„ეს ყველაზე მდორე და ყველაზე უღიმღამო საარჩევნო კამპანიაა“
"მიუხედავად იმისა, ეს არჩევნები მნიშვნელობით აღემატება ყველა წინა არჩევნებს, ყველაზე მდორე და უღიმღამო საარჩევნო კამპანიაა", - ასე აფასებს ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიას პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.რატომ ვერ გაუთვლია ოპოზიციას ნაბიჯები, რა დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა ოპოზიციის საარჩევნო კამპანია და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, გია ხუხაშვილსა და რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.
„ფეხების ბაკუნის ნაცვლად, ამომრჩეველთან დიალოგია საჭირო"
გია ხუხაშვილი: - ახლა ის პერიოდია, როდესაც სერიოზული პოლიტიკური დინამიკაა საჭირო, მაგრამ ოპოზიცია ვერაფერს ახერხებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასე ჩანს. პროპაგანდა ინტენსიურად მუშაობს, მას დიდი რესურსი აქვს და მისი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებზე ერთგვარი ალტერნატიული რეფერენდუმის ჩატარება, რომ საზოგადოება ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის პირისპირ დააყენოს, ხალხში შიში და შფოთვა დათესონ, თვითონ პოზიციონირებენ როგორც მშვიდობის გარანტები და ოპონენტებს ომის პარტიად აცხადებენ. ოპოზიცია კი ვერ ახერხებს ამ ე.წ. კომპრომატის ჩამორეცხვას. სინამდვილეში ოპოზიციის დღის წესრიგი ახლა უნდა იყოს რეალური საფრთხის თავიდან აცილება. დღეს სარეფერენდუმო კითხვაა, თუ სად მიდის ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში, მიდის ევროკავშირისკენ თუ ბრუნდება რუსეთის იმპერიაში.
მხოლოდ კონტრპროპაგანდით, ტელევიზიებში სხდომით ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს. ფეხების ბაკუნისა და აკადემიური ტექსტების ნაცვლად საჭიროა ამომრჩეველთან დიალოგის აწყობა, პირდაპირი კომუნიკაცია. ხალხს უჭირს გარკვევა, როდესაც ერთგან ერთს ლაპარაკობენ და მეორეგან - მეორეს, მას კითხვები უჩნდება. ოპოზიციაში ამ კითხვაზე პასუხის გამცემი კი, სამწუხაროდ, თვალით არ უნახავთ. მე რასაც ვაკვირდები, ოპოზიციის ხალხთან კომუნიკაცია ჯერ შემოიფარგლება რეგიონებში ფორმალურად ჩასულ ხუთ კინკილა კაცთან ხალხის შეხვედრით, სელფების გადაღებით და მერე ფეისბუკზე ატვირთვით, რეალურ დინამიკას ვერ ქმნიან. სამაგიეროდ, ხელისუფლება მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით ყველა სოფელში, დაბასა თუ ქალაქში ინტენსიურად მუშაობს, ხალხს ხვდება. თბილისისა და მეგაპოლისებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით სოფლებში გამგებლები ავტორიტეტები არიან. სოფლებში სხვა სიტუაციაა და საჭიროა ოპოზიციონერები ჩავიდნენ და ხალხს დაელაპარაკონ. ეს არ კეთდება, რაც ძალიან სერიოზული ხარვეზია. გარდა ამისა,
ამ ევროპული დღის წესრიგით საჭიროა ხალხმრავალი აქციების ჩატარება. ბიძინა ივანიშვილი მართლა სულელი ხომ არ არის, მიტინგებს რომ მართავს. ეს სურათი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამომრჩეველი საბოლოოდ არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ გემოვნებით, ვინ მოსწონს და ვინ არა, არამედ იმის მიხედვით, თუ ვის რა შეუძლია. ხალხი ოპოზიციაში ძალას უნდა ხედავდეს. აი, ეს დინამიკა, ძალის დემონსტრირება, გამარჯვების სულისკვეთება არ ჩანს.
თითქოს კამპანია არც მიმდინარეობს, ან მიმდინარეობს ძალიან მდორედ და უხარისხოდ.
- რატომ, რა ახსნა გაქვთ?
- არ ვიცი, ეს რანაირად უნდა ავხსნა. უხარისხო პოლიტიკაა, სხვაგვარად ვერ ავხსნი. პოლიტიკოსს, რომელსაც ჰგონია, კვირაში ერთხელ მაინც ტელევიზორში თუ გამოჩნდება და სიბრძნეებს გადმოაფრქვევს, ეს არის საარჩევნო კამპანია, ძალიან ცდება. ხალხს მონოლოგით რაღაცების ფრქვევა, თან სტანდარტული, ერთი და იმავე არგუმენტებით არ აინტერესებს. ხალხს კითხვები აქვს და ამ პასუხის გამცემი არავინ ჰყავთ ოპოზიციაში, ან თუ ჰყავთ ძალიან სუსტად არიან წარმოდგენილი. შეიძლება სიზარმაცის ბრალია.
2012 წელს ჩვენ ივანიშვილს სოფელ-სოფელ დავატარებდით, მიტინგებს, მანიფესტაციებს ვმართავდით და ამან შედეგიც მოიტანა. ეს პოლიტიკის აუცილებელი ელემენტია. ისე მოვიდა არჩევნები, ოპოზიცია მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ვინ ვისთან და როგორ დაჯდება და ა.შ.
საბოლოოდ კი პოლიტიკური ელიტა კი არა, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებზე, არადა, მასთან ნორმალური საარჩევნო კომუნიკაცია არ არის.
- თავის თავზე ყველა ამბობს, მე გავიმარჯვებო. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამაში მართლა არიან დარწმუნებული და ამიტომ არ თვლიან საჭიროდ ამ ყველაფრის გაკეთებას?
- არა, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის ამბიციები აბსოლუტურ შეუსაბამობაშია მათ რეალურ შესაძლებლობებთან. ისინი რომ ამბობენ, გასაგებია, აბა, რას იტყვიან, წავაგებთო?
- განწყობების შესაქმნელად ამის თქმა გასაგებია, მაგრამ როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ფაქტობრივად ფორმალურად ატარებენ, იქნებ ამაზე აქვთ გათვლილი, რომ მართლა ჰგონიათ, მოვიგებთო?
- გარკვეული საფუძველი აქვს იმას, რომ ხელისუფლებას საქმე ცუდად აქვს.
ხელისუფლების ლეგიტიმაცია დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მათი ნედლი რეიტინგი დაახლოებით 25%-ის ფარგლებში ტრიალებს, მაგრამ ხელისუფლებას საქმე ცუდად რომ აქვს, ეს ავტომატურად ოპოზიციის გამარჯვებას არ ნიშნავს.
ოპოზიციას შეიძლება ჰგონია, რადგან ხელისუფლება აგებს, მე ვიგებო, მაგრამ რეალობაში ასე არ ხდება. ამომრჩეველი ასე კი არ ფიქრობს, რადგან ეს ცუდია, მეორე მხარე ავტომატურად კარგიაო. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ვიცი ეს ცუდია და ისიც ცუდიაო, არც ერთი არ მოსწონს. აი, ეს საქმეა გასაკეთებელი, რომ გაერკვნენ, ეს ცუდია და ის კარგი. პოტენციურად გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხომ ყველა ლოგიკით ოპოზიციური ამომრჩეველია? მაგრამ ამ აქტივს კაპიტალიზაცია სჭირდება. ამომრჩეველს ხონჩით ოფისში არავინ მიაწვდის და ბიძინა ივანიშვილის გათვლა სწორედ ამაზეა. ის მოქმედებს ამ ლოგიკით - მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ისინი საერთოდ არავინ არ არიან. შესაბამისად, ვიღაცას ვიყიდი, ვიღაცა სახლში დარჩება და საბოლოოდ შედეგს მივიღებო.
- საარჩევნოდ რეგისტრირებულ პარტიებში არის რამდენიმე ისეთი პარტია, რომელთა ლიდერები სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებაში არიან. გასაგებია, რომ რეგისტრაციიდან მოხსნისთვის ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ დღეს, როდესაც თან ერთიანობაზე აქვთ პრეტენზია და თან დაფინანსებისთვის იბრძვიან, ეს არ აჩენს განცდას, რომ არც გამარჯვების იმედი აქვთ და თავიანთ ჯგუფში ერთიანობაზეც კი ლაპარაკი ტყუილია?
- სამწუხაროდ, კი. რეალურად იციან თავიანთი შესაძლებლობები, იზომება ყველაფერი. ოპოზიცია, კი ბატონო, ჯამურად რაღაცას წარმოადგენს, მაგრამ ყველა, ფაქტობრივად, ბარიერის ზღვარზეა და დამშვიდების იმედს ეს არ იძლევა.
ელემენტარული არითმეტიკით, ხელისუფლება კი აგებს, მაგრამ ვინ იგებს, გაურკვეველია.
ბოლო ერთი თვე მაინც რაღაც დინამიკა უნდა აკრიფონ.
რა გახდა ევროპის სახელით თუნდაც თბილისში ერთი კარგი მარშის ჩატარება? ხომ იყო ხალხმრავალი აქცია, სად გაქრა?! ეს თემები აღარ არის აქტუალური. რომელიმე პრობლემა გადაწყდა, რასაც აპროტესტებდნენ? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, უფრო გაუარესდა მდგომარეობა. ეს კი, რა თქმა უნდა, ამომრჩეველში სკეპტიციზმს, ნიჰილიზმს ბადებს. აქტიური კამპანია, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელობით აღემატება ყველა წინა არჩევნებს, ყველაზე მდორე და ყველაზე უღიმღამო საარჩევნო კამპანიაა.
- ამიტომ ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არა, არჩევნების მერე რევოლუციისთვის ემზადება.
- რა რევოლუციისთვის უნდა მოემზადონ, თუ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვერ ატარებენ? თუ წინასწარ არ მუშაობენ არჩევნებისთვის, არ ცდილობენ მომხრეების მომრავლებას, არჩევნების მერე რაღა უნდა ქნან? ხელისუფლება ამ მესიჯებს იმიტომ უშვებს, რომ ამომრჩეველი როგორმე დააფრთხოს, შეაშინოს და ამით, ასე ვთქვათ, ოპოზიცია დააზიანოს, ამომრჩევლის პოზიციისგან დისტანცირება მოახდინოს. ამისთვის ლაპარაკობენ, თორემ ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ ოპოზიციას ახლა არანაირი რესურსი ასეთი მოქმედებებისთვის არა აქვს.
- სალომე ზურაბიშვილის ქარტია, რატომ დაივიწყეს, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ და ეს ახდენს ამომრჩევლებზე გავლენას, თუ მოსახლეობასაც აღარ ახსოვს?
- ეგ კითხვები მეც მაქვს. ქარტია იყო ამ არჩევნების რეფერენდუმად გადაქცევის ფუნდამენტი, მთელი პროცესი მის ირგვლივ უნდა დატრიალებულიყო, მაგრამ რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციონერები რატომღაც ემიჯნებიან. სიმბოლურად კი მოაწერეს ხელი, მაგრამ რეალიზება არ ხდება. პრეზიდენტი ძალიან სწორ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მისგანაც ვერ ვხედავ რაღაც ნაბიჯებს, რომ სიტუაცია გამოაცოცხლოს.
- პრეზიდენტის ნაბიჯებში რას გულისხმობთ? "ნაცმოძრაობიდან" პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა განცხადება, ჩაერთოს აქტიურ საარჩევნო კამპანიაშიო. ეთანხმებით მას თუ სხვა ნაბიჯებს გულისხმობთ?
- როგორ ჩაერთოს, სად ჩაერთოს, თვითონ არ ატარებენ კამპანიას და პეტრესთან მივიდეს? ის რომ ჩაერთოს, პარტიებმა მზადყოფნა ხომ უნდა გამოთქვან? მივიდნენ, დაელაპარაკონ. რა, დალაპარაკებაზე უარი უთხრა? გასაგებია, რომ ნაბიჯები პრეზიდენტმაც უნდა გადადგას, მაგრამ ბურთი ძირითადად მაინც ოპოზიციის მხარეს არის და ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული. არჩევნების ბენეფიციარები ხომ პარტიები არიან და არა პრეზიდენტი? ამათ სჭირდებათ პრეზიდენტი, პრეზიდენტს კი არ სჭირდება ეგენი. ამიტომ თვითონ უნდა მიდიოდნენ პრეზიდენტთან, მაგრამ ეს არ უნდათ. სურთ ყველაფერი სხვის ხარჯზე მიიღონ და თვითონ არაფერი გასცენ, თან სხვას უსაყვედურონ იმის გამო, რომ ეგენი ხელისუფლებაში ვერ მოიყვანეს. საზოგადოებას საყვედურობენ, პრეზიდენტს საყვედურობენ, მე ხელისუფლებაში მინდა მოსვლა და გაინძერითო. ეს განცხადებები იმას ნიშნავს, მე ხელისუფლებაში რომ მოვიდე, კეთილინებე და შენ გაინძერიო. აი, ამ ენაზე გველაპარაკებიან და ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ, აქტიური საარჩევნო კამპანია რატომ არა აქვთ.
რუსა მაჩაიძე