„არ გამოვრიცხავ, მართლა არ ჰქონდეს ოპოზიციას გამარჯვების მიზანი“
"ოპოზიციას გირებივით ქვემოთ ექაჩება "ნაცმოძრაობის" 9 წელიწადი"
რამაზ საყვარელიძე: - ირაკლი მელაშვილის ინტერვიუ წავიკითხე თქვენს გაზეთში. ირაკლის მაინც ვერ დააბრალებ ტენდენციურობას ხელისუფლების სასარგებლოდ და ის ამბობდა, რას შვრება ეს ოპოზიცია, მგონი, საერთოდ არ უნდათ მოგება, მგონი, გამარჯვების მიზანი არა აქვთ, თორემ სრულიად გაუმართლებელია ის, რაც ხდებაო. არ გამოვრიცხავ, მართლა არ ჰქონდეთ გამარჯვების მიზანი.
წარსულში ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ფსიქოლოგების ჯგუფი ვეხმარებოდით. ასევე მოწვეული ჰყავდათ ერთ-ერთი ბალტიისპირელი პიარსპეციალისტი. მუშაობაში აღმოჩნდა, რომ ის კი წერდა რეკომენდაციებს, მაგრამ პარტია არ ასრულებდა, ასე რომ, ეს გამოვლილი მაქვს. მანამდე ბელარუსში ოპოზიციას ჰყოლია მიწვეული და იმათ საერთოდ უთქვამთ, ხომ დაწერე, აიღე შეპირებული თანხა და ახლა წადი სახლში, რეალიზაცია არ არის აუცილებელიო. მაშინ მისთვის პირდაპირ უთქვამთ, გამარჯვება არ გვინდა, ახლა წყნარად ვართ, პასუხისმგებლობა არაფერზე არა გვაქვს, რად გვინდა გამარჯვებაო. აი, ასეთი ლოგიკაც არსებობს.
- ანუ ფიქრობთ, რომ ჩვენს ოპოზიციას გამარჯვება და პასუხისმგებლობის აღება არ სურს?
- არა, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი გაბედული ფიქრები მქონდეს. უბრალოდ, ეს არის ვერსია, რადგან ასეთი პოზიციაც არსებობს და მელაშვილის ნათქვამიც იმიტომ მოვიყვანე, რომ არ არის გამორიცხული, ფიქრი, რომ ოპოზიციას გამარჯვება არ სურს.
რატომ არის ბელარუსი ტიპური? იმიტომ, რომ ლუკაშენკოს დიდი ხანია ძალიან მყარი რეიტინგი აქვს, რასაც ვერაფერი მოუხერხეს. როცა იციან, რომ ძნელია ბრძოლა, რატომ უნდა შეაკლან თავი? იქნებიან მეორე ეშელონში, დაუცდიან მმართველი პოლიტიკური ძალის დასუსტებას და შეუტევენ. მგონი, ანალოგიური მდგომარეობაა აქაც, მით უმეტეს, ბელარუსის ოპოზიციას არ ჰქონდა ის, რაც ქართულ ოპოზიციას ტვირთად აწევს. ქართულ ოპოზიციას ფეხზე დაკიდებული გირებივით ქვემოთ ექაჩება "ნაციონალური მოძრაობის" განვლილი 9 წელიწადი. ამიტომაა, რომ ვერც ერთ არჩევნებში ვერ იმარჯვებენ, რადგან ამ ხალხის ხელისუფლებასთან მიშვება მოსახლეობას არ უნდა. ამიტომ, როდესაც ოპოზიციამ იცის, რომ ასეთ პირობებში არიან, კი, დაიმუქრებიან, გადავატრიალებთ-გადმოვატრიალებთო, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცისგან სახსრები ხომ უნდა მიიღონ? ან მოსახლეობის საკმარისი მხარდაჭერა, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება აიღონ.
- პატარა პარტიები გასაგებია, მაგრამ იმ ოთხ ძირითად ოპოზიციურ ძალასაც მხოლოდ დაფინანსების თუ ბარიერის გადალახვის ინტერესი აქვს?
- შევკრიბოთ და ვნახოთ, რამდენი აქვთ რეიტინგი და რის მიღებას შეძლებენ. აშშ-ში 2-3%-იანი განსხვავებაა ტრამპსა და ჰარისს შორის და ისინიც კი ვერ ამბობენ, გავიმარჯვებთო. აქ კი ოპოზიციას რისი იმედი უნდა ჰქონდეს? საჯაროდ კი ამბობენ, გავიმარჯვებთო, მაგრამ ამ პარტიებში 2-3 კაცს მაინც ხომ აქვს საღი აზრი? მოსახლეობას რომ აქვს, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ამიტომ არის სააკაშვილი რომ გაიძახის, ყველამ სია ისე შეადგინეთ, რომ მერე არავინ გადავიდეს "ოცნების" მხარესო. ადრე თქვეს, ხელი მოვაწეროთ, რომ "ოცნების" მხარეს არავინ გადავალთო. ე.ი. უკვე მიაჩნიათ, რომ "ოცნება" გაიმარჯვებს და ოპოზიციის ხმები დასჭირდება - თუ გაიმარჯვებს არაკონსტიტუციური სტატუსით, მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად, თუ ხმები დასჭირდება, ოპოზიცია რომ არ დათანხმდეს.
- არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. საკითხი დგას, თუ ვინ შეუქმნის "ოცნებას" მთავრობას, ხელი მოაწერეს, რომ "ოცნებასთან" კოალიციაში არ შევლენ.
- ანუ ბარიერგადალახულებში შეურიგებელი ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობაა" ხომ? კიდევ ვინ არის შეურიგებელი?
- ყველა ამას ამბობს. იგივე "ლელო", გახარიაც კი.
- და დარწმუნებული ხართ, რომ "ლელო" შეურიგებელი ოპოზიციაა? ან გახარია? დავაკვირდეთ გახარიას მოქმედებებს. მას არ უნდა გაახაროს არც ერთი და არც მეორე, მაგრამ "ოცნებასთან" კოალიციაში მონაწილეობა თუ არ მიიღო, ამით ხომ "ნაციონალებს" გაახარებს?
- ანუ ფიქრობთ, რომ საქმე პოლიტიკურ კრიზისამდე მივა და ეს მაინცდამაინც "ნაციონალებს" აწყობთ?
- "ოცნებას" დასჭირდა კოალიცია და გახარიამ არ შეუკრა - საქმე აქამდე მივა. მაგრამ ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნება, მაშინ მოხდება ის, რაც პრეზიდენტის ბოლო არჩევნების დროს მოხდა.
- მაშინ "ნაციონალებს" ეს რატომ გაახარებს? და მეორე, - ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნება, საზოგადოებაზე არ იმოქმედებს ის, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო გამარჯვება და არჩევანი უფრო სამართლიანად გაკეთდება?
- სალომე ზურაბიშვილის არჩევის პირველ ტურში ვერ შეძლეს მობილიზაცია და საზოგადოებამ რა დასკვნა გააკეთა, ეს ხელისუფლება უსუსურიაო?
- ჯერ ერთი, პრეზიდენტის არჩევნები განსხვავდება პარლამენტის არჩევნებისგან. მეორე, - მაშინ "ოცნება" მხოლოდ მეორე ვადით იყო არჩეული და სხვა ვითარებაც იყო. რაც მთავარია, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ორ კონკრეტულ კანდიდატს შორის. ახლა არჩევანი ბევრია და რაც მთავარია, სხვა ტიპის არჩევნებია.
- არ არის ბევრი, ზუსტად იგივე არჩევანია. მაგალითად, "ნაციონალები" და გვარამია რამ გაყო? ან "ლელო" რით განსხვავდება მათგან? ხალხი ყველაფერს უყურებს. ისევე, როგორც "ლელო", გვარამიაც, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიით არის თავისთვის წამგებიანი. ამიტომ, რატომ უნდა დავუშვათ, რომ ხელმეორე არჩევნების დროს, პირიქით, ხელისუფლების მხარდამჭერების უფრო მეტი მობილიზაცია არ მოხდება, ისევე როგორც პრეზიდენტის არჩევისას.
- ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას დავუბრუნდეთ. რატომ არ უნდა სურდეს გამარჯვება და რამდენად შეიძლება მდორე საარჩევნო კამპანია ამით იყოს განპირობებული? თუ არ იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ?
- მეეჭვება, ცოდნის პრობლემა ჰქონდეთ. ერთი რამ უდავოა - "ნაცმოძრაობას" კონსულტანტებთან ურთიერთობა არ უჭირს. ლობისტების მთელი არმია დაიქირავა მილიონებად და კონსულტანტებსაც დაიქირავებდა. ისინიც ასწავლიდნენ, როგორ მოიქცნენ. მაგრამ რეალურია, რომ გაიმარჯვებენ? თუკი პარტიას ექნება იმის განცდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, ასეთი პარტია ოდესმე რევოლუციას ახსენებდა? ე.ი. იცის, რომ არჩევნებით გამარჯვებამდე მიმსვლელი არ არის და ამიტომ ლაპარაკობს რევოლუციაზე.
- პირდაპირ რევოლუციაზე არ ლაპარაკობენ. თანაც ამბობენ, რომ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს და ამასთან შეგუებას არ აპირებენ.
- თქმით ყოველთვის შეიძლება დაბრალება იმისა, რომ გააყალბებენ არჩევნებს. კი ბატონო, დაიდოს ამის საბუთები და ამაზე მერე ვილაპარაკოთ.
2020 წელსაც ხომ გაიძახოდნენ, გაყალბდა არჩევნებიო, მაგრამ ვერ დადეს ვერაფერი და ამიტომ არ აჰყვა საზოგადოება.
- მაშინ ახლა რატომ აჰყვებიან? თუ მხარდამჭერი არა ჰყავს და ხელისუფლებამ არ გააყალბა და ისე მოიგო, მაშინ რისი იმედი აქვთ?
- გადავიდეთ უფრო ადრეულ პერიოდზე. 2003 წელს ოპოზიციის მხარდამჭერი რამდენი იყო?
- 2003 წელს ოპოზიციას მხარდამჭერი არ ჰყავდა და თუნდაც აჭარიდან 120%-იანი შედეგები არჩევნების გაყალბების გარეშე ჩამოვიდა?
- 30 ათასი მხარდამჭერი ეყო რევოლუციას. რუსეთში 1917 წელს რომ რევოლუცია იყო, ბოლშევიკები რომ მოვიდნენ, მათი მხარდამჭერი ბევრი იყო? რა თქმა უნდა, არა. რევოლუციის სპეციფიკაც ეგაა - თუკი აქტიური ადამიანების ერთობა შეგროვდა, მათ შეიძლება რევოლუცია მოაწყონ. სულ არ არის აუცილებელი მთელი ერი იყოს ჩართული. ამიტომ არის, რომ მსოფლიო არჩევნების რეჟიმზე გადავიდა, რადგან ხელისუფლების ასეთი დაჯგუფებებით გადაგდება არ გამოხატავს უმრავლესობის აზრს. ამიტომ შემოიღეს არჩევნები, რომ პროცესი მიდის პროცედურულად, ტარდება გაწერილი გამოკითხვა საიმისოდ, რომ ყველას ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. აი, თუკი ასეთი პირობითი "ყველას" მხარდაჭერა არა აქვს, პარტია არ იქნება არჩევნების მსურველი. ამიტომ ვამბობ, რომ იციან თავიანთი ამბავი და სრულიად ლოგიკური მგონია მათი მისწრაფება, რომ რევოლუცია მოახდინონ. არჩევნებით მომსვლელი ეგენი არ არიან, ამიტომ უნდათ რევოლუცია.
რუსა მაჩაიძე