" და ეს "უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნამდვილი ბუნების შესახებ კიდევ ერთი შეხსენება" იყო.

ეს არის ერთ-ერთი ბოლო ფაქტი, როდესაც უკრაინა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე აღწევს წარმატებას და სამხედრო სპეციალისტები უკვე ამბობენ, რომ ეს უკრაინის სწორი ტაქტიკაა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოდან კიევი ამ ტაქტიკას აქტიურად იყენებს. იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში წინ მიიწევდა, კიევმა ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა კურსკზე თავდასხმითა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დრონებით უფრო ფართომასშტაბიანი შეტევებით.

უკრაინის პრეზიდენტმა 6 სექტემბერს გერმანიაში გამართული შეხვედრის დროს სამხედრო მოკავშირეებს განუცხადა, რომ უკრაინას სჭირდება გრძელვადიანი შესაძლებლობა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის, "რათა რუსეთი იყოს მოტივირებული მშვიდობის ძიებისთვის". მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯგუფს, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, აშშ-ის ხელმძღვანელობით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციაა და კოორდინაციას უწევს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

dronebi-1-1726423174.jpg

შეხვედრაზე ითქვა, რომ უკრაინის "ეს მოთხოვნა ძალიან გონივრულია", თუმცა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ, როდის, როდის დაესმება ომს წერტილი, ამის პროგნოზირება რთულია.

რა დასკვნებისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა დღეს რუსეთ-უკრაინის ფრონტის ამბები, რა შანსია იმისა, რომ ომი მოლაპარაკებაში გადაიზარდოს, და რა არის ამისთვის საჭირო, ამ საკითხებზე "ჯეოქეისის" მკვლევარს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ:

- ძნელია კონკრეტულად იმის თქმა, რა მოხდება ფრონტის ხაზზე. ფაქტია, რუსეთმა შეამცირა ზეწოლა აღმოსავლეთ ფრონტზე, პოკროვსკის მიმართულებაზე, მაგრამ კურსკის მიმართულებაზე გაზარდა. როგორც ამბობენ, სურთ პუტინის დაბადების დღისთვის გაათავისუფლონ და ა.შ., ბევრი მითქმა-მოთქმაა. ფაქტია, რუსების ამოცანაა ალყაში მოქცევის საფრთხეში მყოფი რუსული დაჯგუფების გადარჩენა. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. როდემდე და სადამდე შეუშვებენ უკრაინელებს რუსეთში? ახლა უფრო გააქტიურებულია შეტევა-კონტრშეტევა და რომ გითხრათ, ძალიან დიდი წარმატება აქვს ან ერთს, ან მეორეს-მეთქი, ტყუილი იქნება. არა, დიდი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ არის. ძალიან ძნელია, თქმა, რა ვითარებაა. თუმცა, ღია წყაროებით გადმოცემული ინფორმაციით, რუსებმა დაიწყეს კონტრშეტევა და უკრაინელებმაც კონტრშეტევითვე უპასუხეს. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაზე აქტიური მონაკვეთი მაინც კურსკის დასავლეთია და რა თქმა უნდა, კურსკის მიმართულებაა ყურადღების ცენტრში. თუმცა შეტევის ვექტორი გადაადგილებულია უფრო სამხრეთისკენ.

1-2-sta6351-1726423174.jpg

- დასავლეთს ეს არ უჩენს მოტივაციას, რომ უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას? ან თუნდაც გარღვევაზე იფიქროს?

- უკრაინელების აქტიურობა კურსკში და იმის ჩვენება, რომ შესწევთ ამის ძალა, ჩემი აზრით, დასავლეთისთვის ძალიან კარგი მოტივაცია იყო. ყველამ იცის, რომ კურსკს უკრაინა ვერ შეინარჩუნებს, ეს რაღაც ბუფერული ზონაა და არ არის გამორიცხული, უკრაინამ ნელ-ნელა დატოვოს კიდეც. ვგულისხმობ ნაბიჯ-ნაბიჯ, ბრძოლით დატოვებას და შესაბამისად, შეამციროს დაწოლა ცენტრალურ მიმართულებაზე. ჩვენ ყველაფერზე ვრეაგირებთ, - აი, უკრაინამ ერთი სოფელი აიღო, რუსეთმა ერთი დასახლება დაკარგა, მერე უკრაინამ ისევ დათმო ერთი სოფელი და ა.შ., მაგრამ ფართო სურათს რომ შევხედოთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები კურსკის ეპოპეის შემდეგ არ ყოფილა. ასე რომ, რუსებსაც არ ულხინთ, ვინაიდან იმ მდინარე,ზე რომელზეც ხიდები დანგრეულია, რუსები მუდმივად საკონტროლო გადასასვლელებს აკეთებენ, რადგან მათ გამუდმებით ურტყამენ უკრაინელები. ამიტომაც კონტრშეტევის მოგერიება რუსებისთვის ადვილი არ არის. ამიტომ, ამ ერთ თვეში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება. შემდეგ დაიწყება წვიმები და აქტიურობა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად დაიკლებს. ეს ერთი თვე, მაქსიმუმ, თვე-ნახევარი, ორივე მხარე შეეცდება გაიუმჯობესოს პოზიციები და მოემზადოს ზამთრის კამპანიისთვის.

რუსეთისთვის აუცილებელია პაუზა, ვინაიდან მისი შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შეფერხებულია. კურსკის ამბები სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც კულმინაციას აღწევდა და ცხადია, დრო სჭირდება გადაჯგუფებისთვის, ძალის მოსაკრებად. უკრაინასაც სჭირდება სულის მოთქმა. სექტემბერი უკვე ის პერიოდია, რომ მაისში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები სამ-ოთხთვიანი მომზადებით მზად არიან ჩაანაცვლონ გადაღლილი ძალები ფრონტის ხაზზე. უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდოდა, დრო მოეგო და ჩანაცვლება ზამთრის პერიოდისთვის შესძლებოდა. რა თქმა უნდა, ჩანაცვლება ერთბაშად არ მოხერხდება, ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთდება, ვინაიდან ახალგაწვეულებმა ფრონტის ხაზზეც უნდა შეძლონ ადაპტირება. ასე რომ, ორივე მხარე ამ პერიოდს გამოიყენებს გაზაფხულის კამპანიისთვის, მაგრამ მე მგონია, შესაძლოა ზამთარშივე დაიწყოს მოლაპარაკება.

- რის საფუძველზე ფიქრობთ ამას?

- მიუხედავად ორივე მხარის განცხადებებისა, ზამთრამდე დასრულდება აშშ-ში არჩევნები და ახალი მოთამაშეები შეეცდებიან გარკვეულწილად თავიანთი სიტყვის თქმას. შეეცდებიან ცეცხლი მაინც შეწყდეს. რა თქმა უნდა, ეს უფრო დიპლომატიურ-პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ასეთი შეგრძნება მიჩნდება.

- დღეს უკრაინა არის იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარი პოზიციები დაიცვას, ცხადია, დასავლეთის მხარდაჭერით, თავის მხრივ, რუსეთი თუ არის იმ მდგომარეობაში, რომ დათმობაზე წავიდეს?

- უკრაინას რაც უნდა, ეს ამ მომენტისთვის შეუძლებელია - ვგულისხმობ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრულად გასვლას და 2014 წლის მდგომარეობის დაბრუნებას. ეს ცოტა ზედმეტი მოლოდინის გამჩენი მოსაზრებაა და ვფიქრობ, პოლიტიკოსებსაც ესმით, რომ ეს ვაჭრობის თემა იქნება.

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ უპირველეს ყოვლისა შეწყდება ცეცხლი, დაფიქსირდება არსებული ტერიტორიები და უკრაინამ კურსკის დათმობით შეიძლება ზაპოროჟიე ან ხერსონი დაიბრუნოს.

მიუხედავად კრემლის განცხადებებისა და იმისა, რომ პუტინის ეგო ძალიან შეილახა კურსკის ამ ოპერაციით, ვფიქრობ, რუსებსაც სჭირდებათ შესვენება. ვინ უფრო კარგად მოითქვამს სულს, ეს დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე.

- რუსეთის ნდობა შეიძლება? არ არის იმის საშიშროება, რომ დათანხმდეს თუნდაც რაღაც პირობებს, გაძლიერდეს და ისევ თავიდან დაიწყოს ყველაფერი? ამის პრევენცია რამდენად არის შესაძლებელი?

- რა თქმა უნდა, რუსეთი ამის იმედზეა, სწორედ ეს უნდა. ამიტომ მთავარი დასავლეთის პოზიციაა, რამდენად აქტიურად დაეხმარება უკრაინას, რათა ის რუსეთზე მეტად გაძლიერდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე ასეთ დაპირისპირება-შეიარაღება-გადაიარაღებაში დასავლეთმა საბჭოთა კავშირს "ცივი ომი" მოუგო, საბჭოთა კავშირი კი ახლანდელ რუსეთზე გაცილებით ძლიერი იყო, საბჭოთა ბლოკი იყო და არა მხოლოდ რუსეთი, ნაურუ და ჩრდილოეთი კორეა. ასე რომ, დასავლეთმა თუ მოინდომა, ახლაც მოუგებს. თუ მოინდომებს, რამდენად მოინდომებს და რა ხარისხით - ეს არის მნიშვნელოვანი.

- ამ მონდომებაში შეიძლება მოიაზრებოდეს უკრაინის ნატოში გაწევრება თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა თავიდან არ დაიწყოს ომი?

- ამ მომენტში არა მგონია, რადგან ეს უკვე მესამე მსოფლიო ომის წინა პირობა იქნება.

- ვგულისხმობ მოცემულობას, როდესაც შეიძლება მოხერხდეს რუსეთ-უკრაინის დაზავება, გამყოფ ხაზებზე შეთანხმება, უკრაინის გაწევრება იმ ტერიტორიით, რასაც იმ დროისთვის გააკონტროლებს,. ეს არ იქნება გამოსავალი?

- ბევრი სცენარის განხილვა შეიძლება. ახლა ჩვენ გვირილაზე მკითხაობა მოგვიწევს. ფაქტი ის არის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ორივე მხარე შეეცდება მოემზადოს თავისი ინტერესების დაცვისთვის. რუსეთი მოინდომებს, მინიმუმ, დონბასზე გასვლას, ხოლო უკრაინა, მინიმუმ, აზოვის ზღვაზე. ცხადია, ვგულისხმობ იმ სცენარს, თუკი შეწყდება ცეცხლი, მაგრამ ჯერ ესეც არ არის გარანტირებული. ამიტომ, თუკი ცეცხლი შეწყდა, ეს ორივეს ოპერატიული ამოცანა თუ არა, ოპერატიულ-სტრატეგიული მაინც იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. სტრატეგიული მოთმინება. აზერბაიჯანი თავის მომენტს 30 წელი ელოდებოდა. თუ ეს პერიოდი გამოიყენა უკრაინამ, რომ რუსეთზე მეტად გაძლიერდეს, რუსეთში რა პროცესები შეიძლება წავიდეს, პუტინი ჰაერში გამოკიდებული ხომ არ არის, რა ცვლილებები იქნება, ამას რა მოჰყვება და ა.შ., ყოველივე ამაზე იქნება დამოკიდებული. ძალიან ბევრი ფაქტორია, მსოფლიო დღეს არაპროგნოზირებადია. აქედან გამომდინარე, რუსეთიც გულზე ხელებდაკრეფილი ხომ არ იქნება? ისიც შეეცდება მოკავშირეების მოძებნას, თვით ევროკავშირშიც. გააჩნია, ვინ ვის აჯობებს მშვიდობიანი პერიოდის ომში.

რუსა მაჩაიძე